ფოტო: indiatimes.com
ბულგარეთში, შავი ზღვის სანაპიროსთან დრონებით ორ გემზე თავდასხმა განხორციელდა, რომელთაგან ერთი ჩაიძირა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსგავსი ტიპის მეორე ინციდენტია.
რადევის ინფორმაციით, მალტის დროშის ქვეშ მცურავი, უკრაინის კუთვნილი გემი Chelsea 3 ბულგარეთის სანაპიროდან დაახლოებით 18 საზღვაო მილის (33 კილომეტრის) დაშორებით, ღამის 1:30 საათზე, სამი დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა. გემზე ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა: შვიდი უკრაინელი და რვა აზერბაიჯანელი. ყველა მათგანი გადაარჩინეს. ეკიპაჟის ხუთ წევრს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა არცერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ ყოფილა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მეორე, ჩაძირული გემიდან ეკიპაჟის ერთი წევრიც გადაარჩინეს. ინციდენტზე პასუხისმგებელი მხარე ამ დროისთვის დადგენილი არ არის.
„ეს აბსოლუტურად მიუღებელია – კიდევ ერთი თავდასხმა ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებთან უშუალო სიახლოვეს“, – განაცხადა რადევმა სატელევიზიო მიმართვისას. მისი თქმით, ის NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან საუბარს გეგმავს, ასევე აპირებს რუსეთის ელჩის დაბარებასაც.
რადევის შეფასებით, თავდასხმის უკან მდგომი მხარის შესახებ მკაფიო მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა ინციდენტის შედეგი, მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ემსახურება.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









