OpenAI 13-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის ChatGPT-ის სპეციალურ ვერსიას გამოუშებს

OpenAI 13-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის ChatGPT-ის სპეციალურ ვერსიას გამოუშებს

ფოტო: Andrey Rudakov/Bloomberg

OpenAI 13-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის ChatGPT-ის სპეციალურ ვერსიას გამოუშებს, რომელიც ასაკზე მორგებულ დამატებით უსაფრთხოების მექანიზმებს მოიცავს. კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მშობლები, მასწავლებლები და ბავშვთა განვითარების მიმართულების სპეციალისტები მოზარდების მიერ AI-ჩატბოტების გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკებზე აქტიურად ალაპარაკდნენ.

ChatGPT for Teens, რომლის გაშვებაც დღეს იგეგმება, 13-17 წლის მომხმარებლებისთვის არის შექმნილი. OpenAI-ის განცხადებით, ვერსიაში გამკაცრდება შეზღუდვები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თვითმკვლელობა, თვითდაზიანება და რომანტიკული ან სექსუალური საუბრები.

ჩატბოტის სპეციალური ვერსია ასევე მოიცავს საშინაო დავალებებისა და სწავლისთვის განკუთვნილ ფუნქციებს. OpenAI-ის მიზანია, ChatGPT-მ მოსწავლეს უბრალოდ მზა პასუხი ან სასკოლო ნაშრომი არ მიაწოდოს და მის ნაცვლად, საკითხის დამოუკიდებლად გააზრებასა და პასუხის პოვნაში დაეხმაროს.

„გვინდა, მოზარდებს ისე მოვექცეთ, როგორც მოზარდებს – ეს ნიშნავს, რომ განვითარების შესაბამის ეტაპზე უნდა ვიყოთ და არც ზემოდან ვუყურებდეთ მათ და არც ბავშვებად მივიჩნევდეთ“, – განაცხადა OpenAI-ის გლობალური პოლიტიკის ვიცე-პრეზიდენტმა ენ ო’ლირიმ.

მისივე თქმით, კომპანია ამასთან ერთად ცდილობს, მოზარდები AI-ჩატბოტის გამოყენებისას არ გადააწყდნენ ისეთ მასალას, რომლის ნახვაც მათი ასაკისთვის შეუსაბამოა.

მოზარდებში AI-ჩატბოტების გამოყენების ზრდის პარალელურად, მშობლები და განათლების სფეროს წარმომადგენლები როგორც აკადემიური თაღლითობის, ისე ემოციური დამოკიდებულების რისკებზე ალაპარაკდნენ. გასულ წელს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ ChatGPT 13 წლის მომხმარებლებს გარკვეულ შემთხვევებში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების შესახებ სთავაზობდა ინფორმაციას, ასევე კვებითი აშლილობების დამალვის გზებსა და თვითმკვლელობის წერილის შედგენას.

კვლევის ფარგლებში, როდესაც მკვლევრები მოწყვლადი მოზარდების როლში ჩატბოტთან ურთიერთობდნენ, ChatGPT ხშირად აფრთხილებდა მათ სარისკო ქცევების შესახებ, თუმცა ამის შემდეგ ზოგჯერ მაინც აწვდიდა დეტალურ და პერსონალიზებულ ინფორმაციას ნარკოტიკების მოხმარებაზე, მკაცრ დიეტებზე ან თვითდაზიანებაზე.

Common Sense Media-ს 2025 წლის კვლევის მიხედვით, აშშ-ში მოზარდების 70%-ზე მეტი AI-ჩატბოტებს კომპანიონობისთვის იყენებს, ხოლო დაახლოებით ნახევარი AI-კომპანიონებს რეგულარულად მიმართავს.

OpenAI-ის CEO-ს, სემ ოლტმენის თქმით, კომპანია ცდილობს შეისწავლოს ტექნოლოგიაზე ე.წ. „ემოციური გადაჭარბებული დამოკიდებულება“, რომელიც, მისი შეფასებით, ახალგაზრდებში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა.

ახალ ვერსიაში ChatGPT-ს ეკრძალება ისეთი პასუხების გაცემა, რომლებიც მოზარდს აფიქრებინებს, რომ ჩატბოტს მის მიმართ პირადი გრძნობები აქვს, ან რომ ის ცნობიერია და ემოციებს განიცდის. ასევე დაბლოკილი იქნება რომანტიკული და სექსუალური საუბრები.

OpenAI-ის ბავშვთა განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის, ელისონ მიშკინის განცხადებით, კომპანიამ შეისწავლა ის შესაძლო „სიგნალები“, რომლებითაც AI-მოდელმა შესაძლოა მოზარდს მასთან ურთიერთობის ჩამოყალიბებისკენ უბიძგოს.

აღსანიშნავია, რომ OpenAI მომხმარებლების ასაკს პირდაპირ არ ამოწმებს. თუმცა კომპანია უკვე იყენებს ასაკის შეფასების ტექნოლოგიას, რომელიც სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის მომხმარებლის მოთხოვნების ტიპს, აანალიზებს. თუ სისტემა დაადგენს, რომ მომხმარებელი 18 წლამდეა, ან თავად მომხმარებელი მიუთითებს, რომ არასრულწლოვანია, ის მოზარდებისთვის განკუთვნილ ვერსიაზე ავტომატურად გადაერთვება.

გარდა ამისა, OpenAI მშობლებს დამატებით კონტროლის ფუნქციებს სთავაზობს. თუმცა მათი გამოყენება არჩევითია. როგორც მოზარდმა, ისე მშობელმა ან მეურვემ ფუნქციის გააქტიურებაზე თანხმობა უნდა განაცხადოს.

კომპანია აცხადებს, რომ მოზარდებისთვის ChatGPT-ის სპეციალური ვერსიის შექმნის მთავარი მიზანი მხოლოდ უსაფრთხოების დამატებითი ზომების დაწესება არ არის. OpenAI ასევე ცდილობს, AI სწავლის პროცესის მხარდამჭერ ინსტრუმენტად აქციოს.