„ადამიანი-ობობა: ახალი დღე“ ჩრდ. ამერიკის კინოგაქირავების ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსს უახლოვდება

„ადამიანი-ობობა: ახალი დღე“ ჩრდ. ამერიკის კინოგაქირავების ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსს უახლოვდება

ფოტო: Sony

 

„ადამიანი-ობობა: ახალი დღე“ ჩრდილოეთ ამერიკის კინოგაქირავების ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსის მოპოვებას უახლოვდება. გასულ უქმეებზე ფილმმა დამატებით $8.4 მილიონი გამოიმუშავა და „ვარსკვლავური ომები 7: ძალის გამოღვიძების“ რეკორდის მოხსნას მხოლოდ $1.4 მილიონი აშორებს.

Sony-ს ნამუშევარი კინოგაქირავებაში დაახლოებით შვიდი კვირის წინ ჩაეშვა. გასულ უქმეებზე ფილმი ადგილობრივ ბაზარზე მეორე ყველაზე შემოსავლიანი სურათი იყო, სანდრა ბალოკისა და ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით გადაღებული „პრაქტიკული მაგია 2“-ის შემდეგ. ამ უკანასკნელმა სადებიუტო უქმეებზე $30 მილიონი გამოიმუშავა.

ამ დროისთვის, „ადამიანი-ობობა: ახალი დღის“ შემოსავალი ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის კინოთეატრებში $935.2 მილიონს აღწევს. შედეგად, ფილმს ჩრდილოეთ ამერიკის ყველა დროის რეკორდის დასამყარებლად მხოლოდ $1.4 მილიონი სჭირდება. შედარებისთვის, „ვარსკვლავური ომების“ მეშვიდე ნაწილმა 2016 წელს შიდა გაქირავებაში $936.6 მილიონი გამოიმუშავა.

მსოფლიო მასშტაბით კი, „ადამიანი-ობობა: ახალი დღის“ შემოსავალმა უკვე $2.4 მილიარდს მიაღწია. თუმცა გლობალურად ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგში ის ორ ფილმს ჩამორჩება — ძმები რუსოების „შურისმაძიებლები: დასასრული“, რომელმაც 2019 წელს $2.8 მილიარდი გამოიმუშავა, და ჯეიმს კამერონის „ავატარი“, რომლის შემოსავალმაც 2009 წელს $2.9 მილიარდი შეადგინა.

ცნობისთვის, „ადამიანი-ობობას“ ბილეთების გაყიდვების დაახლოებით 62% საერთაშორისო ბაზრებზე მოდის. „შურისმაძიებლების“ ბოლო ნაწილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 69.3% იყო, ხოლო „ავატარის“ გაყიდებში — 73.1%.