Forbes Georgia
დაბალი საგადასახადო ტვირთით საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილზეა

„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მიხედვით, ეკონომიკის მიმართ საგადასახადო ტვირთით საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილზეა. საგადასახადო ტვირთი უფრო მსუბუქი 44 ქვეყანაშია.
აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრი „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი“ პერიოდულად აქვეყნებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს. აღნიშნული ინდექსის შემადგენელი ნაწილია საგადასახადო ტვირთი. ნაკლები ტვირთი მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას ნიშნავს. „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მონაცემები საშუალებას იძლევა, ქვეყნების რეიტინგი შედგეს საგადასახადო ტვირთის მიხედვით. ინფორმაციის წყარო სხვადასხვა კვლევა და ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებია. ქვეყნების ქულები 0-დან 100-მდე მერყეობს. მაღალი ქულა ნიშნავს, რომ ქვეყანაში საგადასახადო ტვირთი დაბალია.
ქვეყნის ქულის დათვლისას გათვალისწინებულია როგორც ფიზიკური პირებისა და კომპანიებისთვის დაწესებული ზღვრული საგადასახადო განაკვეთები, ასევე ქვეყანაში გადახდილი მთლიანი გადასახადების მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით. მოიცავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ გადასახადებს. საგადასახადო განაკვეთებიდან აღებულია ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის უმაღლესი ზღვრული განაკვეთი და მოგების გადასახადის უმაღლესი ზღვრული განაკვეთი. რაც უფრო მაღალია გადასახადის განაკვეთი ან მთლიანი საგადასახადო ტვირთი მშპ-ის მიმართ, მით უფრო დაბალია ქვეყნის ქულა.
საქართველო საგადასახადო ტვირთის რეიტინგში
საქართველო საგადასახადო ტვირთის რეიტინგში 45-ე ადგილზეა (182 ქვეყანას შორის) 87.8 ქულით. 2025 წელს საქართველო 39-ე ადგილზე იყო 89.1 ქულით. ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 1.3 პუნქტით შემცირდა. 2016-2025 წლებში საქართველო უფრო მაღალ პოზიციებზე იყო, ვიდრე 2026 წელს არის.
ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის უმაღლესი განაკვეთი 20%-ია, ხოლო მოგების გადასახადის 15%. ეს განაკვეთები ბოლო ათ წელიწადში არ შეცვლილა.
მთლიანი საგადასახადო ტვირთის მშპ-ის მიმართ მაჩვენებლის წყარო მსოფლიო ბანკია, რომლის მიხედვით 2024 წელს ეს მაჩვენებელი საქართველოში მშპ-ის 24.3% იყო, 2023 წელს კი 23.6%. სწორედ ამ მაჩვენებლის ზრდა გახდა „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ საქართველოს საგადასახადო ტვირთის ქულის შემცირებისა და რეიტინგში 6 საფეხურით ჩამოქვეითების მთავარი მიზეზი.
საქართველოს პოზიცია საგადასახადო ტვირთის რეიტინგში

ქვეყნები, სადაც საგადასახადო ტვირთი ყველაზე მაღალი ან დაბალია
დაბალი საგადასახადო ტვირთით რეიტინგში პირველ-მესამე ადგილს ბაჰრეინი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ინაწილებენ 99.9 ქულით. მომდევნო 3 ადგილზეც ნავთობით მდიდარი ქვეყნები არიან. ეს ქვეყნები ქვეყნის ბიუჯეტს ძირითადად ნავთობის გაყიდვით ავსებენ და ამიტომ მაღალ გადასახადებს არ აწესებენ. მაგალითად, საამიროებში საშემოსავლო გადასახადი არ არის დაწესებული, მოგების გადასახადი განაკვეთი კი 9%-ია, მთლიანი გადასახადებს მშპ-ის მიმართ 1%-მდეა.
გეოგრაფიულად საქართველოს მეზობელი ქვეყნები შემდეგ პოზიციებს იკავებენ:
- აზერბაიჯანი 42-ე ადგილი (87.9 ქულა)
- სომხეთი 47-ე ადგილი (87.2 ქულა)
- რუსეთი 71-ე ადგილი (81.9 ქულა)
- თურქეთი 136-ე ადგილი (72 ქულა)
ტოპ–10 ქვეყანა დაბალი საგადასახადო ტვირთით
| ქვეყანა | ქულა | |
| 1 | ბაჰრეინი | 99.9 |
| 2 | კატარი | 99.9 |
| 3 | საამიროები | 99.9 |
| 4 | საუდის არაბეთი | 99.2 |
| 5 | ქუვეითი | 97.7 |
| 6 | ომანი | 97.6 |
| 7 | ტიმორ-ლესტე | 97.1 |
| 8 | ვანუატუ | 96.9 |
| 9 | ბაჰამის კუნძულები | 96.1 |
| 10 | პარაგვაი | 95.9 |
წყარო: The Heritage Foundation
რეიტინგში ბოლო ადგილზე ჩრდილოეთი კორეაა 0 ქულით, ანუ ამ ქვეყანაში საგადასახადო ტვირთი ყველაზე მაღალია. ბოლოდან მეორეზე დანიაა 43.4 ქულით, ხოლო ბოლოდან მესამეზე ავსტრიაა 45.7 ქულით. დანიაში საშემოსავლო გადასახადის მაქსიმალური განაკვეთი 52%-ია, მოგების გადასახადი 22%-ია, მთლიანი გადასახადები მშპ–ის მიმართ 34%-მდეა.
ტოპ–10 ქვეყანა მაღალი საგადასახადო ტვირთით
| ქვეყანა | ქულა | |
| 1 | ჩრდილოეთი კორეა | 0 |
| 2 | დანია | 43.4 |
| 3 | ავსტრია | 45.7 |
| 4 | ბელგია | 50.6 |
| 5 | შვედეთი | 51.6 |
| 6 | კუბა | 51.9 |
| 7 | ნიდერლანდები | 54.0 |
| 8 | საფრანგეთი | 54.6 |
| 9 | სლოვენია | 55.5 |
| 10 | იტალია | 57.5 |
წყარო: The Heritage Foundation
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
