ფოტო: Getty Images
მილიარდერმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა, ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, Gates Foundation-ისთვის შუაწლიური დონაციის განხორციელება გადადო. ამის შესახებ Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბაფეტი გადაწყვეტილებას მანამდე არ მიიღებს, სანამ ფონდისა და მსჯავრდებული სექსუალური დამნაშავის, ჯეფრი ეპსტინის, კავშირების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ გაეცნობა. წყაროების ცნობით, დონაცია შესაძლოა წლის ბოლოს, ბაფეტის ტრადიციულ მადლიერების დღისადმი მიძღვნილ წერილთან ერთად განხორციელდეს.
გასული წლის ივნისში ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის აქციების სახით რეკორდული, 6 მილიარდი დოლარის მოცულობის საქველმოქმედო შემოწირულება ხუთ ორგანიზაციას გადასცა, საიდანაც ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ Gates Foundation-მა მიიღო.
ბაფეტი Gates Foundation-ისათვის შუაწლიურ შემოწირულებას 2006 წლიდან ახორციელებს. მაშინ მან ფონდს Berkshire Hathaway-ის 500 000 აქცია გადასცა, რომელთა ღირებულება იმ დროისთვის დაახლოებით 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაფეტი და მისი წარმომადგენლები ფონდის ხელმძღვანელობასთან აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან, რათა ეპსტინთან არსებული წარსული ურთიერთობების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ.
მარტში ბაფეტმა CNBC-სთან განაცხადა, რომ ეპსტინთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ ბილ გეიტსთან აღარ უსაუბრია. დოკუმენტებში ასახული იყო Microsoft-ის დამფუძნებლის ურთიერთობა ეპსტინთან, თუმცა გეიტსისთვის რაიმე სამართლებრივი ბრალდება არ წაუყენებიათ.
თავად Gates Foundation-მა მიმდინარე წლის დასაწყისში განმარტა, რომ ფონდის თანამშრომლების მცირე ნაწილი ეპსტინს მხოლოდ იმ მიზეზით დაუკავშირდა, რომ მას მნიშვნელოვანი საქველმოქმედო დაფინანსების მობილიზება შეეძლო გლობალური ჯანმრთელობისა და განვითარების პროექტებისთვის. ფონდის განცხადებით, საბოლოოდ ეპსტინთან თანამშრომლობა არ შედგა, არ შექმნილა არც ერთი ერთობლივი ფონდი, მასთან ფინანსური გადახდები არ განხორციელებულა და ის არასდროს ყოფილა ფონდის თანამშრომელი.
აპრილში Gates Foundation-მა ასევე განაცხადა, რომ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ სუზმანის, ინიციატივით და ბილ გეიტსისა და მმართველი საბჭოს მხარდაჭერით დაიწყო დამოუკიდებელი გარე აუდიტი, რომელიც ეპსტინთან ფონდის წარსულ ურთიერთობებსა და ახალი საქველმოქმედო პარტნიორების შერჩევის პოლიტიკას შეაფასებს. აუდიტის დასრულების ვადები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
Wall Street Journal-ის მონაცემებით, 2006-2025 წლებში ბაფეტმა Gates Foundation-ს ჯამში 48 მილიარდი დოლარის ღირებულების შემოწირულება გადასცა. Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი რეიტინგის მიხედვით, მისი ქონება ამჟამად 146.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც მას მსოფლიოს მე-10 უმდიდრეს ადამიანად აქცევს.
ცნობისთვის, მიმდინარე თვეში ბილ გეიტსმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს დახურულ ფორმატში მისცა ჩვენება ეპსტინთან ურთიერთობის შესახებ. გეიტსის განცხადებით, მას არასოდეს უნახავს და არც ჰქონია რაიმე მინიშნება, რომ ეპსტინი იმ პერიოდში დანაშაულებრივ საქმიანობას აგრძელებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ღრმად ნანობს“ ეპსტინთან შეხვედრებს, რადგან ამ ურთიერთობამ მას დამატებითი სანდოობა შესძინა და აღიარა, რომ მას „თავიდანვე არ უნდა შეხვედროდა“. გეიტსს ამ საქმეზე ოფიციალური ბრალდება არ წარდგენია.










