ფოტო: Reuters
ორშაბათს, ASML-ის აქციების ღირებულება 2.3%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ნიდერლანდური ჰოლდინგის საბაზრო კაპიტალიზაციამ ევროპის რეგიონისთვის რეკორდულ $674 მილიარდს მიაღწია. ამ მაჩვენებლით ASML-მა მოხსნა რეკორდი, რომელიც დანიურმა ფარმაცევტულმა კომპანია Novo Nordisk A/S-მა 2024 წლის ივნისში ($604 მილიარდი) დაამყარა.
ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში 1984 წელს დაფუძნებული ფირმა ინტეგრირებული სქემების (ჩიპების) წარმოებისთვის აუცილებელი ფოტოლითოგრაფიული აპარატების შემუშავებასა და წარმოებაშია სპეციალიზებული.
Companies Market Cap-ის განახლებული მონაცემებით, ASML Holding NV-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $685 მილიარდამდეა გაზრდილი. ხოლო, საერთო ჯამში, ASML Holding NV-ის აქციების ფასმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან 60%-იანი მატება დააფიქსირა, რაც ინვესტორების მხრიდან ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების განვითარების მიმართულებით მაღალი ინტერესის დამსახურებაა.
ASML-ის აქციების ღირებულების ბოლო ზრდა ანალიტიკოსთა პოზიტიურ შეფასებებს უკავშირდება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კომპანიას აქვს რესურსი და შესაძლებლობა, დროულად მიაწოდოს მოწინავე ტექნოლოგიური ხელსაწყოები ისეთ მნიშვნელოვან კლიენტებს, როგორებიც არიან Taiwan Semiconductor Manufacturing-ი (TSMC) და Samsung Electronics-ი.
ცნობისთვის, ნიდერლანდური ASML-ი საბაზრო კაპიტალიზაციით ევროპის უმსხვილესი კომპანია ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გახდა. მაშინ ფირმის საბაზრო ღირებულებამ $322 მილიარდს მიაღწია, რითაც პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელ SAP SE-ს გადაასწრო. თუმცა მას შემდეგ ASML-მა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა და ახლა მისი საბაზრო კაპიტალიზაცია რეიტინგში მომდევნო ორ ადგილზე მყოფი გიგანტების — HSBC Holdings Plc-ისა ($306 მილიარდი) და Roche Holding AG-ის ($326 მილიარდი) — კოლექტიურ ღირებულებას აჭარბებს.














