ფოტო: ft.com
კანადა მიმდინარე კვირაში აშშ-ის მხრიდან ახალი, 50%-იანი ტარიფების ამოქმედებისთვის ემზადება. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტარიფებმა შესაძლოა ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ რამდენიმე ინდუსტრიაში სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს და, ამასთან ერთად, ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომავალზე მიმდინარე მოლაპარაკებები გაართულოს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში 1930 წლის „ტარიფების აქტის“ სექცია 338 გამოიყენა და ოთხშაბათიდან კანადური იმპორტის რიგ კატეგორიებზე 50%-იანი ტარიფების დაწესება გადაწყვიტა. შეზღუდვები ღვინოს, ავეჯს, რძის პროდუქტებს, ცემენტს, ტანსაცმელს, სათევზაო ანკესებს, ჰოკეის აღჭურვილობასა და სხვა საქონელს შეეხება.
აღნიშნული სამართლებრივი მუხლი აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, სავაჭრო პარტნიორების პროდუქციაზე, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, ამერიკულ საქონელს დისკრიმინაციას უწევენ, 50%-მდე საპასუხო ტარიფები დააწესოს.
ტრამპის მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენება უპრეცედენტოა და კანადასთან მიმართებით მისი მკაცრი სავაჭრო პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. აქვე აღსანიშნავია, რომ კანადა აშშ-ისთვის მეორე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია მექსიკის შემდეგ.
როგორც ცნობილია, ახალი ტარიფები დაახლოებით $20 მილიარდის ღირებულების კანადურ საქონელს შეეხება. ეს 2025 წელს აშშ-ის მიერ კანადიდან იმპორტირებული $383 მილიარდის ღირებულების საქონლის დაახლოებით 5.2%-ია.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ მოსალოდნელ ტარიფებსა და შესაძლო შეთანხმებაზე საუბრისას მოლაპარაკებების დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა. მისი თქმით, აშშ-სა და კანადას შორის მოლაპარაკებები ინტენსიური და დელიკატურია. კარნი ასევე ელოდება, რომ ვადის ამოწურვამდე ტრამპს გაესაუბრება.
მიუხედავად რეგულარული შეხვედრებისა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმებაზე შეჯერებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კანადაში წარმოებული ავტომობილებისთვის დაწესებული ტარიფები რჩება.
აღსანიშნავია, რომ ახალი ტარიფები განსხვავდება ტრამპის მიერ მანამდე დაწესებული ბევრი სხვა საიმპორტო გადასახადისგან. კერძოდ, ისინი გავრცელდება იმ პროდუქტებზეც, რომლებიც აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმების (USMCA) ფარგლებში პრეფერენციული რეჟიმით სარგებლობენ. აღნიშნული შეთანხმება კანადისა და აშშ-ის სავაჭრო საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილის ტარიფებისგან დაცვას უზრუნველყოფდა.














