ფოტო: cbo.gov
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეზღუდვა გააუქმა.
მანჰეტენის ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლე ჯენეტ ვარგასის გადაწყვეტილებით, პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შემოიღო, კანონთან შეუსაბამო იყო და მისი უფლებამოსილების ფარგლებს სცდებოდა.
შეზღუდვა სახელმწიფო დეპარტამენტმა მიმდინარე წლის იანვარში დააწესა. შედეგად, მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით 40%-ის მოქალაქეებისთვის აშშ-ში მუდმივი ცხოვრების მიზნით ვიზების გაცემა შეჩერდა. სიაში საქართველოსთან ერთად მოხვდა რუსეთი, ბრაზილია, კოლუმბია, ეგვიპტე, ჰაიტი, სომალი და სხვა ქვეყნები.
აშშ-ის ხელისუფლება გადაწყვეტილებას ხსნიდა მოტივით, რომ შეზღუდვა ხელს შეუშლიდა იმ ადამიანების ქვეყანაში შესვლას, რომლებიც მომავალში სახელმწიფო დახმარებებსა და სოციალურ შეღავათებზე დამოკიდებულნი გახდებოდნენ.
მოსამართლე ვარგასმა ეს არგუმენტი არ გაიზიარა. მისი შეფასებით, მოქმედი კანონმდებლობა საკონსულო მოხელეებს ავალდებულებს, ვიზის განმცხადებლის ფინანსური მდგომარეობა ინდივიდუალურად შეაფასონ. ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს პირის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შემოსავალი და კვალიფიკაცია, ასევე ოჯახური გარემოებები.
სასამართლომ ასევე გააუქმა ის სავიზო უარები, რომლებიც მხოლოდ აღნიშნულ პოლიტიკას ეფუძნებოდა. მოსამართლის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტივა საკონსულოს თანამშრომლებს ფაქტობრივად ავალდებულებდა, უარი ეთქვათ განაცხადებზე განმცხადებლის კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობის გამო, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც მას დამატებითი მტკიცებულებები ჰქონდა წარმოდგენილი იმის დასადასტურებლად, რომ აშშ-ში სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებული არ გახდებოდა.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზებს, რომლებიც აშშ-ში მუდმივად ცხოვრების უფლებას იძლევა. შეზღუდვა არ ვრცელდებოდა არასაიმიგრაციო ვიზებზე, მათ შორის ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებზე.
სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია მხოლოდ ერთ საკითხზე გაიზიარა და დაადგინა, რომ აღნიშნული პოლიტიკა არ წარმოადგენდა ისეთ ოფიციალურ რეგულაციას, რომლის ამოქმედებამდეც საჯარო განხილვა იყო აუცილებელი.
მოსამართლე ვარგასმა მხარეებს დარჩენილი საკითხების გადაწყვეტის გზების წარსადგენად 11 სექტემბრამდე მისცა ვადა. ადმინისტრაციას გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა აქვს.
სიაში ძირითადად არაევროპული სახელმწიფოები შედიოდნენ. მათ შორის ქვეყნები კარიბის ზღვის რეგიონიდან, სუბსაჰარული აფრიკიდან, ბალკანეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სია ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს მონაცემებს ეფუძნებოდა. სიაში მოხვდნენ ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში ჩასული იმიგრანტების ოჯახების 30%-ზე მეტი სახელმწიფო დახმარებას იღებდა.








