რომელი ქვეყნებში იყენებენ AI-ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად?

რომელი ქვეყნებში იყენებენ AI-ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად?

ფოტო: Adobe Stock

 

2025 წელს AI-ვებგვერდების გლობალურმა ტრაფიკმა 125.7 მილიარდს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 46%-ით მეტია. AI-ინსტრუმენტების ვებგვერდებზე ვიზიტების დაახლოებით მეხუთედი კი მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, მოდიოდა. კერძოდ, აშშ-ში AI-ვებსაიტებზე ტრაფიკმა 25.7 მილიარდი შეადგინა.

ონლაინ პლატფორმა Visual Capitalist-მა AITools.xyz-ის მონაცემებზე დაყრდნობით იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომელთა მოსახლეობაც AI-ინსტრუმენტებისთვის განკუთვნილ ვებგვერდებს ყველაზე დიდი სიხშირით იყენებს. AITools.xyz-ის მონაცემები 9,500-ზე მეტი AI-ინსტრუმენტის ვებსაიტზე SEMrush-ისა და Ahrefs-ის მიერ აღრიცხულ ტრაფიკს აერთიანებს.

მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ აღნიშნული რეიტინგი არა ვებგვერდის მომხმარებლების, არამედ ვიზიტების რაოდენობას ითვლის. მონაცემები ასევე არ მოიცავს მობილურ აპლიკაციებში განხორციელებულ სესიებს და მხოლოდ ვებგვერდების მონაცემებს ითვლის.

რეიტინგის უპირობო ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც AI-ინსტრუმენტების ვებსაიტებზე 2025 წელს დაახლოებით 25.7 მილიარდი ვიზიტი დაფიქსირდა. ეს კი გლობალური ტრაფიკის დაახლოებით მეხუთედია. აშშ-სა და მეორე ადგილზე მყოფ ინდოეთს შორის შესამჩნევი სხვაობაა. კონკრეტულად, აშშ-დან AI-ინსტრუმენტების ვებგვერდზე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ინდოეთის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

მესამე ადგილს კი ბრაზილია იკავებს — 2025 წელს AI-ინსტრუმენტების ვებგვერდებზე 7 მილიარდი ვიზიტით. შედეგად, მხოლოდ რეიტინგის პირველ სამეულზე — აშშ-ზე, ინდოეთსა და ბრაზილიაზე — მსოფლიო მასშტაბით AI-ინსტრუმენტების ვებგვერდებზე განხორციელებული ვიზიტების დაახლოებით 36.5% მოდის.

მაღალი შედეგები განსაკუთრებით თვალსაჩინოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში. ასეთებია ინდონეზია, რომელიც 3.7 მილიარდი ვიზიტით მეექვსე პოზიციას იკავებს, და ფილიპინები, მე-10 პოზიციაზე — 2.9 მილიარდით. ორივე ქვეყანა რეიტინგში მათზე უფრო დიდ და ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებს, მათ შორის იტალიას — 2.6 მილიარდი ვიზიტით, ესპანეთს — 2.5 მილიარდით და სამხრეთ კორეას — 2.3 მილიარდით, უსწრებს.

საინტერესოა, რომ რეიტინგში ჩინეთი მხოლოდ მე-15 ადგილს იკავებს, 2.4 მილიარდი ვიზიტით. ამ შედეგის მიზეზი დიდწილად თავად კვლევის მეთოდოლოგიაა. ჩინეთში ისეთი დასავლური AI-სერვისების ხელმისაწვდომობა, როგორიც, მაგალითად, ChatGPT, Gemini და Claude-ია, შეზღუდულია. ამავდროულად კი, ადგილობრივი სერვისები, მათ შორის DeepSeek-ი, Doubao და Quark-ი, მომხმარებლებს ძირითადად მობილური აპლიკაციების საშუალებით მიეწოდებათ.

თუმცა რეიტინგის შედეგები კიდევ უფრო შეიცვლება, თუ ქვეყნებთან მიმართებით AI-ის გამოყენების დონეს შევაფასებთ. შედეგად, გამოდის, რომ Microsoft-ის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები AI-ის გამოყენების მაჩვენებლით მხოლოდ 21-ე ადგილზეა — ქვეყანაში შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 31.3% AI-ს რეგულარულად იყენებს. შედარებისთვის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ეს მაჩვენებელი 70.1%-ს აღწევს.

ეს განსხვავება ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყნისთვის AI-ინსტრუმენტების ვებგვერდებზე ვიზიტების რაოდენობა და მოსახლეობაში AI-ის რეალური გავრცელება ერთი და იგივე მაჩვენებელი არაა.ვებსაიტების ტრაფიკზე გავლენას მოსახლეობის რაოდენობა, მომხმარებლების ქცევა, კონკრეტულ სერვისებზე წვდომა ახდენს და ასევე ის ფაქტი, თუ რამდენად ხშირად იყენებენ ადამიანები AI-ს უშუალოდ ვებგვერდის ან მობილური აპლიკაციის საშუალებით.

#ქვეყანავიზიტების რაოდენობაწილი გლობალურ მაჩვენებელში (%)
1 აშშ26.92 მილიარდი21.4%
2 ინდოეთი11.96 მილიარდი9.5%
3 ბრაზილია7.02 მილიარდი5.6%
4 გერმანია4.57 მილიარდი3.6%
5 გაერთიანებული სამეფო3.84 მილიარდი 3.1%
6 ინდონეზია3.66 მილიარდი2.9%
7 საფრანგეთი3.42 მილიარდი2.7%
8 იაპონია3.29 მილიარდი2.6%
9 კანადა2.96 მილიარდი2.4%
10 ფილიპინები2.93 მილიარდი2.3%
11 მექსიკა2.78 მილიარდი2.2%
12 ვიეტნამი2.67 მილიარდი2.1%
13 იტალია2.56 მილიარდი2.0%
14 ესპანეთი2.54 მილიარდი2.0%
15 ჩინეთი2.42 მილიარდი1.9%