Novo Nordisk-მა Eli Lilly-ს უჩივლა – ის კონკურენტს წონის დასაკლები პრეპარატების შეცდომაში შემყვან რეკლამაში ადანაშაულებს

Novo Nordisk-მა Eli Lilly-ს უჩივლა – ის კონკურენტს წონის დასაკლები პრეპარატების შეცდომაში შემყვან რეკლამაში ადანაშაულებს

ფოტო: Getty Images

 

დანიურმა ფარმაცევტულმა გიგანტმა, Novo Nordisk-მა, კონკურენტ ამერიკულ კომპანია Eli Lilly-ს სასამართლოში უჩივლა და მას წონის დასაკლები მედიკამენტების შესახებ ცრუ რეკლამის გავრცელებაში დასდო ბრალი.

Novo Nordisk-მა სარჩელი აშშ-ის ნიუ-ჯერსის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. კომპანიის განცხადებით, Eli Lilly-მ ფედერალური და შტატების კანონები, მათ შორის Lanham Act-ი, დაარღვია, როდესაც ქვეყნის მასშტაბით სარეკლამო კამპანიებში ამტკიცებდა, რომ მისი პრეპარატები წონის შემცირებაში Novo Nordisk-ის მედიკამენტებს სჯობნის.

დავა ეხება Eli Lilly-ის ორ წამალს – სიმსუქნის სამკურნალო Zepbound-ს და დიაბეტის სამკურნალო Mounjaro-ს. Novo Nordisk-ის განცხადებით, კონკურენტი კომპანია საკუთარ პრეპარატებს მის Wegovy-სა და Ozempic-თან შედარებისას არასწორად იყენებს.

დანიური კომპანია ამტკიცებს, რომ Eli Lilly საკუთარ მედიკამენტებს Novo Nordisk-ის პრეპარატების უფრო დაბალ დოზებს ადარებს და არ ახსენებს Wegovy-სა და Ozempic-ის უფრო ახალ, მაღალი დოზის ვერსიებს, რომლებიც, კომპანიის თქმით, წონის კლების უკეთეს შედეგებს აჩვენებს.

„რეკლამები განზრახ შეცდომაში შემყვანია, რადგან Lilly შეგნებულად იყენებს მოძველებულ კლინიკურ კვლევებს, სადაც მისი პრეპარატების უმაღლესი დოზები Novo Nordisk-ის მედიკამენტების დაბალ დოზებს არის შედარებული“, – ნათქვამია Novo Nordisk-ის სარჩელში.

Eli Lilly-ს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.

Novo Nordisk-ი პირველი კომპანიაა, რომელმაც წონის დასაკლები საინექციო პრეპარატი Wegovy ბაზარზე შემოიტანა, თუმცა მოგვიანებით ლიდერის პოზიცია კონკურენტი Eli Lilly-ის Zepbound-მა დაიკავა. გასულ წელს Novo Nordisk-მა აღმასრულებელი დირექტორი შეცვალა და მოგების პროგნოზების შემცირება რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა კომპანიამ პოზიციების აღდგენა დაიწყო პერორალური Wegovy-ის მიმართ მაღალი მოთხოვნის ფონზე.

Novo Nordisk-ი სასამართლოსგან ითხოვს, რომ Eli Lilly-ს რეკლამების კომუნიკაციიდან ამოღება დაევალოს და მომხმარებლებისთვის განმარტებითი, ე.წ. მაკორექტირებელი სარეკლამო კამპანია ჩატარდეს. კომპანია ასევე აცხადებს, რომ თუ Lilly ნებაყოფლობით არ შეწყვეტს რეკლამების გავრცელებას, სასამართლოს წინასწარი აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს.

გარდა ამისა, Novo Nordisk-ი ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს, მათ შორის იმ მოგების ანაზღაურებას, რომელიც Eli Lilly-მ ზემოხსენებული რეკლამების შედეგად მიიღო.

სარჩელის გავრცელების შემდეგ Eli Lilly-ის აქციების ფასი წინასაბაზრო ვაჭრობაში 0.5%-ით შემცირდა და $1,141.84 შეადგინა, ხოლო Novo Nordisk-ის აქციების ღირებულება კოპენჰაგენის ბირჟაზე 1.7%-ით დაეცა.