ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ამერიკელებისთვის დაპირებული $5,000-იანი „დივიდენდის“ ჩეკების გასაცემად კონგრესის თანხმობა შესაძლოა საჭირო არ იყოს.
ტრამპმა CBS News-თან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის აზრით, აღნიშნული გადახდებისთვის კონგრესის მიერ კენჭისყრა საჭირო არ არის. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, კონგრესი გადაწყვეტილებას მხარს მაინც დაუჭერს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ რესპუბლიკელები ნოემბრის არჩევნების შემდეგ კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, ამერიკის ყველა სრულწლოვანი მოქალაქე $5,000-ს მიიღებს. პრეზიდენტის განმარტებით, ამის შესაძლებლობას ქვეყნის მიერ მიღწეული ეკონომიკური შედეგები და მაღალი შემოსავლები იძლევა.
ამჟამად წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, თუმცა ორივე პალატაში უპირატესობა მცირეა. პროგნოზირების ბაზრების მიხედვით, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატის კონტროლის მოპოვების უფრო მაღალი შანსი აქვთ, ხოლო სენატის არჩევნებში შანსები ფაქტობრივად თანაბარი რჩება.
ტრამპის ინიციატივის განხორციელებას შესაძლოა სამართლებრივი და საბიუჯეტო დაბრკოლებები შეექმნას. აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ფედერალური ხარჯების დამტკიცების უფლებამოსილება კონგრესს ეკუთვნის, რაც მიუთითებს, რომ $5,000-იანი გადახდების პროგრამას საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა დასჭირდება. Reuters-ის ინფორმაციით, რესპუბლიკელებს, შესაძლოა, ე.წ. საბიუჯეტო პროცესის გამოყენებით შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცება დემოკრატების მხარდაჭერის გარეშე შეძლონ.
ტრამპის ინიციატივას უკვე მოჰყვა კრიტიკა მისი პარტიის წევრებს შორისაც. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა თომას მასიმ განაცხადა, რომ „შეურაცხმყოფელია მოსაზრება“, თითქოს ნოემბრის არჩევნებში მისი ხმა $5,000-ით შეიძლება „იყიდონ“. მან ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ ასეთი დაპირებები ინფლაციურ წნეხს გაზრდის.
ეკონომისტების შეფასებით, ინიციატივის განსახორციელებლად ტრამპს $1 ტრილიონი დასჭირდება. The New York Times-ის მიერ ციტირებული შეფასებების მიხედვით, გადახდები ფედერალურ ბიუჯეტში დაახლოებით $2 ტრილიონის ოდენობის დეფიციტს და $40 ტრილიონის სახელმწიფო ვალს კიდევ უფრო გაზრდის.
გარდა $5,000-იანი ჩეკებისა, ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია დაახლოებით $500-ის ოდენობის ე.წ. „თანხის დაბრუნების“ ჩეკებსაც გასცემს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც, მისი თქმით, Obamacare-ის ფარგლებში ზედმეტად გადაიხადეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, თანხას 30 შტატში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი მიიღებს, რომლებიც ფედერალურ HealthCare.gov-სისტემას იყენებენ.
ტრამპს ამერიკელებისთვის პირდაპირი ფულადი დაპირება პრეზიდენტობის დაწყებიდან არაერთხელ გაუკეთებია, თუმცა არც ერთი მსგავსი ინიციატივა ამ დრომდე არ განხორციელებულა. პრეზიდენტი ასევე ხშირად აღნიშნავს, რომ მისმა სატარიფო პოლიტიკამ ამერიკისთვის დაახლოებით $300 მილიარდის შემოსავალი მოიტანა.
გასულ წელს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფებიდან მიღებული შემოსავლებით ამერიკელებისთვის $2,000-იანი თანხის დაბრუნების ჩეკების დაფინანსება იყო შესაძლებელი. თუმცა იელის უნივერსიტეტის შეფასებით, ასეთი ინიციატივის განსახორციელებლად ტარიფებიდან მიღებულ შემოსავალზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა იქნებოდა საჭირო.










