CIA-ის დირექტორი საიდუმლო ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა და პუტინს შეხვდა - მედია

CIA-ის დირექტორი საიდუმლო ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა და პუტინს შეხვდა - მედია

ფოტო: KENNY HOLSTON / THE NEW YORK TIMES

 

ამერიკული მედიასააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში მოკლევადიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

უნდა ითქვას, რომ 2021 წელს ჯონ რეტკლიფის წინამორბედი უილიამ ბარნსის პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ეს აშშ-ის სადაზვერვო ხელმძღვანელობის მოსკოვში პირველი ვიზიტია. გასულ ჯერზე CIA-ის დირექტორის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრიდან სამ თვეში პუტინი უკრაინაში შეიჭრა.

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ კომენტარის გაკეთებისაგან CIA-მ თავი შეიკავა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი გავრცელებული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.  მისი განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტი ჯონ რეტკლიფთან შეხვედრას არ გეგმავდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, რომ ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე საჰაერო თავდასხმებისგან თავი შეეკავებინა. აღნიშნულის მიზეზად ამერიკულმა მხარემ ამ ტერიტორიაზე გადაადგილებადი თვითმფრინავი დაასახელა, რომელშიც მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი იჯდებოდა.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ჯონ რეტკლიფმა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან გამართა. კონკრეტულად რა თემებზე ისაუბრეს მხარეებმა, უცნობია. თუმცა მიმდინარე აქტიური კონფლიქტების გათვალისწინებით, მთავარი საკითხები უკრაინა და ირანი უნდა ყოფილიყო. მოგეხსენებათ, აშშ ირანის სავაჭრო პარტნიორებს მძიმე სანქციების დაწესებით დაემუქრა, რუსეთი კი ირანის სტრატეგიული პარტნიორია.

ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე თავდასხმების დროს, ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთი ირანს აშშ-ის სამხედრო ობიექტების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა. გარდა ამისა, ირანი რუსეთს უკრაინაში საბრძოლველად დრონებითა და დრონების სამხედრო ტექნოლოგიით ამარაგებს.

ჯონ რეტკლიფი ტრამპის პირველი ვადისას ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.