X-ის კონკურენტი Threads-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 500 მილიონს მიაღწია

X-ის კონკურენტი Threads-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 500 მილიონს მიაღწია

ფოტო: vehrcommunications.com

Meta-ს სოციალური მედიის პლატფორმა Threads-მა, რომელიც ილონ მასკის X-ის მთავარი კონკურენტია, ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობით 500-მილიონიან ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ მარკ ცუკერბერგის კომპანიამ 16 ივნისს განაცხადა.

Threads-ი 2023 წელს ამოქმედდა და მალევე იქცა ილონ მასკის მიერ შეძენილი ყოფილი Twitter-ის ალტერნატივად. პლატფორმა სწრაფად გაიზარდა და, Forbes-ის ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერში მსოფლიოში მობილურ მოწყობილობებზე ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობით X-საც გადაასწრო.

Meta-ს განმარტებით, მნიშვნელოვანი როლი ზრდაში „Communities“-ის ფუნქციამ ითამაშა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა ინტერესების გარშემო შექმნილ თემატურ ჯგუფებში გაერთიანდნენ და განიხილონ ისეთი საკითხები, როგორებიცაა მაგალითად NBA, წიგნები, ფილმები და სხვა.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ „Communities“ ბეტა-ვერსიას გააუმჯობესებს და დამატებით განახლებებსაც გაუშვებს, მათ შორის ახალ ვიზუალურ ელემენტებს და სპეციალურ ჰაბს, რომელიც მომხმარებლებისთვის მთავარ მენიუში იქნება ხელმისაწვდომი.

Meta უახლოეს პერიოდში ახალ ფუნქციას, „Your Algo“-საც წარადგენს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, თავად განსაზღვრონ, რომელი თემების შესახებ სურთ მეტი ან ნაკლები კონტენტის ნახვა.

Similarweb-ის მონაცემების მიხედვით, Threads-მა X-ს ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობით პირველად 2025 წლის სექტემბერში გადაასწრო. მაშინ Threads-ს საშუალოდ 130.2 მილიონი ყოველდღიური აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, ხოლო X-ს – 130.1 მილიონი. აპრილის მონაცემებით, Threads-ის ყოველდღიური აქტიური აუდიტორია უკვე 135.7 მილიონს შეადგენს, მაშინ როცა X-ის მაჩვენებელი 126.9 მილიონია.

თუმცა, აშშ-ის ბაზარზე X კვლავ ლიდერობს. აპრილში პლატფორმას ყოველდღიურად 21.3 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, ხოლო Threads-ს – 18.3 მილიონი.

ანალიტიკოსების შეფასებით, Threads-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა Meta-ს სხვა პლატფორმებთან, Facebook-სა და Instagram-თან, ინტეგრაციაა. მათივე განმარტებით, Instagram-ის მრავალმილიარდიანი აუდიტორია Meta-ს საშუალებას აძლევს, მომხმარებლები Threads-ზე მარტივად გადაიყვანოს.

Threads-ისა და X-ის კონკურენცია ტექნოლოგიური სამყაროს ორი გავლენიანი ფიგურის, ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის, მრავალწლიან დაპირისპირებასაც უკავშირდება. მათი საჯარო უთანხმოება წლების განმავლობაში არაერთხელ გამწვავდა, მათ შორის Threads-ის გაშვების შემდეგ, როდესაც მილიარდერები UFC-ის ორგანიზებით შესაძლო ბრძოლაზეც კი საუბრობდნენ, თუმცა ეს იდეა რეალობად არ ქცეულა.

Forbes-ის შეფასებით, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება ამჟამად $203.6 მილიარდს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს ანიჭებს. ილონ მასკი კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებაც დაახლოებით $1.4 ტრილიონად არის შეფასებული.