ფოტო: ua.news
ირანმა განაცხადა, რომ მეზობელ ომანთან ჰორმუზის სრუტის მართვის შესახებ მოლაპარაკებები განაახლა, რადგან ის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან გაძლიერებულ ეკონომიკურ ზეწოლას განიცდის.
ირანი და ომანი სტრატეგიული წყლის გზით მოძრაობის კონტროლის შესახებ მოლაპარაკებებს პერიოდულად კვირების განმავლობაში აწარმოებდნენ. ჰორმუზის სრუტე თებერვალში ომის დაწყებამდე გლობალური ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვების ერთ მეხუთედს ახორციელებდა.
ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი საჰაერო თავდასხმების დაწყების შემდეგ კი გადაზიდვების უმეტესობა შეჩერებულია. ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების პირობებით ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება შეზღუდული დროით აღდგა, თუმცა თავდასხმების განახლების შემდეგ კვლავ ჩაიკეტა.
ირანისა და ომანის მიერ სამშაბათს გავრცელებული განცხადებით, მათ სრუტეში „ერთობლივი დროებითი ნავიგაციის დერეფნის“ მოწყობის საკითხი განიხილეს და ნაღმებისგან მის გაწმენდაზე შეთანხმდნენ.
სრუტის განაღმვის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ირანს შორის აქტიური საომარი მოქმედებები დიდწილად ჩაცხრა, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის დიპლომატიური მცდელობები შეჩერდა და ჰორმუზის სრუტით გადაადგილება კვლავ სახიფათოა.
საინტერესოა, რომ მიმდინარე დაძაბულობის მიუხედავად, აშშ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ზოგიერთ დიპლომატიურ მისიაში პერსონალის დაბრუნებას იწყებს, რომლებიც ირანთან დაძაბულობის გამო ევაკუირებული იყო.
ეს ნაბიჯი იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი უახლოეს მომავალში ირანთან კონფლიქტის ესკალაციის დაბალ რისკს ხედავს.
ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო ნავიგაციის საკითხი კვლავ გარდამტეხ თემად რჩება. მკვლევრების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ირანისთვის ჰორმუზის სრუტე ბირთვულ პროგრამაზე დიდი პრიორიტეტი გახდა.















