სამომხმარებლო ფასები ევროპაში | რომელი ქვეყნებია ყველაზე ძვირი და იაფი?

სამომხმარებლო ფასები ევროპაში | რომელი ქვეყნებია ყველაზე ძვირი და იაფი?

ფოტო: rte.ie

 

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იმავე პროდუქტების შემცველი სამომხმარებლო კალათის ღირებულება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. Eurostat-ის მონაცემებით, ევროკავშირის ფარგლებში ყველაზე ძვირი ქვეყანა ლუქსემბურგია, ხოლო ყველაზე იაფი – რუმინეთი. თუ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრებსაც გავითვალისწინებთ, ყველაზე ძვირი ქვეყანა ისლანდიაა, ხოლო ყველაზე იაფი – ჩრდილოეთი მაკედონია.

Eurostat-ი ქვეყნების ფასების დონეს სპეციალური ინდექსით აფასებს, რომელიც სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ღირებულებას ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ადარებს. მეთოდოლოგია 2,000-ზე მეტი საქონლისა და მომსახურების საშუალო წლიურ ფასს ეფუძნება.

თუ ევროკავშირის საშუალო ფასის მქონე სამომხმარებლო კალათა 100 ევრო ღირს, ინდექსი აჩვენებს, რა ეღირება იგივე კალათა თითოეულ ქვეყანაში. 100 ქულა ევროკავშირის საშუალო დონეს შეესაბამება, 100-ზე მაღალი მაჩვენებელი უფრო ძვირ ქვეყანას ნიშნავს, ხოლო 100-ზე დაბალი – შედარებით იაფს.

ყველაზე ძვირი ქვეყნები ევროპაში

ევროპაში ყველაზე მაღალი ფასები ისლანდიასა და შვეიცარიაში ფიქსირდება. ისლანდიაში ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 83.7%-ით მაღალია, ხოლო შვეიცარიაში – 81%-ით.

ყველაზე ძვირ ქვეყნებს შორის ასევე არიან: დანია – +40.2%; ირლანდია – +39.6%; ნორვეგია – +38.4%; შვედეთი – +28.4% და ფინეთი – +26.1%.  ნიდერლანდებში იგივე სამომხმარებლო კალათა, რომელიც ევროკავშირში საშუალოდ 100 ევრო ღირს, 120.4 ევრო ჯდება, ავსტრიაში – 119 ევრო, ხოლო ბელგიაში – 118.1 ევრო.

როგორია ფასები ევროპის უდიდესი ეკონომიკებში?

ევროკავშირის ოთხ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ყველაზე ძვირი გერმანიაა. ქვეყანაში ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 9.1%-ით მაღალია.

საფრანგეთის ინდექსი 106.4-ს შეადგენს, რაც ევროკავშირის საშუალოზე ოდნავ მეტია. იტალია საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ დაბლაა (98), ხოლო ესპანეთში ფასები ევროკავშირის საშუალოზე 8.9%-ით ნაკლებია.

ეს ნიშნავს, რომ ერთი და იგივე სამომხმარებლო კალათისთვის გერმანიაში დაახლოებით 18 ევროთი მეტის გადახდაა საჭირო, ვიდრე ესპანეთში.

ყველაზე იაფი ქვეყნები ევროპაში

ევროპის ყველაზე იაფ ქვეყნებს შორის ლიდერი ჩრდილოეთ მაკედონიაა. ქვეყანაში სამომხმარებლო კალათა, რომელიც ევროკავშირში საშუალოდ 100 ევრო ღირს, მხოლოდ 49.7 ევრო ჯდება. მას მოსდევს თურქეთი – 52.2 ევრო; ბოსნია და ჰერცეგოვინა – 55.7 ევრო; რუმინეთი – 58.9 ევრო და ბულგარეთი – 60 ევრო.  ამ ქვეყნებში ფასები ევროკავშირის საშუალო დონეზე მინიმუმ 40%-ით დაბალია.

შედარებით იაფ ქვეყნებს შორის არიან ასევე მონტენეგრო, სერბეთი, ალბანეთი, პოლონეთი და უნგრეთი, სადაც ფასები ევროკავშირის საშუალოზე მინიმუმ 25%-ით ნაკლებია.

რატომ განსხვავდება ფასები ასე მნიშვნელოვნად?

გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორის, რობერტ ინკლაარის, განმარტებით, ფასებს შორის განსხვავების მთავარი მიზეზი ხელფასები და შრომის პროდუქტიულობაა. მისი თქმით, უფრო პროდუქტიულ ეკონომიკებში დასაქმებულები მეტს გამოიმუშავებენ, რაც ადგილობრივად წარმოებული მომსახურებებისა და პროდუქტების ფასებზეც აისახება. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სექტორებს, როგორიცაა რესტორნები, ჯანდაცვა, ბავშვზე ზრუნვა, უძრავი ქონება და სხვა მომსახურებები, რომელთა იმპორტირება არ ხდება.

თუმცა ხელფასები ერთადერთი ფაქტორი არ არის. ფასებზე გავლენას ახდენს ასევე ტრანსპორტირების ხარჯები, დისტანცია, რეგულაციები, საგადასახადო პოლიტიკა და დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) განაკვეთები.

მხოლოდ ფასების შედარება საკმარისი არ არის

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ცხოვრების დონის შეფასებისას ფასებთან ერთად მოსახლეობის შემოსავალიც უნდა იყოს გათვალისწინებული. როგორც პროფესორი რობერტ ინკლაარი აღნიშნავს, მაღალი ფასები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ნაკლებად ხელმისაწვდომია. მაგალითად, შვეიცარია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანაა, თუმცა მაღალი ხელფასების გამო იქ მცხოვრებთა მსყიდველობითი უნარი კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად რჩება.

ამ მოსაზრებას იზიარებს ასევე რაინერ მაურერი, რომლის შეფასებითაც, ევროპის ყველაზე ძვირი ქვეყნები, როგორც წესი, ყველაზე მდიდარ ქვეყნებსაც წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ფასების დონე ყოველთვის მსყიდველობით უნართან და შემოსავლებთან ერთად უნდა შეფასდეს.

ფასების დონის ინდექსები (2025, EU=100)

წყარო: Eurostat (ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები ნაჩვენებია ღია ლურჯი ფერით)