ფოტო: Dyson
ბრიტანულმა კომპანია Dyson-მა AI-ით აღჭურვილი $499-იანი კბილის ელექტრონული ჯაგრისი წარადგინა, რომელსაც კამერა აქვს ჩაშენებული და მომხმარებელს კბილების გახეხვის პროცესში უკუკავშირს რეალურ დროში აძლევს.
CameraJet-ის სახელწოდების მოწყობილობის შეძენა ლურჯ და ვარდისფერ ფერებში იქნება შესაძლებელი. Dyson-ის განცხადებით, ეს არის პირველი კბილის ჯაგრისი ჩაშენებული კამერით, რომელიც კბილებს შორის სივრცეებს დეტალურ სკანირებას უკეთებს.
მოწყობილობის კამერა, რომელსაც 100 000-პიქსელიანი მაკრო ლინზა აქვს, კბილების ზედაპირს წამში 28 კადრით ასკანერებს. სისტემა მანქანური სწავლების ალგორითმებზე მუშაობს, რომლებიც თითქმის 470 000 სტომატოლოგიური გამოსახულების გამოყენებით არის გაწვრთნილი.
კბილის ჯაგრისი პრობლემურ უბნებს ავტომატურად ამოიცნობს და პირის ღრუს სავლების ჭავლს მათზე მიმართავს. Dyson-ის განცხადებით, ტექნოლოგიის მიზანი იმ ადგილების უკეთ გაწმენდაა, სადაც ნადები წარმოიქმნება და მოგვიანებით მაგრდება.
CameraJet-ის თავაკი სხვადასხვა ტიპის ჯაგარს აერთიანებს და როგორც კბილებიდან ლაქების მოცილებას, ისე კბილსა და ღრძილს შორის სივრცის გაწმენდას უზრუნველყოფს. მოწყობილობას გახეხვის რამდენიმე რეჟიმი აქვს, მათ შორის მსუბუქი, ცვლადი და ღრმა წმენდის. ამასთან, ჰაპტიკური შეტყობინებები მომხმარებელს აფრთხილებს, თუ ის კბილებზე ზედმეტად ძლიერ ზეწოლას ახდენს.
ჯაგრისი Dyson-ის არსებულ MyDyson-ის აპლიკაციასთან არის დაკავშირებული, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია ნახოს გახეხვის პროცესი და პერსონალიზებული რეკომენდაციები და ინსტრუქციები მიიღოს.
Dyson-ის ინფორმაციით, კომპანია ახალი პროდუქტის კვლევასა და განვითარებაზე ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა. კომპანიის უფროსი კომერციული მენეჯერის, ნიამ ტერნის განცხადებით, ამ კატეგორიაში არსებული ინოვაციების დიდი ნაწილი აქამდე ციფრულ ფუნქციებსა და გახეხვის ტექნიკურ მახასიათებლებზე იყო მიმართული, Dyson-ის მიზანი კი უფრო მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცვლილების შემოტანაა.
ჭკვიანი კბილის ჯაგრისების ბაზარი ამ ეტაპზე მაინც ნიშურ კატეგორიად რჩება. მსგავსი პროდუქტები უკვე აქვთ Oral-B-სა და Philips-ს, თუმცა Dyson-ის შეფასებით, CameraJet-ის ჩაშენებული კამერა და AI-ტექნოლოგია მას კონკურენტებისგან განასხვავებს.
Dyson-ი მომხმარებლებს ახალი ჯაგრისით კბილების გახეხვას სამი წუთის განმავლობაში ურჩევს. მოწყობილობის ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა კი ერთი დამუხტვით დაახლოებით 7-10 დღეს შეადგენს.










