ფოტო: Getty Images
ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა 2026 წლისთვის იაპონიის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა. გასული წლის სიასთან შედარებით, წელს, Forbes-ის შეფასებით, იაპონიის ორმოცდაათი უმდიდრესი ადამიანის კოლექტიური ქონება 29%-ით, $294 მილიარდამდეა გაზრდილი. ეს მატება ძირითადად AI-ბუმის შედეგად საფონდო ბირჟის ძლიერი ზრდის გამოვლინებაა, რაც Nikkei 225-ის 70%-იან მატებაშიც აისახა. თუმცა შედეგებზე, ნაწილობრივ უარყოფითად, იენის გაუფასურებამაც იმოქმედა.
საერთო ჯამში, Forbes-ის განახლებულ რეიტინგში, გასულ წელთან შედარებით, 14 მილიარდერის ქონებაა გაზრდილი — მათგან ყველაზე დიდი მატება კი SoftBank-ის CEO-ზე, მასაიოში სონზე მოდის. სონის ქონება $51.8 მილიარდით, შესაბამისად, 184%-ით გაიზარდა და $80 მილიარდს აღწევს. ეს, გასული წლის სიასთან შედარებით, წლევანდელ რეიტინგში ყველაზე მაღალი პროცენტული და აბსოლუტური ზრდაა. შედეგად, ოთხი წლის შემდეგ იაპონური კონგლომერატის CEO კვლავ Forbes-ის ყოველწლიური რეიტინგის სათავეში დაბრუნდა.
სონის ქონების მკვეთრი ზრდა SoftBank Group-ის რეკორდული ფინანსური შედეგების დამსახურებაა. 31 მარტით დასრულებული ფისკალური წლის მონაცემებით, იაპონურმა კონგლომერატმა $31 მილიარდის წმინდა მოგება (¥5 ტრილიონი) დააფიქსირა.
SoftBank-ის რეკორდული შედეგების უკან კი OpenAI-ში კომპანიის მრავალმილიარდიანი ინვესტიციები დგას. კონკრეტულად, გასული წლის დეკემბერში SoftBank-მა $41-მილიარდიანი ინვესტიციით OpenAI-ში თავისი წილი 11%-მდე გაზარდა, ხოლო მოგვიანებით, 2026 წლის იანვარში, დამატებით $30 მილიარდის დაბანდებაც დააანონსა. შედეგად, SoftBank-ის ინფორმაციითვე, ოქტომბრამდე OpenAI-ში იაპონური კომპანიის ინვესტიციები $65 მილიარდამდე, ხოლო საკუთრებაში არსებული წილი 13%-მდე გაიზრდება.
Forbes-ის შეფასებით, იაპონიის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მასაიოში სონს Uniqlo-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტადაში იანაი მოჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელი ბიზნესმენის ქონება გასულ წელთან შედარებით ერთ მესამედზე მეტით, $65 მილიარდამდეა გაზრდილი, ეს იანაისთვის სიაში პირველი ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. იანაის ქონების ზრდა Uniqlo-ს მფლობელი კომპანია Fast Retailing-ის ძლიერი ფინანსური შედეგებით იყო განპირობებული.
გასულ წელთან შედარებით, სამი პოზიციით, მეხუთე პოზიციამდე დაწინაურდა სეკიას ოჯახი. მათი სიმდიდრის წმინდა ღირებულება $4.1 მილიარდით, $9.1 მილიარდამდეა გაზრდილი. მატება სეკიას ოჯახის საკუთრებაში არსებული ჩიპების მწარმოებლის, Disco Corporation-ის აქციების ფასების გაორმაგებას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ AI-თან დაკავშირებულ პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის დამსახურებაა.
Forbes-ის უმდიდრესი იაპონელების 2026 წლის რეიტინგს ექვსი ახალწვეულიც ჰყავს. მათ შორისაა მასაკაზუ იდემიცუ, რომელიც ოჯახთან ახლა $1.15 მილიარდის ქონებას იზიარებს. ირანის ომის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასების მატების გავლენით, იდემიცუს ოჯახის ნავთომგადამმუშავებელმა Idemitsu Kosan-მა პროგნოზირებადზე მაღალი შემოსავალი მიიღო. კომპანიის წმინდა შემოსავალი წლიურ ჭრილში 65%-ით $1.07 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო აქციების ფასმა 48%-ით მოიმატა.
რეიტინგის ახალწვეულთა შორისაა Rorze-ს დამფუძნებელი ფუმიო საკია ($1.15 მილიარდი). საკიას კომპანია, რომლის აქციების ფასიც გასულ წელს გაორმაგდა, ნახევარგამტარებისა და ბრტყელეკრანიანი დისპლეებისთვის აღჭურვილობას აწარმოებს.
იაპონიის ათი უმდიდრესი ადამიანი 2026 წლისთვის:
- მასაიოში სონი: $80 მილიარდი; ფინანსები და ინვესტიციები
- ტადაში იანაი და ოჯახი: $65 მილიარდი; მოდა და საცალო ვაჭრობა
- ტაკემიცუ ტაკიზაკი: $23.6 მილიარდი; წარმოება
- ნობუტადა საჯი და ოჯახი: $9.3 მილიარდი; საკვები და სასმელები
- სეკიას ოჯახი: $9.1 მილიარდი; ტექნოლოგიები
- იასუმიცუ შიგეტა: $6 მილიარდი; ტელეკომუნიკაციები
- ტაკაო იასუდა: $4.7 მილიარდი; მოდა და საცალო ვაჭრობა
- ჰიდეიუკი ბუსუჯიმა და ოჯახი: $4.6 მილიარდი; აზარტული თამაშები და კაზინოები
- ტაკენაკას ოჯახი: $4 მილიარდი; მშენებლობა და საინჟინრო საქმიანობა
- აკირა მორი და ოჯახი: $3.95 მილიარდი; უძრავი ქონება













