Tesla-ს კვარტალურმა მიწოდებამ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა აქციები 8%-ით გაუფასურდა

Tesla-ს კვარტალურმა მიწოდებამ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა აქციები 8%-ით გაუფასურდა

ფოტო: Getty Images

 

დღეს, 2 ივლისს, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყების შემდეგ, Tesla-ს აქციები დაახლოებით 8%-ით გაუფასურდა. ეს მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ელექტრომობილების მწარმოებელმა მეორე კვარტალში ავტომობილების მიწოდების მაჩვენებლებით ანალიტიკოსების პროგნოზებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, აპრილ-ივნისის პერიოდში Tesla-მ მომხმარებლებს 480,126 ავტომობილი მიაწოდა. ეს მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 406,000 ავტომობილს შეადგენდა. შედარებისთვის, 2026 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ მომხმარებლებს 358,000-მდე ავტომობილი მიაწოდა.

კომპანიისთვის პოზიტიური სიგნალი იყო ევროპული ბაზარიც. ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, იანვრიდან მაისის ჩათვლით Tesla-ს გაყიდვები ევროპაში 77%-ით გაიზარდა, რაც რეგიონში მოთხოვნის აღდგენაზე მიუთითებს.

მიუხედავად ამისა, ინვესტორების განწყობა უარყოფითი დარჩა და ბაზრის გახსნის შემდეგ Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად დაეცა.

კომპანიის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი ცნობილი ინვესტორი მაიკლ ბარიც, რომელმაც 2008 წლის კრიზისი სწორად იწინასწარმეტყველა და რომლის ისტორია ფილმში The Big Short არის ასახული. ბარიმ განაცხადა, რომ Tesla-ს აქციებზე მოკლე პოზიცია (short position) გახსნა.

მისი განცხადებით, Tesla-ს აქციების წინააღმდეგ ფსონი მაშინ დადო, როდესაც მათი ფასი 416.22 დოლარს აღწევდა. თუმცა ინვესტორს არ დაუკონკრეტებია, რამდენად დიდი მოცულობის პოზიცია აქვს გახსნილი და დამატებითი განმარტებებიც არ გაუკეთებია.

მეორე კვარტალში Tesla-მ რამდენიმე პრემიუმ-მოდელის წარმოებაც შეწყვიტა. კომპანიამ Model S-ისა და Model X-ის გამოშვება დაასრულა და ამ ეტაპზე მხოლოდ სამ მოდელზე — Model 3-ზე, Model Y-სა და Cybertruck-ზეა კონცენტრირებული. გასულ კვარტალში მიწოდებული ავტომობილების უდიდესი ნაწილი სწორედ Model 3-სა და Model Y-ზე მოდიოდა, ხოლო Cybertruck-ის მიწოდებამ 12,364 ერთეული შეადგინა.

ბოლო წლებში Tesla-ს ევროპაში პოლიტიკური ფაქტორებიც აზარალებდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არჩევისა და ილონ მასკის აქტიური პოლიტიკური განცხადებების, მათ შორის გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ის მხარდაჭერის შემდეგ, კომპანიის გაყიდვები რეგიონში მნიშვნელოვნად შემცირდა. Reuters-ის ინფორმაციით, 2025 წლის განმავლობაში Tesla-ს გაყიდვები ევროპაში თითქმის 27%-ით დაეცა.

Tesla-ს აქციების ფასის ვარდნამ ილონ მასკის ქონებაზეც იმოქმედა. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება ხუთშაბათს 14 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა და დაახლოებით 972.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. დამატებით, SpaceX-ის აქციების წინა დღის გაუფასურებამ მასკს დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი დააკარგვინა, რის შედეგადაც მან მსოფლიო ისტორიაში პირველი ტრილიონერის სტატუსიც დაკარგა.