250-ზე მეტი მონაწილე, 15 ფინალისტი გუნდი, გამარჯვებული გუნდი და მოგზაურობა Poznań Game Arena 2026-ზე – ქართული გეიმდეველოპმენტის ახალი ეტაპი
საქართველოში პირველი დამოუკიდებელი Game Jam Georgia Cup 2026 წარმატებით დასრულდა. ჩემპიონატი Lenovo Georgia-ს, Startup Büro-სა და Georgian Game Community (GGC)-ის ორგანიზებით გაიმართა და მთელი საქართველოს მასშტაბით გეიმდეველოპერები, პროგრამისტები, დიზაინერები და ტექნოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდები გააერთიანა.
ჩემპიონატის მიზანი საქართველოში გეიმდეველოპმენტის ეკოსისტემის გაძლიერება, ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნა იყო.
Game Jam Georgia Cup 2026 ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ, ონლაინ-ტურს 250-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა, ხოლო საუკეთესო გუნდები ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ. ფინალში 15-მდე გუნდმა 48-საათიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად შექმნილი ვიდეოთამაშები პროფესიონალი ჟიურის წინაშე წარადგინა. ფინალური ეტაპის მთავარი თემა FIFA World Cup 2026 იყო, რომლის ირგვლივაც გუნდებმა საკუთარი თამაშების კონცეფციები და ინოვაციური პროექტები განავითარეს.

ფინალისტი გუნდების პროექტები ინდუსტრიის წამყვანმა პროფესიონალებმა შეაფასეს:
- ნუკრი ჟვანია – Founder-ის GameDev დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- თორნიკე ანდრიაძე – YouTuber და პროდიუსერი;
- სანდრო გახოკიძე – Game & Narrative Design Chief, ANIMMAL;
- გიორგი კორიძე – Technical Artist, Strikerz Inc;
- გიორგი აბელაშვილი – Senior Game Developer, DECA Games.
ჟიურიმ წარდგენილი პროექტები შეაფასა რამდენიმე კრიტერიუმით: იდეის ორიგინალურობა, გეიმფლეი, ტექნიკური შესრულება, ვიზუალური დიზაინი, მომხმარებლის გამოცდილება და პროექტის საერთო ხარისხი.
ჩემპიონატის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ გამოცდილ მენტორებთან, მიეღოთ პროფესიონალური უკუკავშირი და გაეუმჯობესებინათ საკუთარი პროექტები ინდუსტრიის წარმომადგენლების მხარდაჭერით.
Game Jam Georgia Cup 2026-ის გამარჯვებული გახდა გუნდი FogCult-ი, რომლის წევრებიც არიან:
- ზურაბ სიამაშვილი
- დავით ჯიმშელაძე
- ალექსანდრე ანდღულაძე
გამარჯვებულმა გუნდმა მოიპოვა ჩემპიონატის მთავარი პრიზი – მოგზაურობა Poznań Game Arena 2026-ზე, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გეიმინგ-ფესტივალზე. Lenovo Georgia-ს მხარდაჭერით FogCult-ის წევრები პოლონეთში გაემგზავრებიან, სადაც შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საერთაშორისო გეიმინგ-ინდუსტრიას, შეხვდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებს, დაამყარონ ახალი კავშირები და წარადგინონ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე.

Game Jam Georgia Cup 2026-ის მთავარი პარტნიორი Lenovo Georgia იყო, რომელმაც ჩემპიონატისთვის არაერთი ინტერაქტიული აქტივობა მოამზადა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები ჩაერთნენ FIFA World Cup 2026-თან დაკავშირებულ აქტივობებში, გათამაშებებსა და გასართობ ზონებში, რაც ჩემპიონატს დამატებით გამოცდილებასა და განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენდა.
აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში Lenovo-ს მარკეტინგის ხელმძღვანელის, ნინო წოწორიას კომენტარი:
„Global Game Jam Georgia 2026 რეალურად არის Lenovo-ს გლობალური ხედვის ნაწილი, ხელი შეუწყოს ტექნოლოგიურ პროგრესს და ნიჭიერი ადამიანების გაძლიერებას. Lenovo, როგორც FIFA-ს ექსკლუზიური ტექნოლოგიური პარტნიორი, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტექნოლოგიურ ბაზას უზრუნველყოფს. აღნიშნული პარტნიორობის ლოკალური პროექციის სახით ქართველი გეიმ-დეველოპერებისა და კრეატორებისთვის გაჩნდა ჰაკათონის იდეა – „შენი ბურთი და მოედანი“ .
ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ინოვაციებისგან ტექნოლოგიურ დიფერენციასა და მკაფიო კონკურენტულ უპირატესობას მოითხოვს. ჩვენმა ჰაკათონმა დაამტკიცა, რომ ქართველ დეველოპერებს აქვთ ხედვა და ნიჭი, ეს კომპლექსური მოცემულობა რეალურ, მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებად აქციონ.
მოხარულები ვართ, რომ პროექტის მთავარი გამარჯვებული, ჩვენი მხარდაჭერით, ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გეიმინგ-ფესტივალზე – Poznań Game Arena 2026-ზე – საქართველოს წარადგენს.
ჩვენ განვაგრძობთ ადგილობრივი ინოვაციების მხარდაჭერას და გვჯერა, რომ ქართველი დეველოპერებისა და კრეატორების მიერ შექმნილი იდეები კიდევ დაიმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე.“
Startup Büro-ს აღმასრულებელი დირექტორის, ნინი ჯიშიაშვილის კომენტარი:
„Game Jam Georgia Cup 2026-ის მიზანი მხოლოდ კონკურსის ჩატარება არ ყოფილა. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდა დეველოპერები, დიზაინერები და მოტივირებული ახალგაზრდები შეძლებდნენ საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნას.
იმისთვის, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა ყველას შეძლებოდა, შევქმენით ორსაფეხურიანი ფორმატი, რომლის პირველ ეტაპშიც 250-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, ხოლო ფინალურ ეტაპზე 15-მდე გუნდი გადავიდა.
მონაწილეების ენთუზიაზმმა და შექმნილი პროექტების ხარისხმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოში გეიმ-დეველოპმენტის მიმართულებას დიდი მომავალი აქვს.“

Game Jam Georgia Cup 2026-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში თამაშების განვითარების ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ამ სფეროთი. ჩემპიონატმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, რეალურ დროში შეექმნათ საკუთარი პროექტები, მიეღოთ პროფესიონალების შეფასება, დაემყარებინათ ახალი კონტაქტები და საკუთარი შესაძლებლობები საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარედგინათ.
- Game Jam Georgia Cup 2026-ის ორგანიზატორი – Startup Büro.
- ჩემპიონატის მთავარი სპონსორი და მხარდამჭერი Lenovo Georgia.
- თანაორგანიზატორი – GGC (Georgian Game Community).
ღონისძიების განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პარტნიორებმა: GITA (Georgia’s Innovation and Technology Agency), KIA, NESCAFÉ, Energia by Borjomi, Founder, Snacky, KitKat, Blue Ocean, Network, VR Arena და Postred Studio. მათმა მხარდაჭერამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებასა და მონაწილეებისთვის მრავალფეროვანი გამოცდილების შექმნას შეუწყო ხელი.









