REUTERS/Thomas Peter/File Photo
ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირანი რამდენიმე კვირაში მხრით გადასატან საზენიტო-სარაკეტო დანადგარებს მიიღებს. საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით, Reuters-ი აცხადებს, რომ 300-დან 400 ერთეულამდე შეიარაღების მისაღებად ირანსა და ჩინეთს შორის გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება $60-70 მილიონია.
მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში ირანის სამხედრო შესაძლებლობები, განსაკუთრებით – სარაკეტო თავდაცვის მიმართულებით, მნიშვნელოვნად შესუსტდა. ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივმა საჰაერო თავდასხმებმა ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები თითქმის სრულად გაანადგურა. ომის მიმდინარეობისას ისრაელისა და შეერთებული შტატების საჰაერო ხომალდები ირანის საჰაერო სივრცეში თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. თავდასხმების შედეგად განადგურდა ირანის სამხედრო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილიც. კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების მოწყვლადობამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანისთვის მოკლე მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემების საჭიროება.
ჩინური წარმოების მხრით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსტი QW-12 და FN-16-ტიპის MANPADS-სისტემები ირანს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების აღდგენაში დაეხმარება.
QW-12 და FN-16 მხრით გადასატანი, ინფრაწითელი სხივებით მართვადი მიწა-ჰაერის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებია, რომლებიც შექმნილია დაბალ სიმაღლეზე გადაადგილებული თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად. მათი მაღალი მობილობა საშუალებას იძლევა, სწრაფად განლაგდეს სამხედრო ობიექტების, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების მახლობლად.
შეიარაღების ექსპერტები QW-12-ს ნაკლებად ეფექტიანს უწოდებენ QW-ს ახალ ვარიანტებთან შედარებით, მათ შორის QW-18-თან და QW-19-თან შედარებით, თუმცა ამბობენ, რომ სისტემებს კვლავ შეუძლიათ უზრუნველყონ მოკლე დისტანციაზე მყოფი დრონებისა და სხვა სამიზნეებისგან დაცვა.
მიუხედავად იმისა, რომ ირანმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რაკეტების, დრონებისა და რადარების წარმოებაში მსხვილი ინვესტიციები განახორციელა, სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ მათთვის პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემები უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მათი სწრაფად გაფანტვა, მცირე ჯგუფების მიერ მართვა და ხშირად გადატანა შესაძლებელია, რაც მათ ნაკლებად დაუცველს ხდის, ვიდრე სტაციონარული საჰაერო თავდაცვის ბატარეები.
ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით Reuters-ი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ხელმოწერილია, მიწოდების გრაფიკი, რაოდენობა და განხორციელების სხვა დეტალები შეიძლება მაინც შეიცვალოს.
მხარეებს შორის შეთანხმებული გეგმის თანახმად, თავდაპირველად მიწოდება განხორციელდება საჰაერო გზით დასავლეთ ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან, შემდეგ კი ტრანზიტით პაკისტანის გავლით – ირანში. პაკისტანის არმიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, ISPR-მა, განაცხადა, რომ სპეკულაციები იმის შესახებ, რომ პაკისტანი მონაწილეობს ჩინეთიდან ირანისთვის საჰაერო თავდაცვის იარაღის მიწოდებაში, აბსოლუტურად გამოგონილი და მცდარია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეირანი ჩინური სამხედრო მარაგებისა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტების უფრო ფრთხილად გადასატანად და შეფერხების რისკის შესამცირებლად სახმელეთო მარშრუტების გამოყენების შესაძლებლობებს აქტიურად იკვლევს.
რამდენიმე კვირის წინ Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირანი ახლოს იყო ჩინეთთან ცალკეული შეთანხმების მიღწევასთან ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების შეძენის თაობაზე. მოგეხსენებათ, ირანზე მიტანილი იერიშების დიდი ნაწილი ამერიკული სამხედრო ხომალდებიდან ხორციელდებოდა.















