m² გაიყიდა - ვინ არიან კომპანიის ახალი მფლობელები?

m² გაიყიდა - ვინ არიან კომპანიის ახალი მფლობელები?

საინვესტიციო კომპანია Georgia Capital-ის ცნობით, 2026 წლის 5 ივნისს კომპანიამ თავის პორტფელში შემავალი დეველოპერული კომპანია m² გაასხვისა. შპს მ2 ჯგუფის ახალი მფლობელი 2026 წლის 23 აპრილს რეგისტრირებული კომპანია შპს თრასთ ჰოლდინგი გახდა.

თრასთ ჰოლდინგის მფლობელები კი, თავის მხრივ, ლაშა კვაჭაძე (70% წილი) და დიმიტრი ადამია (30% წილი, კომპანიის დირექტორი) არიან.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, მხარეებმა წილის ნასყიდობასთან დაკავშირებული ჩარჩო ხელშეკრულება მიმდინარე წლის 5 მაისს გააფორმეს და მის ძირითად პირობებზე კონფიდენციალურობა შეათანხმეს, შესაბამისად, აღნიშნული გარიგების ღირებულება კომერციულ საიდუმლოდ რჩება.

თავის მხრივ, დიმიტრი ადამია წილებს ფლობს სხვადასხვა დეველოპერულ კომპანიაში, მათ შორის დეველოპერული კომპანია არქის რამდენიმე პროექტში (ვარკეთილი, თამარაშვილი, გურამიშვილი და სხვა). დეველოპერულ ბიზნესებში წილებს ლაშა კვაჭაძეც ფლობს, მათ შორის დეველოპერულ კომპანია ბლოქსიში.

Georgia Capital-ის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი საინვესტიციო კომპანიის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რაც არაპროფილური კომპანიების პორტფელიდან დივესტიციას გულისხმობს.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბიზნესმა (m²) საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ერთ-ერთ წამყვან პლატფორმად დაიმკვიდრა თავი, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის დეველოპერულ პროექტებსა და კომფორტულ საცხოვრებელს სთავაზობს. საქართველოს ეკონომიკური ზრდა სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის მნიშვნელოვანი წყაროების ჩამოყალიბებას და განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ მიმდინარე საერთაშორისო ინტერესთან ერთად, კორპორაციულ გარიგებებში ადგილობრივი ინვესტორების მზარდ ჩართულობას ვხედავ“, — განაცხადა საკითხზე კომენტირებისას Georgia Capital-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი