ეთერ ბერიძე–მელიქიშვილის მიერ 2000 წელს, $600-ით დაფუძნებული „ბერმელი“ დღეს ₾47.1-მილიონიან საკრედიტო პორტფელს ფლობს და ბაზრის 2.5%-ს იკავებს. მცირე რეგიონული ორგანიზაციიდან სტაბილურ ფინანსურ ინსტიტუტად გარდაქმნის მთავარი საფუძველი ნდობა აღმოჩნდა.
ავტორი: იზა გვარამაძე
„ბერმელის“ ისტორია 2000 წელს, ძალიან მცირე რესურსებით, აჭარის რეგიონში დაიწყო. რა გამოწვევებთან მოგიწიათ გამკლავება?
„ბერმელის“ ბაზარზე მცირე რესურსებით, მაგრამ მკაფიო ხედვით გამოჩნდა –შეგვექმნა ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მომხმარებლისთვის სწრაფი, მოქნილი და სანდო პარტნიორი იქნებოდა. მუშაობა $600-ით დავიწყეთ და დღეს ჩვემი აქტივები რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ „ბერმელის“ დაფუძნების პერიოდში რეგიონში ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ შეზღუდული იყო, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ტრადიციულ ბანკებთან ურთიერთობა უჭირდა.
მსესხებელთა მოსაზიდად მაღალი საპროცენტო სარგებელი დავაწესეთ და ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა. დავამკვიდრეთ თამასუქებით მუშაობაც. ორივე მეთოდი წარმატებული აღმოჩნდა – კომპანიაში სამუშაო ფული გაჩნდა.
პირველ რიგში, ვისტუმრებდით მსესხებელთა და თამასუქის მფლობელთა თანხებს, ვიხდიდით გადასახადებს, ვანაზღაურებდით გაწეულ ხარჯებს და დარჩენილ მცირე მოგებას, რომელიც თანდათან გაიზარდა, კომპანიის ანგარიშზე ვტოვებდით, სანამ მისი ზომიერი ხარჯვა არ გახდა შესაძლებელი. ეს კი, პირველ რიგში, კომპანიის განვითარებისკენ იყო მიმართული – პერსონალის ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლებისკენ, ტექნოლოგიური მიმართულების გაუმჯობესებისკენ.
რაც შეეხება გამოწვევებს, გამკლავება მოგვიწია და გვიწევს ეროვნული ბანკის გამკაცრებულ რეგულაციებსა და საბაზრო კონკურენციასთან. ამის გამო ძველი ტემპით ვეღარ ვმუშაობთ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების პრინციპი ნაკლებ პრობლემებს ქმნის, ხოლო საბაზრო ეკონომიკა ბიზნესს მოსახლეობასთან აახლოებს. ასეთმა მიდგომამ საშუალება მოგვცა უკეთესად გვემუშავა, გავთავისუფლებულიყავით საბანკო ვალდებულებებისაგან და ფინანსური სახსრების მოზიდვის აუცილებლობისგან, რამაც ბუნებრივია, კომპანიის თანდათანობით, სტაბილურ განვითარებას შეუწყო ხელი.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში მთელი ოჯახი ვართ ჩართული. ჩემი მეუღლე, ზურაბ მელიქიშვილი, „ბერმელის“ თანადამფუძნებელი იყო და კომპანიის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ის ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა და როგორც ჩემი, ისე კომპანიის მთავარი საყრდენი და ფარი იყო. სამწუხაროდ, სამი წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა მის სიცოცხლეშივე კომპანიის მართვაში აქტიურად ჩაერთნენ ჩვენი ვაჟიშვილები – არჩილი და ბესიკი. ახალგაზრდა სპეციალისტების ენერგიამ, ცოდნამ და თანამედროვე ხედვამ კომპანიის საქმიანობას ახალი იმპულსი შესძინა, რაც მის შედეგებსა და განვითარებაზეც ნათლად აისახა.
თქვენი შეფასებით, რა იყო გადამწყვეტი ეტაპი კომპანიის ზრდისთვის? რა შეცვალა „ბერმელის“ მიდგომაში მასშტაბის ზრდამ?
ჩვენი აზრით, გადამწყვეტი იყო მოსახლეობაში, მომხმრებელში ნდობის მოპოვება. ეს ნდობა კი უტყუარობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული მიდგომით შევქმენით: არასოდეს ვუგვიანებდით სესხის შემომტანს სარგებელს; არასოდეს ვაგვიანებდით თამასუქის გაცემას; არასოდეს ვფუთავდით ბიზნესს და მის ცალკეულ დეტალებს; ღიად ვუხსნიდით მსესხებლებს პირობებს, შედეგებსა და მოსალოდნელ რისკებს; თვდაპირველად მსესხებელს დაგვიანებაზე ჯარიმასაც არ ვახდევინებდით. ეს ყველაფერი აღმოჩნდა ნდობის მოპოვებისა და მომხმარებლის მოზიდვის საუკეთესო გზა.
თუმცა ამის პარალელურად გვიწევდა შეზღუდული ფინანსური და ტექნოლოგიური რესურსებით ოპერირება. ამიტომ კომპანიის ზრდისთვის გადამწყვეტ ეტაპად ასევე მივიჩნევთ პროფესიონალიზაციის პროცესს, როდესაც „ბერმელმა“ დაიწყო შიდა მართვის სისტემების, რისკების კონტროლის მექანიზმებისა და კორპორაციული სტრუქტურის გაძლიერება. სწორედ ამან მოგვცა შესაძლებლობა მცირე რეგიონული ორგანიზაციიდან სტაბილურ და მზარდ ფინანსურ ინსტიტუტად გარდავქმნილიყავით.
მასშტაბის ზრდამ მთლიანად შეცვალა მიდგომა მართვის პროცესების მიმართ. მცირე მოცულობის პირობებში ბევრი გადაწყვეტილება უფრო ინტუიციურად მიიღება, თუმცა მილიონიანი აქტივების მართვა უკვე მოითხოვს სისტემურ პროცესებს, მკაცრ ანალიზსა და კონტროლს.
დღეს მთავარი აქცენტი მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე, რისკების დივერსიფიკაციაზე, შიდა კონტროლის სისტემებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე კეთდება. გარდა ამისა, გაიზარდა პასუხისმგებლობაც როგორც მომხმარებლების, ისე ინვესტორებისა და რეგულატორის წინაშე.
როგორ ფიქრობთ, რომელმა გადაწყვეტილებებმა იქონია ყველაზე დიდი გავლენა კომპანიის ზრდაზე?
არ ვფიქრობ, რომ უკვე ყველაფერს მივაღწიეთ – პირიქით, ყოველთვის მგონია, რომ მეტი შეგვეძლო გაგვეკეთებინა: უფრო აქტიურად განგვევითარებინა კომპანია, მეტი სამუშაო ადგილი შეგვექმნა. თუმცა, რასაც მივაღწიეთ, მაღალი პასუხისმგებლობის, უწყვეტი შრომის, ფინანსური მართვის სტილის დახვეწისა და მუდმივი განვითარების სურვილის შედეგია. სწორედ ეს გვეხმარებოდა, რომ განვითარება არ შეგვეწყვიტა.
ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ბანკის მხარდაჭერა. ვგულისხმობ მათ უწყვეტ შემოწმებებს, მითითებებსა და რეკომენდაციებს, რომელთა შესასრულებლად გულისხმიერად და შეუჩერებლად ვმუშაობდით და ვმუშაობთ.
თქვენი დაკვირვებით, როგორ შეიცვალა საქართველოში ფინანსური სექტორი ბოლო წლების განმავლობაში? რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დღეს ადგილობრივ ბაზარზე აწყდება?
ბოლო წლების ცვლილებებს დადებითად ვაფასებ: შემცირდა სესხის საპროცენტო განაკვეთები, დაინერგა მრავალი საშეღავათო მოსახურება, ამაღლდა მომხმარებლის საბანკო კულტურა, პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების პრინციპმა და სტარტაპ–სესხების დამკვიდრებამ ჩამოაყალიბა ახალი, ორმხრივად მისაღები მომსახურება.
რაც შეეხება გამოწვევებს, რომლებსაც ჩვენს სექტორში ორგანიზაციები ყველაზე ხშირად აწყდებიან, პირველ რიგში, ეს არის მაკროეკონომიკური არასტაბილურობა, რადგან ის პირდაპირ აისახება მომხმარებლის გადახდისუნარიანობაზე. ინფლაცია, სავალუტო რყევები და ეკონომიკური გაურკვევლობა მიკროსაფინანსო სექტორისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების შენარჩუნება მაღალი კონკურენციის პირობებში.
გასულ წელს „ბერმელმა“ არაერთი მაჩვენებელი გააუმჯობესა. მაგალითად, მთლიანი სესხების მოცულობა 47.1 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელთან შედარებით 18.3%-იანი ზრდაა. პარალელურად, გაიზარდა სესხების მოგებიანობის მაჩვენებელიც (22.1%) – რა იყო ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი?
ამ შედეგების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი ხარისხიანი პორტფელის ზრდა და პროდუქტების უკეთესი დივერსიფიკაცია იყო. კომპანიამ შეძლო როგორც არსებული მომხმარებლების შენარჩუნება, ისე ახალი სეგმენტის მიღება, განსაკუთრებით, ბიზნესესხების იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების, აგრეთვე ავტოსესხების.
ამასთან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შიდა პროცესები, რისკების შეფასების მოდელები და საოპერაციო ეფექტიანობა, რამაც დადებითად იმოქმედა როგორც სესხების ჯამური მოცულობის ზრდაზე, ისე მოგებიანობის მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე.
ამასთან ერთად, 2023-2025 წლებში დანაკარგების რეზერვი 15.4%-დან 10.9%-მდე შემცირდა – რაზე მიუთითებს ეს ფაქტი?
ეს მაჩვენებელი პირველ რიგში მიუთითებს კვლავ პორტფელის ხარისხის გაუმჯობესებაზე და რისკების მართვის უფრო ეფექტიან სისტემაზე. კომპანიამ გააძლიერა როგორც წინასწარი შეფასების, ისე შემდგომი მონიტორინგის პროცესები, რამაც პრობლემური სესხების წილის შემცირებას შეუწყო ხელი.
როგორ ახსნით კაპიტალზე უკუგების ზრდას 22.6%-მდე? ეს უფრო საოპერაციო ეფექტიანობის შედეგია თუ რისკის უკეთ მართვის?
ვფიქრობ, ეს ორივე ფაქტორის კომბინაციის შედეგია. ერთი მხრივ, გაიზარდა საოპერაციო ეფექტიანობა და რესურსების ოპტიმიზაცია, ხოლო მეორე მხრივ გაუმჯობესდა რისკების შეფასების პროცესი, რაც პირდაპირ აისახა პორტფელის ხარისხსა და მოგებიანობაზე.
მდგრადი შედეგი მხოლოდ მაღალი რისკის აღებით არ მიიღწევა, მნიშვნელოვანია ბალანსი ზრდასა და რისკის კონტროლს შორის.
როგორ ბალანსდება ზრდა და რისკის კონტროლი?
ფინანსურ სექტორში სწრაფ ზრდას ყოველთვის ახლავს დამატებითი რისკები, ამიტომ ჩვენთვის მთავარი პრინციპია, რომ ზრდა იყოს არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი და მდგრადიც.
„ბერმელი“ გვჯერა, რომ გრძელვადიანი წარმატება იწყება პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ახალი პროდუქტი, გაფართოება თუ ზრდის სტრატეგია წინასწარ გადის დეტალურ ანალიზსა და რისკების შეფასებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა მიიღოს მის შესაძლებლობებზე მორგებული ფინანსური მომსახურება, ხოლო კომპანიამ შეინარჩუნოს პორტფელის ხარისხი და სტაბილურობა. ვფიქრობთ, სწორედ ეს ბალანსი ქმნის ჯანსაღ და მდგრად ზრდას.
ფინანსური ანგარიშების შესწავლისას, ყურადღებაა მიიქცია 2024-25 წლების მოგების მაჩვენებლის მკვეთრმა ცვლილებამ. კერძოდ, 2024 წელს კომპანიის მოგება უარყოფითი იყო (-6.8%), ანუ ზარალი დააფიქსირეთ, შემდეგ კი, 2025 წლისთვის, 34.1%-იანი ზრდა აღინიშნა – რა მოხდა ამ პერიოდში?
2024 წელი კომპანიებისთვის საკმაოდ რთული და გარდამავალი პერიოდი იყო. ამ დროს „ბერმელმა“ მნიშვნელოვანი რესურსი მიმართა შიდა სისტემების, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და რისკების მართვის გაძლიერებაზე, რაც მოკლევადიან პერიოდში ფინანსურ შედეგებზე აისახა.
თუმცა სწორედ ამ ნაბიჯებმა შექმნა საფუძველი შემდგომი ზრდისთვის და 2025 წელს უკვე მკვეთრად გაუმჯობესებული შედეგები მივიღეთ. ამ ერთ წელიწადში ზრდის მთავარი საფუძველი დაგროვილი აქტივების ამოქმედებაც იყო. გარდა ამისა, გაუმჯობესდა პორტფელის ხარისხი, შემცირდა დანაკარგები, გაიზარდა საოპერაციო ეფექტიანობა და კომპანიამ უფრო მიზნობრივად დაიწყო რესურსების გამოყენება.
ბოლოს, 2025 წლის მონაცემებით სესხების მოცულობას თუ გავითვაისწინებთ, ეს მთლიანად მიკროსაფინანსო სექტორის დაკრედიტებაში „ბერმელის“ 2.5%-იან წილზე მიუთითებს. როგორ შეაფასებდით კონკურენციას საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორში? რა მიზნებს ისახავთ ბაზარზე წილის გასაზრდელად?
საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, თუმცა ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ ეს პროცესები ყველაზე მეტად მომხმარებლის ინტერესებზე აისახება დადებითად. კონკურენცია კომპანიებს აიძულებს მუდმივად გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი, გაამარტივონ პროცედურები, დანერგონ ტექნოლოგიური სიახლეები და მომხმარებელს უფრო მოქნილი და სწრაფი სერვისი შესთავაზონ.
დღეს მომხმარებელი მხოლოდ ფინანსურ პროდუქტს აღარ ეძებს მისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, სისწრაფე, ინდივიდუალური მიდგომა და ნდობა. სწორედ ამიტომ, „ბერმელისთვის“ მთავარი პრიორიტეტია მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება.
კომპანიის მთავარი მიზანია მდგრადი და ხარისხიანი ზრდა. ვგეგმავთ როგორც ახალი პროდუქტების განვითარებას, ისე ციფრული სერვისების გაფართოებას, რათა მომხმარებლისთვის ფინანსურ სერვისებზე წვდომა კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახდეს.
დღეს ტექნოლოგიური განვითარება ფინანსურ სექტორში ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა და „ბერმელიც“ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, როგორც პროცესების ავტომატიზაციის, ისე მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების კუთხით.
S











