ფოტო: Ali Saeedi/Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და არც არის დაგეგმილი. ამასთან, მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე გახსნილია და ნაოსნობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ირანის ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ სტრატეგიული საზღვაო გზა გემებისთვის კვლავ ჩაკეტილია.
მოლაპარაკებების პერსპექტივის გაუარესებამ სამშაბათს ნავთობის ფასი კვლავ გაზარდა, მაშინ როდესაც საფონდო ბაზრებზე კლებამ და მსხვილი ეკონომიკებისთვის, მათ შორის აშშ-ისთვის, სესხების ღირებულების მრავალწლიანი მაქსიმუმების მიღწევამ გლობალურ ეკონომიკაზე კრიზისის ხანგრძლივი ინფლაციური და ფისკალური გავლენის შესახებ შეშფოთება გააძლიერა.
ირანსა და აშშ-ს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა ორშაბათს ამოეწურა. ირანის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ დიპლომატიური ჩიხის გამო ქვეყანა „სრულად შეტევით“ სამხედრო პოზიციაზე გადასვლას აპირებდა. თუმცა სამშაბათს მხარეების მხრიდან ახალი დარტყმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არანაირი მოლაპარაკებები ან საუბრები არ მიმდინარეობს და არც არის დაგეგმილი“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისივე განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ბლოკადა კვლავ სრულად მოქმედებს, ჰორმუზის სრუტე გახსნილია და ყველა საზღვაო ნაღმი ან განაღმულია, ან აფეთქებული.
ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა მისი სიძისა და სპეციალური წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის, უფრო ოპტიმისტური შეფასება. კუშნერმა ორშაბათს განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობდა და შესაძლოა, ის წარსულში არსებულ ნებისმიერ ეტაპზე უფრო ინტენსიურიც კი ყოფილიყო.
კონფლიქტი, რომელიც თითქმის ექვსი თვის წინ ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი დარტყმებით დაიწყო, ამჟამად ჩიხშია შესული. ირანი კვლავ იმუქრება ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხებით, ხოლო ვაშინგტონი აცხადებს, რომ გრძელვადიანი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში შესაძლოა ირანზე სამხედრო დარტყმები განახლდეს.
აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის პრევენციაა. თუმცა ექსპერტების შეფასებით, ამის მიღწევა რთული იქნება, თუ ირანის გამდიდრებული ურანის მარაგები, რომლებიც, სავარაუდოდ, აშშ-ის მიერ ადრე დაბომბილ ობიექტებშია დამალული, ქვეყნიდან არ გაიტანეს.
ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლა კვლავ შეფერხებულია
ტრამპის განცხადებების მიუხედავად, სპარსეთის ყურეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების შესახებ ცნობები კვლავ გავრცელდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანიდან გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა დააფიქსირა. ეს პირველი მსგავსი შემთხვევა იყო 4 მაისს ფუჯაირას პორტზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ.
მოგვიანებით უწყებამ განაცხადა, რომ მისი შეფასებით, რაკეტების სამიზნე „საზღვაო მიმოსვლა“ იყო, თუმცა ორივე მათგანი ზღვაში ჩავარდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაღაეიმ საამიროების ბრალდებებს „უსაფუძვლო“ უწოდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ რეგიონში ესკალაციის გამო ირანთან ყველა სავაჭრო საქმიანობა და ფინანსური ტრანზაქცია დროებით შეაჩერა. უწყების შეფასებით, ვითარება რეგიონულ და საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.
ამავდროულად, გაერთიანებული სამეფოს Maritime Trade Operations-მა სამშაბათს მიიღო ინფორმაცია, რომ ჰორმუზის სრუტიდან გასვლისას გემს ჭურვი მოხვდა. შემთხვევის შედეგად გემის ძრავის განყოფილება დაზიანდა და ეკიპაჟის ერთი წევრი დაშავდა. დარჩენილ ეკიპაჟს ომანის სანაპირო დაცვა დაეხმარა.
საზღვაო გადაზიდვების წინასწარი მონაცემებით, ორშაბათს ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების რაოდენობა ერთნიშნა მაჩვენებელზე დარჩა.
ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა მოჰამედ ბაქერ კალიბაფმა განაცხადა, რომ სრუტე დახურული დარჩებოდა მანამ, სანამ აშშ ივნისში ირანთან გაფორმებული დროებითი შეთანხმების პირობებს არ შეასრულებდა. მათ შორის თეირანი ვაშინგტონისგან ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტას, ნავთობის სანქციების მოხსნას, ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლებას და სამხედრო ოპერაციებისა და მუქარის შეწყვეტას მოითხოვს.
17 ივნისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეებს ირანის ბირთვულ პროგრამასა და აშშ-ის სანქციებზე უფრო ფართო შეთანხმებისთვის 60-დღიან ვადას აძლევდა. ვადა ორშაბათს ამოიწურა, ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ მის გაგრძელებას არ გეგმავს.
შეთანხმება თავდაპირველად ყველა ფრონტზე სამხედრო ოპერაციების „დაუყოვნებლივ და სამუდამოდ“ შეწყვეტას ითვალისწინებდა, თუმცა ის ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო მალევე ჩაიშალა.
ნავთობის ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება
კონფლიქტის დაწყების შემდეგ Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და პიკის დროს ბარელზე $126-ს მიაღწია, რაც ომამდე არსებულ დონეს დაახლოებით 75%-ით აღემატებოდა.
სამშაბათს Brent-ის ფიუჩერსების ფასი 20 ცენტით გაიზარდა და ბარელზე $91-ზე ოდნავ მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა.
ჰორმუზის სრუტის გარშემო ვითარების გამწვავება გლობალური ენერგეტიკული ბაზრების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რადგან ომამდე ამ მარშრუტით მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით მეხუთედი გადიოდა.
აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობა არ გამორიცხა. „პრეზიდენტს მომდევნო კვირებსა და თვეებში კიდევ ბევრი ბერკეტის უფრო ძლიერად ამოქმედება შეუძლია“, – განაცხადა მან.
წაიკითხეთ ასევე: ტრამპს ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება სურს – რა ბერკეტები აქვს აშშ-ს?












