ფოტო: ake1150/stock.adobe
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3.88 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებიდან ირკვევა.
ამავე პერიოდში ადგილობრივმა ექსპორტმა (რეექსპორტის გარეშე) 2.39 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 62.6%-იანი ზრდაა. ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 61.7%-ს გაუტოლდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის 65.8% ათ უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორ ქვეყანაზე მოდიოდა.
უმსხვილესი საექსპორტო ბაზრები იყო:
- ჩინეთი – 417.0 მილიონი აშშ დოლარი;
- რუსეთი – 308.4 მილიონი აშშ დოლარი;
- თურქეთი – 243.7 მილიონი აშშ დოლარი.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტის ყველაზე დიდი წილი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე მოდის. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტმა 466.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.5%-ია.
მეორე ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია 304.3 მილიონი აშშ დოლარით, რომლის წილი ადგილობრივ ექსპორტში 12.7%-ს შეადგენს.
პირველ სამეულს ფეროშენადნობები ასრულებს. 2026 წლის იანვარ-ივნისში მათი ექსპორტის მოცულობამ 147.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ადგილობრივი ექსპორტის 6.2%-ს უდრის.
















