IATA: 2026 წელს ავიაკომპანიების მოგება 50%-ით შემცირდება

IATA: 2026 წელს ავიაკომპანიების მოგება 50%-ით შემცირდება

ფოტო: jetaviation.com

გლობალური ავიაკომპანიები 2026 წელს რეაქტიულ საწვავზე დაახლოებით $100 მილიარდით მეტს დახარჯავენ, ვიდრე გასულ წელს, რაც სექტორის მოგებიანობაზე მნიშვნელოვან ზეწოლას ახდენს და ბილეთების გაძვირების რისკს ზრდის. ამის შესახებ ავიატრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა, უილი უელშმა, ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა.

მისი თქმით, რეაქტიული საწვავის ფასის წლიურად 70%-იანი ზრდის შედეგად, ავიაკომპანიების წმინდა მოგება 2026 წელს თითქმის განახევრდება და $45 მილიარდიდან $23 მილიარდამდე შემცირდება.

Deloitte-ის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საწვავის ფასების არასტაბილურობა და ინფლაციური ზეწოლა გლობალური ავიაკომპანიების ხელმძღვანელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რისკებად რჩება.

ანალიტიკოსების შეფასებით, სექტორის პერსპექტივა მნიშვნელოვნად გაუარესდა. თუ 2026 წელი ძლიერი ზრდის მოლოდინით დაიწყო, წლის შუა პერიოდისთვის ეს ოპტიმიზმი პრაქტიკულად გაქრა. ამ ფონზე, სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა გლობალური ავიაინდუსტრიის პროგნოზი „გაუარესებით“ შეცვალა.

საწვავის მაღალი ფასების ხანგრძლივად შენარჩუნებას ელიან თავად ავიაკომპანიებიც. United Airlines-ი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი 2027 წლის ბოლომდე ბარელზე $100-ზე მაღალი დარჩება. ამავე დროს, Air New Zealand-ი აცხადებს, რომ გაზრდილი ხარჯების 25%-40%-ის დაბალანსებას საწვავის ჰეჯირებითა და ტარიფების ზრდით ახერხებს.

„ნავთობის მაღალი ფასი გარდაუვლად ნიშნავს ავიაბილეთების გაძვირებას“, განაცხადა უოლშმა და დასძინა, რომ ავიაკომპანიების მოგების მარჟები უკვე უკიდურესად მცირეა.

მისი თქმით, მგზავრთა მოთხოვნა ჯერჯერობით სტაბილურია, თუმცა ბილეთების გაძვირების ფონზე ზრდის ტემპი შენელდება. განსაკუთრებით მოსალოდნელია, რომ ფასების ზრდა პირველ რიგში შორ მანძილზე და პრემიუმკლასის ფრენებს შეეხება.

დამატებით პრობლემას ქმნის თვითმფრინავების მიწოდების შეფერხება. Boeing-ს და Airbus-ს 18,000-ზე მეტი თვითმფრინავის შეკვეთა აქვთ დაგროვილი, რის გამოც ავიაკომპანიებს ძველი და ნაკლებად ეფექტიანი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია უწევთ. ეს კი საწვავისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის.

საწვავის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობაა. ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლით მსოფლიოს ნავთობპროდუქტების დაახლოებით 20% გადაადგილდება, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოდან დახურულია. მართალია, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უახლოვდებიან, ენერგეტიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას და ბაზრის ნორმალიზებას საუკეთესო შემთხვევაშიც კი ექვსიდან რვა თვემდე დასჭირდება.

შედეგად, ავიაკომპანიები ემზადებიან იმ სცენარისთვის, რომელშიც საწვავის მაღალი ფასები კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო მგზავრებისთვის ეს, სავარაუდოდ, გაძვირებულ ავიაბილეთებში აისახება.