ისტორიული მონაცემები: დაღუპა თუ გადაარჩინა გეორგიევსკის ტრაქტატმა საქართველო?

ისტორიული მონაცემები: დაღუპა თუ გადაარჩინა გეორგიევსკის ტრაქტატმა საქართველო?

ორას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართლ-კახეთი ჯერ 1768-74 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში ჩაერთო რუსეთის მხარეს, შემდეგ კი, 1783 წელს, ტრაქტატით რუსეთის მფარველობაში შევიდა. ტრაქტატიდან ოცი წელიც არ გასულა და, რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და პირდაპირ შეუერთა იმპერიას, რასაც, ნელ-ნელა, მთელი საქართველოს იმპერიაში ინტეგრირება მოჰყვა. ქართველების საბედისწერო გადაწყვეტილებაზე ჯერ კიდევ „თერგდალეულები“ წერდნენ, შემდგომ თაობებში კი ამ საკითხს აქტუალურობა არ დაუკარგავს და არც თანამედროვეობაში წყდება მსჯელობა: დაღუპა თუ გადაარჩინა ტრაქტატმა საქართველო, რა მოიტანა დადებითი და რა – უარყოფითი. რუსებს ამ საკითხის მიმართ სხვაგვარი ხედვა აქვთ, რომელიც ფართოდ მოახვიეს ქართულ საზოგადოებას თავს, მაგრამ რა არის მასში სიმართლე და როგორ უნდა აღიქვამდეს ისტორიულ რეალობას ქართველი? 

 

ისტორიული საფუძვლები

XVIII საუკუნის კავკასიაში სამი დომინანტი სახელმწიფოს ინტერესები იკვეთებოდა: ოსმალეთის იმპერიის, სეფიანთა (შემდგომში ავშართა, ზენდთა და ყაჯართა) ირანისა და რუსეთის. მაგრამ, განსხვავებით XVI-XVII საუკუნეებისგან, რუსეთი აღმავლობის გზაზე იყო, ოსმალეთი და ირანი კი დაკნინებისა და დასუსტების. თუ 1555 წელს ამასიის ზავით, რეგიონში მკვიდრად ფეხმოკიდებულმა ირანელებმა და ოსმალებმა გაიყვეს გავლენის სივრცეები, ორ საუკუნეში რეალობა ბევრად შეიცვალა. ბუნებრივია, ასეთი დიდი იმპერიები კვლავ ინარჩუნებდნენ გარკვეულ გავლენას მცირე ქართულ სამეფო-სამთავროებზე, მაგრამ ეს უალტერნატივობითაც იყო გამოწვეული. რეგიონში სხვა ძალები ჯერ არ იყვნენ შემოსულები, „დენთის იმპერიების“ (ოსმალეთი, ირანი, მუღალები) დაცემის დრო კი ჯერაც არ იყო დამდგარი. მას შემდეგ, რაც რუსეთი პეტრე I-მა გარდაქმნა, ის რეგიონულიდან, უფრო მასშტაბურ მოთამაშედ გადაიქცა. რუსებმა დაიწყეს ოსმალეთის შევიწროება ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, ირანისა – კასპიისპირეთში. მიუხედავად ამისა, კავკასიაში და ზოგადად, შავი ზღვის აუზში, რუსეთის გავლენის დასამყარებლად, ყირიმის აღებამდე მცირე შანსი იყო. 1768 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი, რომელიც, ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპაში და ბალკანეთზე მიმდინარეობდა. ყირიმი ამ ომის მნიშვნელოვანი სამიზნე იყო. შავიზღვისპირეთში ოსმალეთის გავლენის შესამცირებლად, რუსეთს დასჭირდა კავკასიაში ადგილობრივ ქართულ სამეფოებთან ალიანსი და მათი გამოყენება მეორე ფრონტის გასახსნელად. მანამდე არსებული კონტაქტები ბევრად შეზღუდული იყო, მფარველობის ისეთი დოკუმენტები, როგორიც კახეთის მეფეებთან გაფორმდა – ფორმალური და ვერც რუსეთი იჩენდა დიდ ინიციატივას ქართველების დასახმარებლად, ამჯერად საქმე უშუალო სამხედრო ალიანსამდე მივიდა. 

1768 წლისთვის, როცა რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო, ქართლ-კახეთს მეფე ერეკლე II მართავდა, რომელიც, მამამისის, თეიმურაზ II-ის მსგავსად, ესწრაფოდა რეგიონში ახალი მოკავშირის შეძენასა და ირან-ოსმალეთის წინააღმდეგ ძალთა ბალანსის შექმნას. მეფემ ჩათვალა, რომ ეს რეგიონში რუსეთის ძალების რეალურად შემოყვანის შანსი იყო, განსხვავებით ჯერ კახეთის მეფეებისა XVI-XVII საუკუნეებში, შემდეგ ვახტანგ VI-ისა, რომელიც პეტრე I-თან სამხედრო ალიანსით გეგმავდა ირანის გავლენის განდევნას. ქართლ-კახეთი შეუერთდა რუსეთს ოსმალეთის წინააღმდეგ ომში, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ერეკლეს საკმაოდ მყარი პოზიციები ეჭირა აღმოსავლეთ საქართველოში და ჰქონდა კარგი ურთიერთობა იმერეთის სამეფოსთან და ახალციხის საფაშოსთან, მისი გავლით კი – ოსმალეთთან. 

ამ გადაწყვეტილების მიღება არც ისე ადვილი უნდა ყოფილიყო და შედეგებიც საკმაოდ მძიმედ აისახა საქართველოზე. ამ ომში გაცილებით უფრო დიდი ინტერესი ამოძრავებდა სოლომონ I-ს, იმერეთის მეფეს, ვინაიდან, მისი სამეფო და ზოგადად დასავლეთი საქართველო ოსმალეთის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. ერეკლე და სოლომონი რუსეთ-ოსმალეთის მეორეხარისხოვან ფრონტზე, მნიშვნელოვანი მოკავშირეები გახდნენ. თუმცა მოსალოდნელი დახმარება,ფაქტობრივად, არ მიუღიათ და საკუთარი ძალებით მოუხდათ მტერთან გამკლავება. ხოლო როცა ომი დასრულდა, არც საკმარისი რუსული ძალები დარჩენილა რეგიონში, რათა გადამტერებული ოსმალეთისგან თავი დაცულად ეგრძნოთ. ამას ემატებოდა ისიც, რომ არც ირანი იყო კმაყოფილი რეგიონში რუსეთის შემოსვლით და შემდგომში ეს ერეკლესთვის დიდ თავსატეხად იქცა. სწორედ აქედან გამომდინარე, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ როგორც იმერეთის, ისე ქართლ-კახეთის მეფეები, ნელ-ნელა უფრო დამოკიდებულები ხდებოდნენ რუსეთზე. 1783 წელს კი ერეკლე II-მ რუსეთის იმპერიასთან გააფორმა გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლითაც ქართლ-კახეთი შევიდა რუსულ მფარველობაში და დათმო საგარეო პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა. 

გეორგიევსკის ტრაქტატზე ბევრი დაწერილა, და უმეტესად – საქართველოს უკვე რუსეთის შემადგენლობაში ყოფნის დროს. შესაბამისად, რუსული გავლენით, გადაიქცა რუსეთისგან ქართველების გადარჩენის, ხსნის, ერთგული მეგობრობის სიმბოლოდ. რუსული ნარატივით, ის განზოგადდა მთელ საქართველოზეც, ვინაიდან ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ იმპერიამ ნელ-ნელა დანარჩენი სამეფო-სამთავროებიც ჩაყლაპა. ტრაქტატისა და მთელი საქართველოს ერთად მოხსენიება კი მეტ ლეგიტიმაციას აძლევდა რუსეთს, გაემართლებინა მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება მხსნელის სახელით. ყველაზე ხშირად აპელირება ხდებოდა იმაზე, რომ მაშინდელ საქართველოში სულ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ცხოვრობდა და ხალხი გადაშენების პირას იყო და იმაზე, რომ თითქოს ოსმალეთმა და ირანმა პირი შეკრეს ზუსტად ამ დროს, ქვეყნის საბოლოოდ ჩასაყლაპად, გასამუსლიმებლად და მიწასთან გასასწორებლად. მაგრამ, თუ თანადროული წყაროების მიხედვით ეპოქას გადავხედავთ და შედარებით მსჯელობასაც მივმართავთ, სურათი გაცილებით სხვა და უფრო კომპლექსურია.

მოგებიანი თუ წაგებიანი შეთანხმება?
  • იმ დროისთვის, როცა გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო, მისი სრულად, დარღვევების გარეშე ფუნქციონირება თითქმის წარმოუდგენელი იყო, კი, ეს აღარ იყო იმ კატეგორიის ფორმალური დოკუმენტი, როგორიც ორი საუკუნით ადრე კახეთის მეფეებმა დადეს რუსეთთან, მაგრამ მოქმედებისთვის მაინც ნაადრევი გახლდათ. გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებისას, რუსეთი არ იყო რეგიონში ფართოდ ფეხმოკიდებული, ჯერჯერობით არც დიდი ძალები ჰყავდა კასპიისპირეთში და უფრო დიდი ინტერესები ჰქონდა სხვა მიმართულებებით, ფართოდ იყო ჩართული ევროპულ პოლიტიკაში და ოსმალეთისგან ითვისებდა ყირიმს. ფაქტობრივად, არ შეეძლო უზრუნველეყო ქართლ-კახეთის სრულად დაცულობა, ჩრდილოეთ კავკასიის სახანოების გაუვნებელყოფა, საკმარისი ჯარების გამოგზავნა, შენახვა, მომარაგება იმ პირობებში, როცა კავკასიაში მყარად ჯერაც არ იყო. კავკასიას ჯერაც განიხილავდა მეორეხარისხოვნად, სწავლობდა რეგიონს, ზვერავდა და აქ დამკვიდრების შორეულ პერსპექტივას ხედავდა. 
  • იმ პირობებში, რომ რუსეთი ვერ უზრუნველყოფდა ქართლ-კახეთის დაცვას, მეფე ერეკლე II ყველა ვარიანტში იძულებული იქნებოდა, ლოკალური საკითხები და მეზობლებთან ურთიერთობა თვითონ გაერკვია და დაედო მათთან სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებები, ამ ყველაფრის რუსეთთან გადამოწმება, შეთანხმება და დამტკიცება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო. ქართლ-კახეთის მონარქი, უბრალოდ, იძულებული გახდებოდა, დაერღვია ტრაქტატის პირობები და ემოქმედა დამოუკიდებლად, ისევ საკუთარი სამეფოს გადასარჩენად, ვინაიდან რეალურ მხარდაჭერას ვერ მიიღებდა. არც რუსეთის ავტორიტეტს შეუშლია ხელი ომარ ხანისთვის თუ აღა მაჰმად ხანისთვის, სასტიკად დაერბიათ ქართლ-კახეთი სწორედ ტრაქტატის შემდეგ. თუ გადავხედავთ რუსეთთან კავშირის დამყარებამდე მდგომარეობას და შევადარებთ ჯერ 1768-74 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში ქართლ-კახეთის ჩარევისა და 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ შექმნილ სიტუაციას, ვნახავთ, რომ ერეკლე II-ის მდგომარეობა გაცილებით გაუარესდა. ოსმალებისგან წაქეზებული ლეკები, ირანში ძალაუფლებისთვის მებრძოლი ხანები, ახალციხის ფაშა, ყველანი მტრობდნენ ქართლ-კახეთს, რომელსაც მათთან დამოუკიდებელი ურთიერთობის უფლებაც შეზღუდული ჰქონდა რუსეთისგან, ის კი, თავის მხრივ, დიდ ყურადღებას არ იჩენდა შექმნილი მდგომარეობის მიმართ. 
ტრაქტატი – საქართველოს მხსნელი?
  • რუსულ ნარატივში, ყველაზე ხშირად, აპელირება ხდება იმაზე, რომ რუსეთმა ტრაქტატის დადებით, საქართველო გადაარჩინა განადგურებასა და გაქრობას. შევხედოთ XVIII საუკუნის შუა ხანების პოლიტიკურ რეალობას და შევადაროთ XVI-XVII საუკუნეში სეფიანთა ირანისა და ოსმალეთის იმპერიის ძლიერების ხანას. ამ პერიოდში, საქართველომ გადაიტანა შაჰ თამაზის, მუსტაფა ლალა ფაშას, შაჰ აბასისა და კიდევ მრავალი ლაშქრობა – მძიმე შედეგებით ქვეყნისთვის. სამაგიეროდ, XVIII საუკუნე ირანისა და ოსმალეთის დაკნინებისა და დასუსტების პერიოდია. ამან შესაძლებლობა მისცა თეიმურაზ II-სა და მის ვაჟს ერეკლე II-ს, გაეძლიერებინათ მეფის ხელისუფლება. მამის შემდეგ კი ერეკლე ორივე სამეფოს მეფე გახდა. ის ენერგიული და მოწადინებული მმართველი იყო, რომელსაც სურდა ევროპული რეფორმების გატარება, ჯარის გაძლიერება, ეკონომიკის გამოცოცხლება და ბევრს ზრუნავდა ამისთვის. ოსმალეთის პასიურობამ და ირანში ძალაუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლამ ერეკლეს ბევრად მეტი თავისუფლება მისცა საგარეო პოლიტიკაში. არც 1770-იან წლებამდე, და არც შემდეგ, მიუხედავად რუსეთთან კავშირის გამო გართულებული საგარეო მდგომარეობისა, ქართლ-კახეთს არანაირი გადაშენებისა და გაქრობის საფრთხე არ ედგა. 
  • რუსულ ნარატივში, ამ დროის საქართველოში ძალიან მცირერიცხოვანი (150-200–ათასიანი) მოსახლეობა იყო და რუსეთს რომ არ დაეპყრო ქვეყანა, გადაშენდებოდა. რეალურად, საქართველოს მოსახლეობა აღწერილია და აჭარბებდა 700 ათასს 1770 წლისთვის (უშუალოდ ქართლ-კახეთი – მიახლოებით 300 ათასი), რაც XVIII საუკუნისთვის ამ ფართობის, მთაგორიანი და ნაკლებად ურბანიზებული ქვეყნისთვის იყო აბსოლუტურად ნორმალური რაოდენობა. ეს დრამატული შემცირების ეფექტი შექმნა იმ უსაფუძვლო მითმა, შუა საუკუნეებში რამდენიმემილიონიან მოსახლეობას რომ ითვლიდა. რეალურად, შუა საუკუნეებში, დიდი რეგიონული ქვეყნის პირობებშიც კი მინიმალურად შეიძლებოდა მიახლოებოდა 2 მილიონს, სომხეთიანად, ტაო-კლარჯეთით და ზოგადად, დიდი საქართველოს პირობებში. ეს ეპოქის ჩვეულებრივი მოცემულობაა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. აქ უნდა გამოვიყენოთ შედარების მეთოდიც და საშუალო დემოგრაფიული მდგომარეობის ფაქტორიც. მაგალითად, XVIII საუკუნის საქართველოს მოსახლეობაზე არსებობს ვახტანგ ჯაოშვილის ნაშრომი „საქართველოს მოსახლეობა XVIII-XX საუკუნეებში”, რომელშიც გაანალიზებულია წყაროები და მოყვანილია სტატისტიკური ინფორმაცია. უნდა დავამატოთ, რომ ისტორიის იმავე პერიოდში, ბევრად უკეთეს პირობებში მყოფი დანია-ნორვეგიის გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა მილიონ-ნახევარსაც ვერ აღწევდა, შვეიცარიის კონფედერაციისა კი მილიონი იყო დაახლოებით. მოსახლეობა საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც, დრამატულად (60-75% ზრდა იყო საერთო მოსახლეობის) გაიზარდა XIX-XX საუკუნეებში. XVIII საუკუნის შუა ხანებში, პლანეტის მოსახლეობა აღწევდა დაახლოებით 700 მილიონს, 1850 წლისთვის 1 მილიარდს მიაღწია, XX საუკუნის დასაწყისისთვის კი გადააჭარბა 1.5 მილიარდს. ეს გამოიწვია მედიცინის განვითარებამ, მასობრივმა ვაქცინაციამ, ცხოვრების პირობების შედარებით გაუმჯობესებამ, მშობიარობისას სიკვდილიანობის შემცირებამ და ა.შ. 
  • რუსეთისგან დაპყრობილ საქართველოში, განსაკუთრებით, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როცა კავკასიისა და ყირიმის ომები დასრულდა, შედარებით მშვიდობიანმა და სტაბილურმა პერიოდმა, ბუნებრივია, გამოიწვია მოსახლეობის შედარებითი ზრდა და ქართულმა თავად-აზნაურობამაც იხეირა რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში თუ ევროპული განათლების მიღების მხრივ, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვცდებით თემას და გეორგიევსკის ტრაქტატსაც, ვინაიდან, ტრაქტატი სამეფო დინასტიის ხელშეუხებლობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პირობას დებდა და არც საქართველოს რუსეთისგან დაპყრობას მოიაზრებდა. 
რა შეიძლება ითქვას დასკვნის სახით? 

გეორგიევსკის ტრაქტატი ლოგიკური გაგრძელება იყო ქართველი მეფეების მცდელობებისა, ევროპულ ქვეყნებთან კავშირები მოეძებნათ და ურთიერთობა ჰქონოდათ ქრისტიანულ, დასავლურ ცივილიზაციასთან, რათა თავი დაეღწიათ ისლამური იმპერიების გავლენისგან. ჩვენ ვიცით ქართული ელჩობების შესახებ ევროპულ ქვეყნებში, რომელთაც უშუალო პოლიტიკური შედეგების მოტანა არ შეეძლო, იქიდან გამომდინარე, რომ აღმოსავლეთს ოსმალეთი და ირანი აკონტროლებდნენ და ქართულ-დასავლურ ურთიერთობას გეოგრაფია ხელს ნამდვილად არ უწყობდა. XVI საუკუნიდან რუსეთთან ეტაპობრივად მყარდებოდა კონტაქტი. მეზობელი ქვეყნების დასუსტებისა და კავკასიაში რუსეთის გაძლიერებასთან, განსაკუთრებით, პეტრე I-ს მიერ რუსეთის ევროპულ იმპერიად გადაქცევის შემდეგ, ქართველებს მეტი მოტივაცია ჰქონდათ და იმედი მათგან დახმარების მიღებისა და მფარველის პოვნისა.

 ერეკლე განაგრძობდა წინამორბედების დაწყებულ საქმეს და შევიდა კიდეც ძლიერი ქრისტიანული ქვეყნის მფარველობის ქვეშ გეორგიევსკის ტრაქტატის სახით, მაგრამ, ერთია, რა ეწერა ქაღალდზე და მეორეა, რა მოხდა რეალურად. იმედგაცრუება კი, თვითონ ერეკლეს მხრიდან, ძალზე აშკარა იყო, თანაც, ჯერ კიდევ 1770 წელს, რუსეთის ჯარის გენერალ ტოტლებენთან ერთად ლაშქრობისას, ამ უკანასკნელის მოქმედებების შემდეგ. მეფე ყოველწლიურად სთხოვდა რუსეთს შეპირებულ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას და ვერაფერს იღებდა. „ქვეყანა წამიხდა, და მეც მტრის საცინებელი შევიქენ, და მრავალი იქნებიან, რომ გათათრდნენ, და ზოგი ეგების კიდეც გალეკდეს, და სხვანი აქა-იქა დაიფანტებიან, და ზოგნი ეგების წმინდისა სარწმუნოებისათვის მოწამედ და მოღვაწედ შეიქმნენ“ – ეს წერილი ერეკლემ პოტიომკინს ტრაქტატის დადებიდან სულ ორ წელიწადში, 1785 წელს, ომარ ხანის შემოსევის შემდეგ მისწერა. 

როცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განხილვისას რუსული მხარისგან საუბარია იმაზე, რომ საქართველო გადაარჩინა გეორგიევსკის ტრაქტატმა და ამის დასტურად სახელდება XIX საუკუნის ანუ უკვე რუსეთისგან დაპყრობილ საქართველოში მომხდარი ფაქტები, რუსეთისგან დაპყრობილი ძველი ქართული მიწები, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ა.შ. ეს მსჯელობა დასაწყისშივე აბსურდულია, ვინაიდან გეორგიევსკის ტრაქტატი საერთოდ არ მოიაზრებდა ქართლ-კახეთის და დანარჩენი ქართული სამეფო-სამთავროების იმპერიაში შესვლას, არამედ მფარველობას და შიდა ავტონომიისა და ადგილობრივი მმართველობის შენარჩუნებას. რაც მოხდა, გეორგიევსკის ტრაქტატს ცდებოდა, მისი უხეში დარღვევა და ქვეყნის დაპყრობა იყო, ამიტომ, ისტორიული მოვლენების განხილვისას სიფაქიზე და სიფრთხილეა საჭირო, დეტალებზე დაკვირვება და არა პოლიტიკური ინტერესებისთვის საკუთარი ვერსიების შექმნა.