ფოტო: Jakub Porzycki/NurPhoto via AP
ევროკავშირმა ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმა AliExpress-ი 550 მილიონი ევროთი (დაახლოებით 629 მილიონი დოლარი) დააჯარიმა. მიზეზი პლატფორმაზე უკანონო, სახიფათო და ყალბი პროდუქციის გაყიდვის აღსაკვეთად არასაკმარისი ძალისხმევაა.
ეს უკვე მესამე ჯარიმაა, რომელიც ევროკომისიამ Digital Services Act (DSA)-ის ფარგლებში დააწესა. აღნიშნული რეგულაცია მსხვილ ონლაინპლატფორმებს ავალდებულებს, უკანონო კონტენტსა და მომხმარებლებისთვის საზიანო პროდუქტების გავრცელებას უფრო ეფექტიანად ებრძოლონ.
ევროკომისიამ AliExpress-ს ბრალი ჯერ კიდევ 2025 წლის ივნისში წაუყენა. მარეგულირებლის შეფასებით, კომპანიამ ვერ შეასრულა DSA-ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც პლატფორმას უკანონო პროდუქციის გავრცელების რისკები უნდა შეეფასებინა და შეემცირებინა.
კომპანიას შესაბამისი გამოსასწორებელი ზომების წარდგენისთვის ვადა 20 ოქტომბრამდე მიეცა. თუ დეკემბერში ევროკომისია დაადგენს, რომ AliExpress-ის ქმედებები DSA-ის მოთხოვნებს კვლავ არ შეესაბამება, კომპანიას დამატებითი ჯარიმებიც ემუქრება.
ევროკომისიის ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელის, ჰენა ვირკუნენის განცხადებით, საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის, ისე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წესებს სრულად იცავენ.
მისივე ინფორმაციით, 2025 წელს AliExpress-ს ევროპაში 193 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, მაშინ როდესაც Shein-ის მომხმარებელთა რაოდენობა 156 მილიონს, ხოლო Temu-სი – 130 მილიონს შეადგენდა. ვირკუნენმა აღნიშნა, რომ ევროპელთა დაახლოებით მეხუთედი თვეში ერთხელ მაინც ყიდულობს პროდუქტებს Shein-ის, Temu-ის ან AliExpress-ის პლატფორმებზე.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა რაოდენიმე კვირის წინ DSA-ის ფარგლებში Temu-ც დააჯარიმა, ხოლო Shein-ის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.
AliExpress-მა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. კომპანიის შეფასებით, დაკისრებული ჯარიმა არაპროპორციულად მაღალია.
„დღევანდელი გადაწყვეტილება და არაპროპორციული ჯარიმა უგულებელყოფს ჩვენი რისკების მართვის სისტემას და იმ მნიშვნელოვან პროაქტიულ ნაბიჯებს, რომლებიც პლატფორმის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად გადავდგით“, – აცხადებენ კომპანიაში.
AliExpress-ის ინფორმაციით, კომპანია ევროკომისიასთან აქტიურად თანამშრომლობდა, რათა მარეგულირებლის მუდმივად განახლებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში ყოფილიყო.













