ფოტო: Getty Images
ინვესტორებთან შეხვედრების სერიის დაწყებამდე, ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი გეგმავს, აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისას (IPO) კომპანიის თითო აქციის ფასი $135-ად განსაზღვროს. შედეგად, კომპანია IPO-ზე $75 მილიარდს მოიზიდავს, რაც მას ისტორიაში საფონდო ბირჟაზე უმსხვილეს საჯარო განთავსებად აქცევს. ამის შესახებ Reuters-ი საკითხთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
Reuters-ის ინფორმაციით, ილონ მასკის კომპანია IPO-ზე ჯამში 555.6 მილიონი აქციის გაყიდვას აპირებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ორი ინსაიდერული წყაროს თქმით, SpaceX-ი აქციების საჯაროდ დალისტვისას $1.75-ტრილიონიანი ღირებულების მიღწევას უმიზნებს.
ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში SpaceX-ი საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს შედეგს გააუმჯობესებს. ამ უკანასკნელმა აქციები საჯაროდ 2019 წელს, $1.7-ტრილიონიანი საერთო ღირებულებით განათავსა და ერ-რიადის საფონდო ბირჟაზე განთავსებისას $25.6 მილიარდი მოიზიდა.
SpaceX-ის პრეზენტაციების სერია ხუთშაბათს იწყება. მანამდე კომპანიამ ინვესტორებთან წინასწარი, ნიადაგის მოსასინჯი შეხვედრები გამართა. თუმცა, წყაროების გაფრთხილებით, გეგმები და მათ შორის IPO-ს მოცულობა, შესაძლოა, ინვესტორებთან შეხვედრების პროცესში შეიცვალოს.
ცნობისთვის, SpaceX-ის გარდა, IPO-სთვის მიმდინარე წელს კიდევ რამდენიმე მსხვილი კომპანია ემზადება. მათ შორის, SpaceX-ის კვალდაკვალ, საფონდო ბირჟებზე აქციების საჯაროდ განთავსებაზე ოფიციალური განაცხადი წარადგინეს OpenAI-მ და Anthropic-მა.
დაუდასტურებელი ცნობებით, საფონდო ბირჟაზე დებიუტისას სემ ალტმანის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი $60 მილიარდის მოზიდვას გეგმავს. SpaceX-ი, OpenAI და Anthropic-ი ერთად საჯარო ბაზრებს თითქმის 4 ტრილიონ დოლარამდე საბაზრო კაპიტალიზაციას შემატებენ.














