Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა კრიშტიანუ რონალდუ?

კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელია, ვინც მილიარდერი გახდა. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება ამჟამად 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის ამავე დროს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენია, 2025 წელს 300 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო ხელფასიდან, რეკლამებიდან და ბიზნესიდან. ყველაზე მეტი წილი – 200 მილიონი ევრო წელიწადში, არაბული გუნდის „ალ ნასრის“ მიერ გადახდილ ხელფასზე მოდის.
კრიშტიანუ რონალდუ 1985 წლის 5 თებერვალს დაიბადა პორტუგალიის ქალაქ ფუნშალში. მისი სრული სახელი და გვარი კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ არის. რონალდუს დედა სასტუმროში მუშაობდა მზარეულად, ხოლო მამა მუნიციპალურ სამსახურში – მებაღედ. კრიშტიანუ მათი მეოთხე შვილი იყო. შეიძლება ითქვას, ღარიბ ოჯახში დაიბადა. დედამ მოგვიანებით თქვა, რომ კრიშტიანუზე ფეხმძიმობის დროს აბორტზე ფიქრობდა, რადგან სამი შვილი უკვე ჰყავდა და მატერიალურად მათი აღზრდაც უჭირდა.
რონალდუმ ფეხბურთში ვარჯიში 7 წლის ასაკიდან დაიწყო ადგილობრივ კლუბ „ანდორინაში“, სადაც მამამისი გასახდელების მომწესრიგებლად მუშაობდა. 10 წლის ასაკში „ნაციონალში“ გადავიდა, სადაც 2 წელი დაყო და 1997 წლიდან, 12 წლის ასაკში ლისაბონის „სპორტინგის“ ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდა. 2002 წლიდან, 17 წლის ასაკში უკვე „სპორტინგის“ მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. პორტუგალიის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა და 1.1 მლნ დოლარი გამოიმუშავა.
2003 წელს, 18 წლის რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეიძინა 12.2 მლნ გირვანქა სტერლინგად. რონალდუმ მანჩესტერში 6 წელი ითამაშა. პირველ სეზონში წლიური ხელფასი 10 მლნ დოლარი ჰქონდა, ბოლო სეზონში კი 15 მლნ დოლარი. გარდა ხელფასისა, ის უკვე სოლიდურ შემოსავალს იღებდა სხვადასხვა კომპანიის რეკლამებში მონაწილეობით. პირველი მსხვილი კონტრაქტი (25 მლნ დოლარი) „ნაიკმა“ გაუფორმა 2003 წელს. 2006 წლიდან კომპანიებმა რონალდუს სარეკლამო სახედ გამოყენება დაიწყეს, ძირითადად ტანსაცმლის, ჰიგიენური საშუალებებისა და სუნამოების მწარმოებლებმა, ბრენდით – CR7. ყველაზე მეტი შემოსავალი რონალდუს სწორედ ამან მოუტანა, 2006 წლიდან დღემდე – 500 მლნ დოლარზე მეტი.
2008 წელს რონალდუ პირველად გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი, 2009 წელს კი მადრიდის „რეალმა“ შეიძინა 80 მლნ გირვანქა სტერლინგად. კრიშტიანუმ კარიერაში ყველაზე ხანგრძლივად – 9 წლის განმავლობაში – მადრიდის „რეალში“ ითამაშა. საწყის წლებში წლიური ხელფასი 28 მლნ დოლარი ჰქონდა, რაც თანდათან 42 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2016 წელს „ნაიკმა“ $1–მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა სიცოცხლის ბოლომდე.
2018 წელს რონალდუ „იუვენტუსმა“ შეიძინა 100 მლნ ევროდ, რაც კლუბისთვის სარეკორდო თანხა იყო. „იუვენტუსში“ რონალდუ წლიურად 40 მლნ დოლარამდე ხელფასს იღებდა. 2021 წელს რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდა, „იუვენტუსმა“ ტრანსფერში 45 მლნ ევრო მიიღო. კრიშტიანუს წლიური ხელფასი 40 მლნ დოლარამდე შენარჩუნდა.
2022 წელს 37 წლის რონალდუმ კარიერა საუდის არაბეთის კლუბ „ალ ნასრში“ გააგრძელა. კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა და ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა წლიური 200 მლნ ევროს შემოსავლით. 2025 წლის ბოლოს კლუბმა კონტრაქტი კიდევ 2 წლით, 2027 წლამდე გაუხანგრძლივა.
რონალდო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც კარიერაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, ის ბევრჯერ იყო წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი. ის ყველაზე პოპულარული სპორტსმენია. ფეისბუკზე და ინსტაგრამზე პირველ ადგილზეა გამომწერების რაოდენობით, ფეისბუკზე 172 მლნ გამომწერი ჰყავს, ხოლო ინსტაგრამზე 670 მლნ. 2024 წლის 21 აგვისტოს რონალდუმ საკუთარი იუთუბ არხი გახსნა და 90 წუთში მლნ გამომწერზე ავიდა, რაც რეკორდულად სწრაფი დროა. უკვე 81 მლნ გამომწერი ჰყავს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობით, 41 წლის კრიშტიანუ რონალდუ, იმ 3 ფეხბურთელს შორის მოხვდა (მესისთან და მექსიკელ მეკარე ოჩოასთან ერთად), რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის 6 ფინალურ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
