Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინური AI-ჩიპების აკრძალვის შესაძლებლობას არ ემხრობა. ცუკერბერგის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან ჩინურ AI-ჩიპებზე უარის თქმა ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ვერ გაზრდის და ამ ეტაპზე, ვაშინგტონისთვის შიდა დაბრკოლებების აღმოფხვრაა მნიშვნელოვანი.
Financial Times-თან ინტერვიუში Facebook-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ იმის მიუხედავადაც, რომ ვაშინგტონი ინტელექტუალური საკუთრების დაცულობის დარღვევებში ჩინური კომპანიების ბრალეულობას იკვლევს, ჩინური AI-მოდელების აკრძალვა „ეფექტიან გამოსავლად“ მაინც არ ჩაითვლება. ცუკერბერგის თქმით, ვაშინგტონმა იმ ბარიერების აღმოფხვრაზე უნდა იმუშაოს, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს ჩინეთთან კონკურენციაში ხელს უშლიან.
ცუკერბერგი AI-მოდელების რეგულირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე, ხელოვნური ინტელექტი რამდენიმე მსხვილი კომპანიის კონტროლქვეშ აღმოჩნდეს. მისივე თქმით, რეგულირების თემის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემოწმება ინდუსტრიისთვის სასარგებლო იქნება, თუმცა ამ პროცესში წამყვანი AI-კომპანიების მხრიდან გავლენის მოხდენა მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს.
ცუკერბერგმა გააკრიტიკა ძლიერი AI-მოდელების შეზღუდვის იდეაც. მისი შეფასებით, მსგავსი ტიპის სისტემები არა მხოლოდ კიბერშეტევების პრევენციისთვის, არამედ კიბერუსაფრთხოებაში ხარვეზების აღმოჩენისა და გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.
აღნიშნულ თემაზე დისკუსიები განსაკუთრებით აქტუალური პეკინში ბაზირებული კომპანია Moonshot AI-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელის წარდგენის შემდეგ გახდა. ახალი AI-მოდელის, Kimi K3-ის შესაძლებლობები, ინდუსტრიის შეფასებით, OpenAI-სა და Anthropic-თან ძალიან ახლოსაა.
თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მტკიცებით, Moonshot AI-მა ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად ე.წ. „დისტილაციის“ ტექნიკა გამოიყენა, რაც ინტელექტუალური საკუთრების დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს. აშშ-ის ხაზინდრის, სკოტ ბესენტის, განცხადებით, ჩინური AI-ლაბორატორიების წინააღმდეგ, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის ფაქტით არიან ცნობილნი, სანქციების დაწესებაც განიხილება.
ცნობისთვის, „დისტილაცია“ არის ტექნიკა, რომლის დროსაც ახალი AI-მოდელების დასახვეწად ძველი, გამოცდილი ვერსიები გამოიყენება. მსგავსი ტექნიკა კომპანიებს ახალ მოდელებზე მუშაობისას ხარჯების შემცირებაში ეხმარება.
„დისტილაციის“ ზოგიერთი ფორმა ფართოდ არის მიღებული და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიების მიერ წახალისებულიცაა მაშინ, როდესაც კომპანიები საკუთარი მოდელების უფრო მცირე მასშტაბის და ეფექტიან ვერსიებს ქმნიან. მიუხედავად ამისა, „დისტილაცია“ სადავო პროცესია, როდესაც მესამე მხარის მიერ გამოიყენება, განსაკუთრებით კი ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორებიცაა ჩინეთი და რუსეთი.











