SpaceX-ის Starlink Mobile-ის ახალმა გარიგებამ ამერიკული მობილური ოპერატორების აქციები გააუფასურა

SpaceX-ის Starlink Mobile-ის ახალმა გარიგებამ ამერიკული მობილური ოპერატორების აქციები გააუფასურა

ფოტო: Jonathan Raa/NurPhoto via Getty Images

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ Starlink Mobile-ის მობილური კავშირის სერვისის გასაფართოებლად ახალი რესურსის შეძენის შესახებ გამოცხადებულმა შეთანხმებამ აშშ-ის სამი უმსხვილესი მობილური ოპერატორის აქციების ფასი შეამცირა. პარასკევს, წინასაბაზრო ვაჭრობისას, AT&T-ის, Verizon-ისა და T-Mobile-ის აქციები 6%-ზე მეტით გაუფასურდა.

SpaceX-მა განაცხადა, რომ საინვესტიციო კომპანია Grain Management-ისგან ქვეყნის მასშტაბით დაბალი სიხშირის რადიოსიხშირული რესურსის შეძენაზე შეთანხმდა. გარიგების დასრულებას აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) თანხმობა სჭირდება. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, SpaceX-ი ამ რესურსის სანაცვლოდ $8 მილიარდის ნაღდი ფულის გადახდას დათანხმდა. მხარეებს გარიგების ფინანსური პირობები ოფიციალურად არ გაუმჟღავნებიათ.

შეთანხმება SpaceX-ს 800 მეგაჰერცის (MHz) სიხშირულ დიაპაზონზე წვდომას მისცემს, რაც Starlink Mobile-ის დაფარვის არეალის გაფართოებას, მათ შორის შენობების შიგნით კავშირის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს. დაბალი სიხშირის სიგნალს უფრო დიდ მანძილზე გავრცელება და კედლებსა თუ სხვა დაბრკოლებებში უკეთ შეღწევა შეუძლია, მაღალი სიხშირის სიგნალისგან განსხვავებით.

SpaceX-ის განცხადებით, არსებული მობილური მოწყობილობების უმეტესობა 800 MHz-დიაპაზონს უკვე უჭერს მხარს. შესაბამისად, Starlink Mobile-ის მომხმარებლებს სერვისით სარგებლობისთვის შესაძლოა ახალი ტელეფონის შეძენა არ დასჭირდეთ. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა სერვისთან თავსებადი iPhone-ის უახლესი მოდელები, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც აღნიშნულ სიხშირეს უჭერეს მხარს.

სიახლის გავრცელების შემდეგ, დღეს წინასაბაზრო ვაჭრობაში, AT&T-ის აქციები 6.6%-ით, $23-მდე გაუფასურდა, Verizon-ის აქციების ფასი 7.23%-ით დაეცა და $43 შეადგინა, ხოლო T-Mobile-ის აქციების ფასი 6.79%-ით, $159.70-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში SpaceX-ის აქციების ღირებულება 3.6%-ით გაიზარდა და $166.40-ს მიაღწია, წინა დღეს დაფიქსირებული 4.19%-იანი ვარდნის შემდეგ.

SpaceX-მა ასევე განაცხადა, რომ FCC-მ Starlink Mobile-ის მეორე თაობის 15,000 ახალი თანამგზავრის გაშვების გეგმა დაამტკიცა. კომპანიის მტკიცებით, თანამგზავრები ჩვეულებრივ, შეუცვლელ მობილურ მოწყობილობებს მონაცემთა გადაცემის 100-ჯერ მეტ გამტარუნარიანობას შესთავაზებს, ვიდრე ამჟამინდელი თაობა. ახალი თანამგზავრები 2 გიგაჰერცის სიხშირულ დიაპაზონს გამოიყენებს, რომელიც SpaceX-მა გასულ წელს EchoStar-ისგან $17 მილიარდის ღირებულების გარიგების ფარგლებში შეიძინა.

აშშ-ის მობილური ოპერატორების ხელმძღვანელები აქამდე Starlink-ის მიერ მათთვის სერიოზული კონკურენციის გაწევის შესაძლებლობას სკეპტიკურად აფასებდნენ. მათი არგუმენტით, სატელიტური კავშირის ტექნოლოგიას გარკვეული შეზღუდვები აქვს, ხოლო ტრადიციული მობილური ქსელისგან განსხვავებით, ის მიწისზედა ინფრასტრუქტურას, მათ შორის საბაზო სადგურების ფართო ქსელს, არ ეყრდნობა.

მიუხედავად ოპერატორების სკეპტიციზმისა, დაბალი სიხშირის რესურსის შეძენა და ახალი თაობის თანამგზავრების გაშვების გეგმა მიუთითებს SpaceX-ის მცდელობაზე, გააფართოოს პირდაპირი სატელიტური კავშირი მობილურ მოწყობილობებთან და Starlink Mobile-ის დაფარვა გაზარდოს. გარიგების დასრულება და სერვისის რეალური შესაძლებლობები კი შესაბამის მარეგულირებელ გადაწყვეტილებებსა და ტექნოლოგიის შემდგომ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი