აშშ-მა რუსულ VTB Bank-ს ირანთან კავშირის გამო ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსულ VTB Bank-ს ირანთან კავშირის გამო ახალი სანქციები დაუწესა

ფოტო: Getty Images

 

აშშ-მა რუსეთის სიდიდით მეორე ბანკს, სახელმწიფო კონტროლქვეშ მყოფ VTB Bank-ს, ირანისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლაში დახმარების ბრალდებით ახალი სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, VTB-მ ბოლო სამი წლის განმავლობაში ირანში საბანკო ოფისები გახსნა, სანქცირებულ ირანულ ფინანსურ ინსტიტუტებთან კორესპონდენტული ურთიერთობები დაამყარა და რუსეთსა და ირანს შორის ვაჭრობისა და ფინანსური კოორდინაციის გასამარტივებლად ახალი ფინანსური არხების შექმნაში მონაწილეობდა.

უწყების ცნობით, ბანკმა ასევე შექმნა ირანული რიალისა და რუსული რუბლის ანგარიშსწორების სისტემა და ცდილობდა გაყინული ირანული აქტივების გადაადგილებას, რომელთა ღირებულებაც მილიარდობით დოლარს შეადგენს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, VTB-ის წინააღმდეგ ირანთან დაკავშირებული სანქციები დამატებით ზრდის მეორეული სანქციების რისკს იმ უცხოური ბანკებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც რუსულ ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობას გააგრძელებენ. VTB-ს აშშ-ის დოლარის ფინანსურ სისტემაზე წვდომა უკვე შეზღუდული აქვს 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში.

„VTB ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი სანქციების ქვეშ მყოფი ფინანსური ინსტიტუტია“, – განაცხადა სახაზინო დეპარტამენტმა.

აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ვაშინგტონი განაგრძობს იმ პირებისა და ორგანიზაციების გამოვლენასა და დასანქცირებას, რომლებიც ირანის რეჟიმს ფინანსურ, ტექნოლოგიურ ან სხვა სახის მხარდაჭერას უწევენ.

ახალი სანქციები აშშ-ის მიერ ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ნაწილია. ბოლო პერიოდში ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა თურქულ საინვესტიციო ბანკს და ზომები გაატარა ეგვიპტის Bank Misr-ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედი ფილიალების წინააღმდეგ, რის შედეგადაც მათ დოლარში ოპერირების შესაძლებლობა შეეზღუდათ.