ფოტო: Wikipedia
დღეს უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერჰი კორეცკი დაამტკიცა. მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 15 ივლისს წარადგინა. კორეცკის პრემიერად დანიშვნას მხარი 392 დეპუტატიდან 289-მა დაუჭირა, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, შვიდმა თავი შეიკავა, ხოლო 21-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
პირველი სამთავრობო თანამდებობა
48 წლის სერჰი კორეცკი განათლებით ინჟინერი და ეკონომისტია. პრემიერ-მინისტრის პოსტი მისი პირველი სამთავრობო თანამდებობაა. მას არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრობის გამოცდილება არ აქვს, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, კორეცკის ერთ-ერთ უპირატესობად მიიჩნევა.
უკრაინული ანალიტიკური ცენტრის, Penta-ს, დირექტორის, ვოლოდიმირ ფესენკოს შეფასებით, სერჰი კორეცკის ძლიერი მენეჯერული გამოცდილება და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მას ახალ პოზიციაზე დამატებით უპირატესობას ანიჭებს.
20-წლიანი გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში
სერჰი კორეცკის ენერგეტიკის სფეროში 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. მისი კარიერა მოიცავს ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების, ენერგორესურსების საცალო და საბითუმო ვაჭრობის, ასევე საერთაშორისო დაფინანსების მიმართულებებს.
2025 წლის მაისიდან ის Naftogaz-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. Naftogaz-ი უკრაინის უმსხვილესი სახელმწიფო ენერგოკომპანიაა და ქვეყნის ბუნებრივი აირის მოპოვების, იმპორტისა და მიწოდების მნიშვნელოვან ნაწილზე აგებს პასუხს.
მანამდე კორეცკი ხელმძღვანელობდა Ukrnafta-ს, უკრაინის უმსხვილეს ნავთობკომპანიას, რომელიც ასევე Naftogaz-ის ჯგუფში შედის.
სახელმწიფო სექტორში გადასვლამდე ის Western Oil Group-ის ხელმძღვანელი იყო, ასევე Continuum Group-ისა და უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, WOG-ის, აღმასრულებელი დირექტორი. კორეცკი დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლუცკში დაიბადა და ყავის ქსელ Idealist Coffee Co.-ის დამფუძნებელია.
მთავარი გამოწვევა – მომავალი ზამთარი
პრემიერ-მინისტრის რანგში კორეცკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა უკრაინის ენერგოსისტემის მომავალი ზამთრისთვის მომზადება იქნება.
გასულ ზამთარში რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშების შედეგად უკრაინის ენერგეტიკულმა ინფრასტრუქტურამ მძიმე დაზიანება მიიღო. ამასთან, ქვეყანა კვლავ აწყდება საჰაერო თავდაცვის საშუალებების, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად საჭირო გადამჭრელი სისტემების დეფიციტს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ზამთრის სეზონისთვის მზადება ამჟამად ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.












