ნიუ-დელიში BRICS-ის ყოველწლიური სამიტი იწყება | მთავარი საკითხები

ნიუ-დელიში BRICS-ის ყოველწლიური სამიტი იწყება | მთავარი საკითხები

ფოტო: en.yenisafak.com

 

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში 12-13 სექტემბერს BRICS-ის ყოველწლიური, რიგით მე-18 სამიტი იმართება. BRICS-ში შემავალი 11 ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის, რუსეთის, ბრაზილიის, სამხრეთ აფრიკის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ირანისა და მასპინძელი ინდოეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელებენ. საუდის არაბეთი კი სამიტს მოწვეული წევრის სტატუსით დაესწრება.

ამერიკის შეერთებული შტატები BRICS-ის წევრი არაა, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის გავლენა ამ უქმე დღეებში გამართულ სამიტზე შესამჩნევი იქნება. ირანის ომი და თეთრი სახლის მხრიდან ტარიფების დაწესების მუდმივი საფრთხე ნავთობის გლობალურ ბაზარზე რყევების მიზეზად იქცა და მსოფლიო ეკონომიკის მომავალიც გაურკვეველი გახადა.

ამის მიუხედავადაც, დასავლური გამოცემები ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ BRICS-ის მიერ აშშ-ის მიმართ ერთობლივი განცხადების გამოქვეყნების შესაძლებლობას და ამის მიზეზად წევრ სახელმწიფოებში მკვეთრად განსხვავებულ ინტერესებს ასახელებენ. მაგალითად, ინდოეთი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების საბოლოო ეტაპზეა, ან არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც ირანის თავდასხმების სამიზნე გახდა.

წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა: „მდგრადობის, ინოვაციების, თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების გზით ინკლუზიური გლობალური ზრდის მომავლის შექმნა“. ინდოეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ყურადღება ეკონომიკურ მდგრადობაზე, განვითარებაზე, ტექნოლოგიებსა და გლობალური სამხრეთის ინტერესებზეა გამახვილებული.

სამიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გლობალური მმართველობისა და საერთაშორისო ინსტიტუტების რეფორმა იქნება. სახელმწიფოთა მეთაურები საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მულტილატერალიზმის გაძლიერებასა და განვითარებადი ქვეყნების როლის გაზრდას განიხილავენ. მათ შორის, BRICS-ის დღის წესრიგშია ისეთი ინსტიტუტების რეფორმა, როგორებიცაა გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.

მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების გაძლიერებას. BRICS-ის წევრები ცდილობენ, ჯგუფის შიგნით ეკონომიკური კავშირები გააღრმაონ და გლობალურ სავაჭრო სისტემაში უფრო ძლიერი პოზიცია დაიკავონ. მიმდინარე სამიტზე განიხილება BRICS-ის ლოგისტიკური და მიწოდების ჯაჭვების თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნაც.

განსახილველ საკითხებს შორისაა ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოებაც. BRICS-ის წევრები ენერგეტიკული რესურსების მიწოდების სტაბილურობას, სოფლის მეურნეობაში თანამშრომლობასა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას განიხილავენ. ინდოეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაციებიც. განიხილება BRICS-ის ინკუბატორთა ქსელის — რომელიც წევრი ქვეყნების სტარტაპებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დააკავშირებს — ასევე, BRICS-ის სტარტაპების საინოვაციო ფონდის შექმნა.

BRICS-ის დღის წესრიგში ასევე რჩება საერთაშორისო გადახდების გამარტივება და დოლარზე დამოკიდებულების შემცირება. თუმცა ამ ინიციატივას აქტიურ წინააღმდეგობას უწევს ამერიკის შეერთებული შტატები. მათ შორის, გასულ წელს ტრამპი BRICS-ის სახელმწიფოებს 100%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბლოკი აშშ დოლარის კონკურენტ ვალუტას შემოიღებდა.

სამიტის ეკონომიკურ დღის წესრიგს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხებიც დაემატება. მეთაურები განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს, მათ შორის, აშშ-ისა და ისრაელის დაპირისპირებას ირანთან, ასევე უკრაინის ომს. საინტერესოა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნიუ-დელიში უკვე ჩავიდა. მას აეროპორტში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კირტი ვარდჰან სინგჰი და ოფიციალური დელეგაცია დახვდნენ.

პუტინი ინდოეთს ბოლოს 2025 წლის დეკემბერში ეწვია, თუმცა მოდის მიმდინარე წლის სექტემბერში ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შეხვდა. ამასთან, საინტერესოა, რომ ამ თვეში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი კიევში იმყოფებოდა. ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდოეთს „ამ უსამართლო ომის დასრულებისადმი ერთგული“ ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

მოდისთან შეხვედრას გეგმავს ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანიც, რომლისთვისაც ეს ინდოეთში პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება. მისი მონაწილეობა კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს BRICS-ის დღის წესრიგის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად აქცევს.

ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობები

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ინდოეთში დაგეგმილი ვიზიტი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ხელშემწყობად მიიჩნევა. თუმცა, როგორც გამოცემა Reuters-ი წერს, ამ ეტაპზე ნაკლებადაა ნიშნები იმისა, რომ ამ შეხვედრების წყალობით, მხარეებს შორის ბიზნესკავშირებიც ანალოგიურად გაძლიერდება.

სი ძინპინისთვის ეს უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში პირველი ვიზიტია. ჩინეთის პრეზიდენტი ქვეყანას BRICS-ის ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვევა. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, გამართავს თუ არა პირისპირ შეხვედრას ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან. თუმცა ორმხრივ ფორმატში შეხვედრა ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომი მიმართულების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები უკვე ათწლეულებია, რაც დაძაბულ ფაზაშია. 1962 წელს ქვეყნები ხანმოკლე ომშიც ჩაერთვნენ, ხოლო 2020 წელს, საქსაიჩინის სადავო რეგიონის გამო, ინდოეთსა და ჩინეთს შორის სასაზღვრო შეტაკებას ოცი ინდოელი და ოთხი ჩინელი სამხედრო ემსხვერპლა.

ვითარება შედარებით გაუმჯობესდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოდი გასულ წელს ჩინეთს ეწვია. ამასთან, ორივე ქვეყანა აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესებისა და სავაჭრო პოლიტიკის ცვლილების ფონზე თანამშრომლობის გაძლიერებითაა დაინტერესებული.

ინდოეთმა მარტში ჩინურ ინვესტიციებზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილიც შეამსუბუქა — ცვლილებები, ძირითადად, ელექტრონიკისა და მზის ელემენტების სექტორებს შეეხო. ამის მიუხედავადაც, Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყნებს შორის „ნდობის კრიზისი“ კვლავ მაღალ დონეზეა.