ტრილიონიანი IPO-ების წელი | რას ელიან ინვესტორები?

ტრილიონიანი IPO-ების წელი | რას ელიან ინვესტორები?

მიმდინარე წელს ამერიკის საფონდო ბირჟაზე რამდენიმე მსხვილი IPO იგეგმება, რასაც ინვესტორები უკვე დიდი ხანია, ელიან. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ძირითად ინფორმაციას, რაც უნდა იცოდეთ მოახლოებული მსხვილი IPO-ების შესახებ.

IPO, ანუ Initial Public Offering (პირველადი საჯარო შეთავაზება) – არის მომენტი, როდესაც კერძო კომპანია პირველად ყიდის თავის აქციებს საჯაროდ, ყველასთვის ხელმისაწვდომ საფონდო ბირჟაზე. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანია „გაიხსნება“ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც მისი გარკვეული წილის ყიდვას შეძლებენ. IPO-ს საშუალებით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ ინდივიდუალურ ინვესტორს შესაძლებლობა აქვს საფონდო ბირჟაზე „დალისტული“ კომპანიის აქციონერი გახდეს.

ძირითად შემთხვევაში IPO-ს განხორციელების მიზნობრიობა დამატებითი ინვესტიციის მოზიდვას ემსახურება, როცა კომპანიას სურს, ინსტიტუციური ინვესტორების გარდა, საკუთარი წილი საცალო ინვესტორებსაც შესთავაზოს.

SpaceX

მთელი მსოფლიოს ფინანსური საზოგადოება ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის SpaceX-ის IPO-ს მოლოდინშია. კომპანიამ 2026 წლის 20 მაისს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიაში (SEC) პროსპექტუსი ოფიციალურად წარადგინა და დაადასტურა, რომ Nasdaq-ზე SPCX-ის სახელით „დაილისტება“.  კოსმოსური კომპანიის სავარაუდო შეფასება $1.75–$2 ტრილიონს შეადგენს, რითაც ის 2020 წელს განხორციელებული „ლისტინგის“, Saudi Aramco-ს ისტორიულ IPO-ს რეკორდს გადააჭარბებს.

SpaceX-ის მიერ IPO-ს დოკუმენტაციის მომზადებაში 20-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი, მათ შორის Goldman Sachs-ი, Morgan Stanley, Citigroup-ი და JP Morgan-ი იყო ჩართული.

2025 წელს SpaceX-ის შემოსავალმა $18.7 მილიარდი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 33%-ით მეტია. თუმცა კომპანიამ ამავე პერიოდში $4.94-მილიარდიანი ზარალი განიცადა — ძირითადად ხელოვნური ინტელექტის (xAI) ინფრასტრუქტურისა და Starship-ის განვითარებაში ჩადებული თანხების გამო.

კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო Starlink-ის ბიზნესია, სატელიტური ინტერნეტსერვისი, რომელსაც 2025 წლის ბოლოსთვის 7-8 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა და რომელიც პირველი მოგებიანი სეგმენტია კომპანიაში. ანალიტიკოსთა მოლოდინით, IPO მიმდინარე წლის ივნისში განხორციელდება.

Anthropic

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ბოლო პერიოდის განმავლობაში ინდუსტრიაში დომინაციის მქონე Claude-ის მფლობელი კომპანია, Anthropic-ი IPO-ს ასევე მიმდინარე წელს გეგმავს. ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის მფლობელი კომპანია შესაბამის განაცხადს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების კომისიაში უახლოეს კვირებში წარადგენს. ანალიტიკოსები ელიან, რომ მარეგულირებლისგან მწვანე შუქის შემთხვევაში, Anthropic-ის IPO მიმდინარე წლის ოქტომბერში განხორციელდება.

ინვესტორთა პერსპექტივიდან, Anthropic-ის ზრდის ტემპი უნიკალურია, რადგან 2025 წლის მარტში $61.5-მილიარდიანი შეფასებიდან, კომპანიის შეფასება 2025 წლის სექტემბერში $183 მილიარდამდე გაიზარდა. 2026 წლის თებერვალში ეს რიცხვი $380 მილიარდს შეადგენდა, ამჟამად კი მოლაპარაკება $900-მილიარდიან შეფასებაზე მიმდინარეობს. შესაბამისად, კომპანიის ღირებულება ინვესტორთათვის ერთ წელიწადში თითქმის 15-ჯერ გაიზარდა.

Anthropic-ის შემოსავალმა 2026 წლის პირველ კვარტალში $4.8 მილიარდი შეადგინა. მთელი წლის განმავლობაში კომპანია $50 მილიარდის მოცულობის შემოსავალს პროგნოზირებს.

ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიით დაინტერესებული ინდივიდუალური თუ ინსტიტუციური ინვესტორებისათვის, საფონდო ბირჟაზე Anthropic-ის აქციებით ვაჭრობა ერთ-ერთი სასურველი ოფციაა.

OpenAI

თუმცა Anthropic-ი ერთადერთი AI-კომპანია არ არის, რომელიც წელს საფონდო ბირჟაზე აქციების საჯაროდ განთავსებას გეგმავს. ერთ-ერთი ყველაზე პირველი და ცნობილი ხელოვნური ინტელექტის ასისტენტის, ChatGPT-ის მფლობელი OpenAI აქციების საჯაროდ განთავსებისთვის საჭირო განაცხადის გასაკეთებლად უკვე ემზადება და ამ გადაწყვეტილებას კომპანია უახლოეს კვირებში მიიღებს.

OpenAI-ის აქციონერები ისეთი კომპანიები არიან, როგორებიცაა Microsoft-ი და SoftBank-ი. ხელოვნური ინტელექტის კომპანიის ამჟამინდელი შეფასება კი $850 მილიარდის ფარგლებშია. 2025 წელს კომპანიის შემოსავალმა $20 მილიარდი შეადგინა. თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, კომპანიას მოგებაზე გასვლისაგან კიდევ რამდენიმე წელი აშორებს. 2025 წელს კომპანიამ შემოსავლები 233%-ით გაზარდა, თუმცა AI-ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიასთან დაკავშირებული ხარჯების გამო, ყოველ გამომუშავებულ დოლარზე, $1.22 დაკარგა. ანალიტიკოსთა პროგნოზით, კომპანია 2026 წელს $16 მილიარდს იზარალებს.

შესაბამისად, აქციების საჯაროდ განთავსება კომპანიას დიდი ფინანსების მოზიდვაში დაეხმარება. განსაკუთრებით იმ პოპულარობის ფონზე, რაც AI-კომპანიას ფართო საზოგადოებაში აქვს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.