32 ბიტკოინის გაყიდვის შემდეგ, Strategy-მ $101 მილიონის ღირებულების BTC შეიძინა

32 ბიტკოინის გაყიდვის შემდეგ, Strategy-მ $101 მილიონის ღირებულების BTC შეიძინა

ფოტო: Getty Images for Bitcoin Magazine

ბიტკოინის მსოფლიოში უმსხვილესმა ინსტიტუციურმა მფლობელმა, Strategy-მ, გასულ კვირას დამატებით 1,550 ბიტკოინი შეიძინა, რომელთა საერთო ღირებულებაც $101.3 მილიონს შეადგენდა. კომპანიის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის დროისათვის ერთ ბიტკოინზე საშუალო ფასი $65,332 იყო.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ტრანზაქცია $181 მილიონის ღირებულების აქციების გაყიდვით დააფინანსა.

შესყიდვა მას შემდეგ განხორციელდა, რაც დაახლოებით ერთი კვირის წინ Strategy-მ რეზერვებიდან ბიტკოინის გაყიდვის შესახებ განაცხადა. კომპანიამ 32 ბიტკოინი დაახლოებით $2.5 მილიონად გაყიდა, რათა აქციონერებისთვის დივიდენდები გადაეხადა. ეს იყო კომპანიის მხოლოდ მეორე მსგავსი ტრანზაქცია და პირველი 2022 წლის დეკემბრის შემდეგ.

აღნიშნულმა მოქმედებამ კრიპტოვალუტების ბაზარზე ნეგატიური განწყობა გააძლიერა. ბიტკოინის ფასი დროებით $60,000-ს ქვემოთ დაეცა, რაც 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა. თუმცა ორშაბათს კრიპტოვალუტამ აღდგენა შეძლო და მისი ღირებულება $63,926-მდე გაიზარდა, რაც პარასკევის მინიმალურ ნიშნულთან შედარებით დაახლოებით 8%-იან მატებას ნიშნავს.

კომპანიის აქციები ორშაბათის სავაჭრო დღის დასაწყისში 3.8%-ით გაიზარდა, თუმცა ბოლო ერთ თვეში მათი ღირებულება 33%-ზე მეტით არის შემცირებული.

Strategy-ის ბალანსზე ამჟამად 845,256 ბიტკოინია, რომელთა საბაზრო ღირებულება დაახლოებით $63.9 მილიარდს შეადგენს. კომპანიის მონაცემებით, თითო ბიტკოინის საშუალო ღირებულება მის პორტფელში დაახლოებით $75,680-ია.

კრიპტობაზარზე ზეწოლა სხვა აქტივებზეც აისახა. Cardano-ს ტოკენის, ADA-ს ფასი ორშაბათს $0.16-მდე დაეცა, რაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ბოლო ერთ კვირაში ტოკენის ფასი 26%-ზე მეტით შემცირდა, რასაც Cardano-ს მთავარი ყოველწლიური სამიტის გაუქმებაც დაემატა.

ანალიტიკოსების შეფასებით, კრიპტობაზარზე არსებული პესიმიზმი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ბიტკოინის ETF-ებზე მოთხოვნის შემცირებამ და საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინის შესუსტებამ. გასულ კვირას გამოქვეყნებულმა აშშ-ის შრომის ბაზრის ძლიერმა მონაცემებმაც გაზარდა მოლოდინი, რომ ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს, რაც რისკიან აქტივებზე, მათ შორის კრიპტოვალუტებზე, ზეწოლას აძლიერებს.

მაიკლ სეილორი აღნიშნული კომპანია MicroStrategy-ის სახელწოდებით 1989 წელს დააარსა. მისი ქონება ამჟამად ამერიკული Forbes-ის მიერ დაახლოებით $3.8 მილიარდად არის შეფასებული. სეილორმა ბოლო წლებში კომპანია ბიტკოინზე ორიენტირებულ საინვესტიციო სტრატეგიაზე გადაიყვანა, რის შედეგადაც Strategy მსოფლიოში ბიტკოინის უმსხვილეს კორპორაციულ მფლობელად ჩამოყალიბდა.