აშშ IBM-სა და კვანტური გამოთვლის სხვა ფირმებში $2 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს

აშშ IBM-სა და კვანტური გამოთვლის სხვა ფირმებში $2 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს

ფოტო: Getty Images

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კვანტური გამოთვლების ცხრა კომპანიაში $2 მილიარდის ღირებულების წილს შეიძენს. მათ შორის იქნება IBM-ის ახალი საწარმოც, რათა უზრუნველყოს აშშ-ის ლიდერობა განვითარებად ტექნოლოგიებში და გაზარდოს ჩინეთთან კონკურენცია.

ეს ნაბიჯი ნათლად აჩვენებს კვანტური კომპიუტერული ტექნოლოგიების მზარდ მნიშვნელობას, სადაც ბოლოდროინდელმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა გააღრმავა ინვესტორების ინტერესი მისი პოტენციალის მიმართ, დააჩქაროს პროცესები – დაწყებული წამლების აღმოჩენით, დამთავრებული ფინანსური მოდელირებითა და კრიპტოგრაფიით.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ IBM კვანტური ჩიპების წარმოებისთვის კომპანიის დასაარსებლად $1 მილიარდს მიიღებს, ხოლო კონტრაქტორი ჩიპების მწარმოებელი GlobalFoundries-ი აშშ-ში ქარხნის ასაშენებლად $375 მილიონს მიიღებს, რომელიც სხვადასხვა ტიპის კვანტური მანქანებისთვის კომპონენტებს აწარმოებს.

IBM-მა განაცხადა, რომ ახალი კომპანია, Anderon-ი, დაფუძნდება ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ნიუ-ალბანიში და გახდება ამერიკის პირველი სპეციალიზებული კვანტური ჩიპების წარმოების ობიექტი. თუმცა კომპანიამ არ გაამჟღავნა მთავრობის წილი აღნიშნულ ახალ კომპანიაში.

IBM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არვინდ კრიშნამ, Reuters-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ახალი ფირმა ჩიპების დამზადების ტექნოლოგიას გარე მომხმარებლებს შესთავაზებს და უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ კლიენტებთან. „ისინი მიიღებენ ზუსტად იმავე შესაძლებლობებს, რაც ჩვენ გვაქვს“, – თქვა კრიშნამ.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის თანახმად, კვანტური გამოთვლების სხვა ფირმები, მათ შორის D-Wave-ი, Rigetti Computing-ი და Infleqtion-ი, დაახლოებით $100-100 მილიონს მიიღებენ. Diraq-ი კი უფრო მძლავრი სისტემების შემაფერხებელი ძირითადი ტექნიკური დაბრკოლებების გადასაჭრელად $38 მილიონს მიიღებს.

სიახლის გავრცელების შემდეგ გარიგებაში მონაწილე კომპანიების აქციები 6%-დან 31%-მდე გაიზარდა.

ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი CHIPS-ისა და მეცნიერების აქტით გათვალისწინებული სტიმულებიდან მიღებული დაფინანსება უახლესი მაგალითია იმისა, თუ როგორ იღებს ვაშინგტონი სააქციო პოზიციებს სტრატეგიულ ინდუსტრიებში მიწოდების ჯაჭვების გასაძლიერებლად და ჩინეთთან კონკურენციის გაზრდის მიზნით.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.