ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსებიდან 10 წელს აღნიშნავს. 2016 წელს შექმნილმა BTU-მ ათწლეულის განმავლობაში განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებით მასშტაბური პროექტები განახორციელა და ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა.
10 წლის განმავლობაში BTU-ში ჩაირიცხა 13 680 სტუდენტი, უნივერსიტეტი დაამთავრა 3 500-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა, ხოლო აკადემიური და მოწვეული პერსონალის რაოდენობამ 350-ს მიაღწია. დღეს უნივერსიტეტში 16 აკრედიტებული საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა მოქმედებს.
BTU-ს საგანმანათლებლო მოდელი ეფუძნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციას, საერთაშორისო სტანდარტებსა და ინდუსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობას. უნივერსიტეტის სასწავლო, კვლევით და მართვის პროცესში აქტიურად ინერგება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უნივერსიტეტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. BTU-ში შექმნილია ინოვაციური ანალიტიკური პლატფორმა BTUAI, უმსხვილესი ქართული ციფრული ცოდნის ბანკი, სტუდენტების და პროფესორების AI ასისტენტები და სხვა. უნივერსიტეტის საერთაშორისო ინიციატივა AI4Globe UNESCO-მ მეცნიერების საერთაშორისო ათწლეულის გავლენიან ინიციატივად აღიარა.
10 წლის განმავლობაში უნივერსიტეტში განხორციელდა დაახლოებით 170 საერთაშორისო პროექტი, რომელთა ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 10 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა სრულად დაფინანსებული განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებით ისარგებლა. BTU-ს ჰყავს 100-ზე მეტი, სმოფლიოს მოწინავე პარტნიორი უნივერსიტეტი. მათთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება გაცვლითი პროგრამები, შეიქმნა შვიდი ორმაგი სადიპლომო პროგრამა და საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობებით ისარგებლა ასობით სტუდენტმა და პროფესორმა.
შთამბეჭდავია უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობა – პუბლიკაციები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში, მონაწილეობა საერთაშორისო კვლევით პროექტებში, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უპრეცედენტო კვლევითი პლატფორმის შექმნა და სხვა მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელთა საფუძველზეც BTU მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეპუტაციული და გავლენიანი კვლევითი ცენტრის – CERN-ის წევრი გახდა.
უნივერსიტეტის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებებია ქალთა ეკონომიკური და ტექნოლოგიური გაძლიერება, ბავშვებისა და მოზარდებისთვის ციფრული წიგნიერების დონის ამაღლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მდგრადი განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები და სხვა პროექტები, რომელთა ფარგლებში 10 წლის განმავლობაში ათიათასობით მონაწილემ ისარგებლა. აღნიშნული ინიციატივებით BTU რეგიონის ერთ-ერთი მოწინავე ინსტიტუციაა ციფრული ეკოსისტემის განვითარების, ინკლუზიური საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა შექმნა სრულიად ახალი, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა. ქალაქის ცენტრში აშენდა ორი კამპუსი, რომლებიც აერთიანებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ აუდიტორიებს, სასწავლო და კვლევით ლაბორატორიებს, კარიერულ, სამეწარმეო და კვლევით ცენტრებს, ბიბლიოთეკებსა და მრავალფუნქციურ სივრცეებს. 2026 წელს BTU-მ ასევე დააფუძნა სტუდენტთა საგრანტო ფონდი, რომელიც სტუდენტების მხარდაჭერისა და მათი აკადემიური განვითარების ხელშეწყობას ემსახურება.
ათი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებით BTU განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. უნივერსიტეტის ამბიციაა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში იქცეს განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების გლობალურ ლიდერად, შექმნას მომავლის უნივერსიტეტის ახალი მოდელი და განსაზღვროს უმაღლესი განათლების განვითარების ახალი სტანდარტი რეგიონსა და მსოფლიოში.
S









