ფოტო: Shutterstock.com
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ესტონეთის კოალიციურმა მთავრობამ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა წევრმა მანდატი დატოვა.
ესტონეთის პარლამენტის წევრებმა კალევ სტოიჩესკუმ პარტია „ესტონეთი 200“, ხოლო მეელის კიილიმ „რეფორმის პარტია“ დატოვეს. აღნიშნულის გამო ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის მთავრობა 101-კაციან პარლამენტში 50 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვა პირდაპირ კოალიციური მთავრობის დაშლას არ ნიშნავს, შესაძლოა მიხალის მთავრობას სხვადასხვა ინიციატივასთან დაკავშირებით პარლამენტში დიდი წინააღმდეგობა შეხვდეს, რასაც მანდატების უკმარისობის გამო ვერ დაძლევს. ეს კი პოტენციურად პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი შეიძლება იყოს.
ცნობისათვის, ესტონეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომელიც 1992 წელს მიღებული კონსტიტუციით იმართება. აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის ხელშია. საკანონმდებლო ხელისუფლება კი პარლამენტით იმართება, რომელსაც რიიგიკოგუ ჰქვია. ესტონეთის პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტის როლი მხოლოდ წარმომადგენლობითი და ცერემონიულია.
ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ბალტიისპირულ სახელმწიფოში 2027 წლის მარტშია დაგეგმილი.
ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი „რეფორმის პარტიის“ წევრი კრისტენ მიხალია, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2024 წლის 23 ივლისიდან იკავებს. მან ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კაია კალასი ჩაანაცვლა, რომელიც ამჟამად ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.
















