ფოტო: REUTERS/Dado Ruvic/Illustration
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მედიაკომპანია Trump Media & Technology Group-ის აქციები მკვეთრად გაუფასურდა და ყველა დროის მინიმუმამდე დაეცა.
გუშინ, 25 ივნისს, კომპანიის აქციების ფასი 6.1%-ით, $7.06-მდე შემცირდა, რაც მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი დღიური ვარდნაა. 2026 წლის დასაწყისიდან კი Truth Social-ის მფლობელი კომპანიის აქციები 46%-ზე მეტითაა გაუფასურებული. შეგახსენებთ, წლის დასაწყისში ერთი აქცია დაახლოებით $13.77 ღირდა.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია აქციების მორიგი ვარდნა, თუმცა ბოლო თვეებში Trump Media-ს საბაზრო ღირებულება მუდმივად მცირდება. ამის მთავარი მიზეზი კი კომპანიის განმეორებითი წმინდა ზარალია, რომელიც უკვე სამი კვარტალია ფიქსირდება. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში Trump Media-მ $405.9 მილიონის წმინდა ზარალი განიცადა.
Forbes-ის შეფასებით, ხუთშაბათის მდგომარეობით, დონალდ ტრამპის ქონება $5.9 მილიარდს შეადგენს, რაც წლის დასაწყისთან შედარებით $700 მილიონით ნაკლებია.
Trump Media საფონდო ბირჟაზე 2024 წელს გავიდა და Nasdaq-ზე ვაჭრობა $70.90-იანი ფასით დაიწყო. თუმცა კომპანიის აქციები პირველი წლის განმავლობაში მაღალი მერყეობით გამოირჩეოდა. საჯარო განთავსებიდან ექვს თვეში მათი ფასი დაახლოებით $13-მდე დაეცა, ხოლო ტრამპის ინაუგურაციის პერიოდში $40-მდე გაიზარდა.
2025 წლის განმავლობაში Trump Media-მ $712 მილიონის წმინდა ზარალი დააფიქსირა. კომპანიის განმარტებით, ზარალის მნიშვნელოვანი ნაწილი კრიპტოვალუტებში, ციფრულ აქტივებსა და ფასიან ქაღალდებში განხორციელებულ ინვესტიციებზე დაფიქსირებულ არარეალიზებულ დანაკარგებთან იყო დაკავშირებული, რომლებმაც $368.7 მილიონი შეადგინა.
კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ზე განთავსებული რეკლამებია. 2025 წელს კი ამ მიმართულებით მიღებულმა წლიურმა შემოსავალმა მხოლოდ $3.7 მილიონი შეადგინა.
Trump Media-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $2 მილიარდს ოდნავ ჩამოუვარდება.









