ფოტო: globalvillagespace.com
ახლო აღმოსავლეთში მზარდი სამხედრო დაძაბულობის ფონზე, საუდის არაბეთმა, პაკისტანმა და თურქეთმა 7 აგვისტოს, ქალაქ მექაში, ერთობლივ თავდაცვით შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მხარეების შეფასებით, შეთანხმების მიზანს კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერება, ნებისმიერი ტიპის აგრესიის აქტის წინააღმდეგ კოლექტიური შეკავების გაძლიერება და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
„მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმების“ პირობებით, ხელმომწერი სამი სახელმწიფოდან რომელიმეზე შეიარაღებული თავდასხმა ყველა მათგანზე თავდასხმად ჩაითვლება. თუმცა შეთანხმების ტექსტში არ არის დაკონკრეტებული, რა ვალდებულებებს იღებს თითოეული მხარე კოლექტიური თავდაცვის მუხლის ფარგლებში.
Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან როგორც ისრაელის, ისე ირანის სულ უფრო აგრესიული სამხედრო პოლიტიკით, მაშინ როდესაც მათი მრავალწლიანი მოკავშირისთვის, აშშ-ისთვის, რეგიონში სტაბილურობის კონტროლი სულ უფრო რთულდება.
თურქეთის ოფიციალური პირების განმარტებით, შეთანხმება სრულად თავდაცვითი ხასიათისაა, არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ და გავლენას არ ახდენს არც ორმხრივ და არც მრავალმხრივ მოქმედ სამხედრო შეთანხმებებზე. მათი თქმით, სამომავლოდ, „მექის ერთობლივი თავდაცვის შეთანხმებაში“ შესვლა რეგიონის სხვა ქვეყნებსაც შეეძლებათ.
ექსპერტთა შეფასებით, შეთანხმება მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს, რადგან ის მუსლიმური სამყაროს სამ გავლენიან სახელმწიფოს აერთიანებს. გალფის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, აბდულაზიზ საგერის თქმით, თუ მხარეებს შორის თანამშრომლობა პრაქტიკულ ფორმას მიიღებს, შესაძლოა, რეგიონში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბების მოწმენი აღმოვჩნდეთ.















