კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმი The Odyssey საპრემიერო ჩვენებებზე დაფიქსირებული შედეგით წლის ყველაზე წარმატებული კინოპროექტი გახდა. კერძოდ, ფილმის შემოსავალმა კინოგაქირავებაში ჩაშვების პირველ დღეს $17.6 მილიონი შეადგინა.
ფილმმა ამ მაჩვენებლით მცირედით გადაუსწრო Toy Story 5-ს, რომელმაც გასულ თვეში ხუთშაბათის საპრემიერო ჩვენებების განმავლობაში 17.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
გამოცემა Variety-ის შეფასებით, „ოდისეა“ სადებიუტო უქმეებზე 90-100 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, თუმცა ძლიერი საპრემიერო შედეგების გათვალისწინებით, საბოლოო შემოსავალმა შესაძლოა ამ პროგნოზსაც გადააჭარბოს.
აღსანიშნავია, რომ ახალმა ფილმმა ნოლანის წინა ნამუშევრის, Oppenheimer-ის შედეგიც გააუმჯობესა. ამ უკანასკნელმა საპრემიერო ჩვენებებზე 10.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მოგვიანებით კი მსოფლიო მასშტაბით თითქმის 1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო და საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ მოიპოვა.
მიუხედავად ამისა, 2026 წელს ერთ დღეში ყველაზე მაღალი შემოსავალი კვლავ The Super Mario Galaxy Movie-ის ეკუთვნის, რომელმაც აპრილში, კინოგაქირავებაში ჩაშვებიდან პირველ პარასკევს 48 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თუმცა ფილმი კინოთეატრებში ოთხშაბათს გამოვიდა, რის გამოც ტრადიციული ხუთშაბათის საპრემიერო ჩვენებები არ ჰქონია.
კრიტიკოსებმა „ოდისეა“ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად უკვე შეაფასეს. ფილმს Rotten Tomatoes-ზე 298 კრიტიკოსის შეფასების საფუძველზე 96%-იანი რეიტინგი აქვს, რაც „ოპენჰაიმერის“ 93%-იან მაჩვენებელზე მაღალია.
Variety-ის ინფორმაციით, ფილმის ბიუჯეტი 250 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მარკეტინგზე დამატებით 125 მილიონი დოლარი დაიხარჯა. შესაბამისად, პროექტის საერთო ღირებულება 375 მილიონ დოლარს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმს მოგებაზე გასასვლელად კინოთეატრების სალაროებიდან მნიშვნელოვანი შემოსავლები დასჭირდება.










