ირანის ლიკვიდირებული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას თეირანის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი დაესწრო. თეირანში მგლოვიარეთა რაოდენობა შეერთებულ შტატებისა და ისრაელისათვის გზავნილი იყო, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთობა გადარჩა და მოსახლეობამ ერთიანობა შეინარჩუნა.
რეგიონული სახელმწიფოების ოფიციალური პირების, დიპლომატებისა და ანალიტიკოსების მოსაზრებით, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე წარმოჩენილი „დაუმორჩილებლობა“ ახლა ირანის მოლაპარაკებების სტრატეგიას უდევს საფუძვლად.
მათი თქმით, ომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის ბერკეტის მნიშვნელობა ჰორმუზის სრუტეზე და საშუალება მისცა მას მოეთხოვა, რომ მისი ბირთვული პროგრამის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება დაიწყოს იმის აღიარებით, რომ მისი კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნავთობის მარშრუტზე უცვლელი დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ირანსა და აშშ-ის შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი ამოცანა გრძელვადიან სამშვიდობო გეგმაზე მუშაობაა, რისთვისაც მხარეებს 60 დღე აქვთ. მიმდინარე პროცესების ფონზე კი, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ირანისთვის ბირთვული პროგრამის მნიშვნელობის საკითხი ჰორმუზის სრუტე და მასზე კონტროლია.
„მიუხედავად იმისა, რომ სრუტით მოსარგებლე გემებისთვის საფასურის დაწესებით შესაძლოა ირანმა დიდი ფინანსური სარგებელი მიიღოს, თეირანი ჰორმუზის სრუტეს პოლიტიკური ლეგიტიმაციის წყაროდ მიიჩნევს და არა ეკონომიკურ აქტივად. ირანელებისთვის სიმბოლიზმი შემოსავლებზე უფრო მნიშვნელოვანია. მათ სურთ რაიმე სახის სიმბოლური აღიარება იმისა, რომ სრუტე ირანს ეკუთვნის“ – განაცხადა აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაციის „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ალექს ვატანკამ.
ჰორმუზის სრუტის მნიშვნელობაზე ყურადღებას ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამახვილებენ. „ჰორმუზის სრუტე ჩვენთვის უდიდესი ძალაუფლების იარაღია. ჩვენ სათანადოდ უნდა დავიცვათ ეს ღვთის საჩუქარი“ – განაცხადა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მუჰამედ ღალიბაფმა და დასძინა, რომ ირანი „არავითარ შემთხვევაში არ დათმობს სრუტეზე თავის უფლებებს.“

















