Micron-ის აღმასრულებელი დირექტორი მილიარდერი გახდა

Micron-ის აღმასრულებელი დირექტორი მილიარდერი გახდა

ფოტო: AFP via Getty Images

 

სანჯაი მეჰროტრა, Micron Technology-ის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც აიდაჰოს შტატში, ბოისში დაფუძნებული მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული ზრდის შედეგად, Forbes-ის შეფასებით, მეჰროტრას ქონების ღირებულება $1.2 მილიარდამდე გაიზარდა.

67 წლის მეჰროტრა Micron-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. იგი კომპანიას SanDisk-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ შეუერთდა. ეს უკანასკნელი ფლეშ-მეხსიერების ბარათების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც Western Digital-მა 2016 წელს დაახლოებით $16 მილიარდად შეიძინა.

საფონდო ბირჟაზე Micron-ის აქციების ფასი წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში კომპანიის აქციათა ფასი 194%-ით, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში 863%-ით გაიზარდა. ეს კი ხელოვნური ინტელექტის კომპანიების სერვერებში გამოყენებული მეხსიერების ბარათებზე მოთხოვნის მკვეთრად ზრდის შედეგია.

Micron-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად დაახლოებით $1 ტრილიონს შეადგენს, რაც მას მესამე ყველაზე მსხვილ მეხსიერების ჩიპების მწარმოებლად აქცევს. ბოლოდროინდელი ზრდის შედეგად, Micron-ი „ტრილიონიანი კომპანიების კლუბს“ შეუერთდა.

ცნობისთვის, იმ დროს, როდესაც სანჯაი მეჰროტრა Micron-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, კომპანიის აქციათა ფასი $30-ის ფარგლებში იყო. ახლა კი Nasdaq-ზე ის $928-ად ივაჭრება. მეჰროტრას ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანიის აქციათა ფასი თითქმის 3,000%-ით გაიზარდა. მისი ქონების ზრდა კი საკომპენსაციო პაკეტში მისთვის გადაცემული აქციების დამსახურებაა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.