ფოტო: Getty Images
Oracle-ის თავმჯდომარე ლარი ელისონი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეშვიდე პოზიციამდე დაქვეითდა. კომპანიის აქციების ფასის თითქმის ერთთვიანმა ვარდნამ მის ქონებას 100 მილიარდ დოლარზე მეტი დააკლო, რის შედეგადაც ელისონს სიმდიდრით Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრუელებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა, გადაუსწრო.
ორშაბათს Oracle-ის აქციების ფასი 0.3%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ვერ ანაზღაურებს იმ მკვეთრ კლებას, რომელიც კომპანიამ ივნისის დასაწყისიდან განიცადა. მას შემდეგ, რაც Oracle-ის აქციებმა 1 ივნისს შიდადღიური მაქსიმუმი — 250 დოლარი — დააფიქსირა, მათი ღირებულება დაახლოებით 41%-ით შემცირდა. მხოლოდ გასულ კვირაში კომპანიის აქციები თითქმის 20%-ით გაუფასურდა, რაც 2001 წლის შემდეგ ერთ კვირაში დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია.
ამავე დროს, Meta-ს აქციების ფასი 2.6%-ით გაიზარდა, რამაც მარკ ცუკერბერგის ქონებას დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი შემატა. მისი ქონება 194.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ლარი ელისონის ქონება 192.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. შედეგად, ცუკერბერგი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში ელისონზე წინ გადავიდა.
ლარი ელისონის ქონება 1 ივნისს 300 მილიარდ დოლარს აღემატებოდა, რამაც ის დროებით მსოფლიოს მეორე უმდიდრეს ადამიანად აქცია და მხოლოდ ილონ მასკს ჩამორჩებოდა. თუმცა Oracle-ის აქციების ფასის ვარდნის ფონზე მან ჯერ ჯეფ ბეზოსს დაუთმო პოზიცია, ახლა კი რეიტინგში მარკ ცუკერბერგმაც გადაუსწრო.
შეგახსენებთ, Oracle-ის აქციები ივნისის დასაწყისში კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მოლოდინში მნიშვნელოვნად გამყარდა. მისმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა და კვარტალური შემოსავლის სახით 19.2 მილიარდი დოლარი, ხოლო ერთ აქციაზე მოგების სახით 2.11 დოლარი დააფიქსირა. განსაკუთრებით ძლიერი იყო ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მიმართულება, რომლის შემოსავალი წლიურად 93%-ით გაიზარდა.
თუმცა, მიუხედავად ძლიერი ფინანსური შედეგებისა, ინვესტორები იმედგაცრუებულნი დარჩნენ 2027 ფისკალური წლის პროგნოზით. Oracle-მა კვლავ დაადასტურა, რომ მთლიან შემოსავალს 90 მილიარდი დოლარის ფარგლებში ელოდება, რაც ბაზრის ნაწილმა არასაკმარისად ამბიციურ პროგნოზად შეაფასა. სწორედ ამან განაპირობა ბოლო კვირების განმავლობაში აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა.










