საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანია SOCAR Georgia Petroleum–მა, რომელიც ქვეყანაში 30,000-მდე მომხმარებელს ემსახურება, Italiana Petroli-ის აქციები თითქმის სრულად შეიძინა და იტალიიდან საწვავის შემოტანაც დაიწყო. კომპანიის დირექტორი, ნოდარ ყანჩაველი Forbes Georgia-სთან განმარტავს, რომ ეს ნაბიჯი მომარაგების წყაროების დივერსიფიკაციის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია.
ავტორი: კახი ჩაკვეტაძე
რატომ დაიწყო SOCAR Georgia Petroleum–მა საქართველოში იტალიიდან ბენზინის შემოტანა? რას ცვლის ეს კომპანიისთვის და რა კონკრეტულ საჭიროებას პასუხობს ეს გადაწყვეტილება?
იტალიიდან საწვავის შემოტანა არ ყოფილა გამოწვეული რომელიმე კონკრეტული მომწოდებლის შეფერხებით ან მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის ზრდით. მთავარი წინაპირობა იყო ის ახალი სტრატეგიული შესაძლებლობა, რომელიც Italiana Petroli-ის SOCAR Group-ში ინტეგრაციამ შექმნა.
SOCAR Georgia Petroleum-ისთვის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია მომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია. ენერგეტიკულ სექტორში მიწოდების საიმედოობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რაც უფრო მრავალფეროვანია მომარაგების პორტფელი, მით უფრო მოქნილად შეგვიძლია საერთაშორისო ფასების, ლოგისტიკური პირობებისა თუ სხვა გარე ფაქტორების ცვლილებაზე რეაგირება.
ამიტომ Italiana Petroli-დან პირველი პირდაპირი მიწოდება პირველ რიგში ნიშნავს ჩვენი მომარაგების სისტემის გაძლიერებას – ახალი ევროპული წყაროს დამატებას ისე, რომ არსებული მომწოდებლების ჩანაცვლება არ ხდება. ჩვენი მიზანია უფრო მოქნილი, კონკურენტული და დივერსიფიცირებული შესყიდვების პორტფელის შექმნა.
რას ცვლის იტალიიდან საწვავის იმპორტი საქართველოს ბაზრისთვის?
საქართველოს ბაზრისთვის ეს, პირველ რიგში, ნიშნავს საწვავის მიწოდების კიდევ ერთი ძლიერი ევროპული არხის გაჩენას. საუბარია EN 228 სტანდარტის შესაბამის საწვავზე და მომარაგების სისტემის დამატებით გაძლიერებაზე.
ბაზრისთვის მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ახალი გეოგრაფიული წყაროს დამატება, არამედ არჩევანის გაფართოებაც. როდესაც კომპანიას რამდენიმე კონკურენტული წყარო აქვს, მას შეუძლია უკეთ შეადაროს კომერციული პირობები, ლოგისტიკური ეფექტიანობა და რისკები და კონკრეტულ მომენტში ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღოს.
საბოლოოდ, ასეთი დივერსიფიკაცია ხელს უწყობს მიწოდების მდგრადობასა და კონკურენტუნარიანობას, რაც საქართველოს მსგავსი იმპორტზე დამოკიდებული ბაზრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პირველი პარტია 5,000 ტონას შეადგენს. უნდა ველოდოთ თუ არა იტალიიდან საწვავის რეგულარულ და უფრო მასშტაბურ იმპორტს? რამდენად არის შესაძლებელი მიწოდების გაზრდა?
პირველი 5,000 ტონა ერთჯერად სატესტო პარტიად არ უნდა განვიხილოთ. ეს იყო SOCAR Georgia Petroleum-სა და Italiana Petroli-ს შორის პირველი პირდაპირი კომერციული მიწოდება და უკვე ოქტომბერში დამატებით კიდევ 5,000 ტონა საწვავის მიღებას ველოდებით. შესაბამისად, თანამშრომლობა პრაქტიკულად უკვე გაგრძელების ეტაპზეა გადასული.
ამ ეტაპზე, თუმცა, ნაადრევია კონკრეტული პერიოდულობის ან მოცულობის განსაზღვრა. თითოეული შემდგომი მიწოდება დამოკიდებული იქნება მოთხოვნაზე, საერთაშორისო ფასებზე, პროდუქტის ხელმისაწვდომობასა და ლოგისტიკურ ეფექტიანობაზე.
საწვავის ბაზარზე მომხმარებლისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხები ფასი და ხარისხია. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მიწოდების ახალი წყაროს დამატებას საბოლოო მომხმარებელზე?
რაც შეეხება ფასს, არასწორი იქნება იმის თქმა, რომ იტალიიდან შემოტანილი საწვავი ავტომატურად უფრო იაფია ან უფრო ძვირი. საბოლოო ფასზე ერთდროულად მოქმედებს საერთაშორისო საბაზრო ფასები, ნავთობპროდუქტების კოტირებები, ლოგისტიკა, ვალუტის კურსი და სხვა ფაქტორები. ამიტომ ამ თანამშრომლობის მიზანი მხოლოდ ერთჯერადი საფასო უპირატესობის მიღება არ ყოფილა.
თუმცა ახალი წყაროს დამატება ზრდის ჩვენს არჩევანსა და მოქნილობას. რამდენიმე კონკურენტული წყაროს არსებობისას კომპანიას უკეთ შეუძლია როგორც კომერციული პირობების, ისე ლოგისტიკური რისკების შეფასება, რაც გრძელვადიან პერიოდში ბიზნესის ეფექტიანობას აძლიერებს.
ხარისხის მხრივ კი საუბარია EN 228 სტანდარტის შესაბამის პროდუქტზე. გარდა მომწოდებლის ხარისხის დადასტურებისა, საწვავი საქართველოში მიღების შემდეგაც გადის SOCAR-ის შიდა კონტროლს – კომპანია იყენებს მრავალსაფეხურიან ლაბორატორიულ სისტემას, რომელიც პროდუქტის მიღებას, შენახვას, ტრანსპორტირებასა და საბოლოო მიწოდებას მოიცავს.
SOCAR-ის პირველი უცხოური ბაზარი სწორედ საქართველო იყო. დღეს, როცა ჯგუფი ევროპაში კიდევ უფრო ფართოვდება, როგორ ხედავთ საქართველოს როლს SOCAR-ის საერთაშორისო ქსელში?
საქართველოს ნამდვილად განსაკუთრებული ადგილი აქვს SOCAR-ის საერთაშორისო განვითარების ისტორიაში. 2006 წელს სწორედ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც SOCAR-მა პირველი ბრენდირებული ავტოგასამართი სადგური გახსნა.
დღეს SOCAR Georgia Petroleum მხოლოდ საწვავის საცალო რეალიზაციასთან აღარ ასოცირდება. ჩვენ ვავითარებთ WayMart-ის ქსელს, ელექტრომობილების დამუხტვის ინფრასტრუქტურას, ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებსა და მზის ენერგიის გამოყენებას. ეს პროცესი აჩვენებს, რომ კომპანია ტრადიციული საწვავის მიმწოდებლიდან უფრო ფართო ენერგეტიკულ კომპანიად ვითარდება.
ამ ფონზე საინტერესოა კიდევ ერთი კავშირი: საქართველო SOCAR-ის პირველი საერთაშორისო ბაზარი იყო, Italiana Petroli კი ჯგუფის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ახალი ევროპული ინვესტიციაა. დღეს ამ ორ ბაზარს უკვე პირდაპირი კომერციული თანამშრომლობაც აკავშირებს. ჩვენი ხედვით, საქართველოს როლი სწორედ ასეთია – იყოს ბაზარი, სადაც SOCAR Group-ის საერთაშორისო შესაძლებლობები პრაქტიკულ ბიზნესგადაწყვეტილებებად გარდაიქმნება.
გლობალური ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზარი წელს საკმაოდ მერყევია. რამდენად ცვლის ასეთი გარემო SOCAR-ის შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიას?
საერთაშორისო ბაზრის მერყეობა კიდევ უფრო ზრდის მოქნილი და დივერსიფიცირებული მომარაგების სისტემის მნიშვნელობას. საწვავის შესყიდვის სტრუქტურა მუდმივად დამოკიდებულია ბაზრის პირობებზე, მოთხოვნაზე, პროდუქტის ხელმისაწვდომობაზე, საერთაშორისო ფასებსა და ლოგისტიკურ ეფექტიანობაზე.
სწორედ ამიტომ ჩვენი მიდგომაა, მაქსიმალურად არ ვიყოთ დამოკიდებული რომელიმე ერთ წყაროზე. რაც უფრო ფართოა მომარაგების პორტფელი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს სხვადასხვა ალტერნატივა შევადაროთ და ბაზრის კონკრეტულ ვითარებაში ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღოთ.
ასეთ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამი კომპონენტის ბალანსი – ხარისხი, მიწოდების საიმედოობა და კომერციული ეფექტიანობა. სწორედ ამ პრინციპით უნდა შეფასდეს როგორც შესყიდვების, ისე მარაგებისა და ლოგისტიკის მართვის გადაწყვეტილებები.
არის თუ არა Italiana Petroli-ის შეძენა და საქართველოში მისი რესურსების გამოყენება უბრალოდ საწვავის ახალი წყაროს დამატება, თუ ეს SOCAR-ისთვის უფრო დიდი სტრატეგიული ცვლილების დასაწყისია?
ამ პროცესს მხოლოდ საწვავის ახალი წყაროს დამატებად არ განვიხილავთ. საქართველოში პირველი 5,000 ტონა ბენზინის შემოტანა ერთ–ერთი კონკრეტული კომერციული შედეგია, თუმცა მის უკან გაცილებით ფართო შესაძლებლობა დგას – SOCAR Group-ის სხვადასხვა ბაზრის, ინფრასტრუქტურისა და სავაჭრო შესაძლებლობების ერთმანეთთან დაკავშირება.
საქართველოც ამ უფრო ფართო ცვლილების ნაწილია. ბოლო 20 წლის განმავლობაში აქ ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და კომპანიის როლი ეტაპობრივად იცვლება – ტრადიციული საწვავის მიმწოდებლიდან უფრო ფართო ენერგეტიკულ კომპანიად ვვითარდებით.
ამ კონტექსტში Italiana Petroli-ის შესაძლებლობების გამოყენება საქართველოში კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო ჯგუფის მასშტაბი რეალურ უპირატესობად გარდაიქმნას ადგილობრივი ბაზრისთვის.
რა იქნება SOCAR-ის მთავარი პრიორიტეტები საქართველოში მომდევნო 2–3 წლის განმავლობაში?
პირველი პრიორიტეტი იქნება საწვავის მომარაგების საიმედოობისა და ხარისხის შენარჩუნება, მათ შორის მომარაგების წყაროების შემდგომი დივერსიფიკაცია და SOCAR Group-ის საერთაშორისო შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება საქართველოს ბაზრისთვის.
ამასთან, გაგრძელდება მომხმარებლისთვის უფრო ფართო მომსახურების ეკოსისტემის განვითარება – WayMart-ის მიმართულება, ელექტრომობილების დამუხტვის ინფრასტრუქტურა, ენერგოეფექტური პროექტები და განახლებადი ენერგიის გამოყენება ჩვენს ობიექტებზე.
საბოლოო მიზანია, SOCAR საქართველოში კიდევ უფრო მეტად განვითარდეს არა მხოლოდ როგორც საწვავის მიმწოდებელი, არამედ როგორც თანამედროვე ენერგეტიკული კომპანია – ძლიერი საერთაშორისო ქსელით, სტაბილური მომარაგებით და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი სერვისებით.









