ქვეყნები, რომელთაც IMF-ის ყველაზე დიდი ვალი აქვთ

ქვეყნები, რომელთაც IMF-ის ყველაზე დიდი ვალი აქვთ

ფოტო: Samuel Corum/Bloomberg

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი აქვს მინიჭებული. ორგანიზაცია მისი 191 წევრი ქვეყნის მდგრადი ზრდისა და კეთილდღეობის მისაღწევად მუშაობს. ის ამას აკეთებს ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული თანამშრომლობის ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერით, რაც აუცილებელია პროდუქტიულობის გაზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.

IMF-ს აქვს სამი მნიშვნელოვანი მისია: საერთაშორისო მონეტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა, ვაჭრობისა და ეკონომიკური ზრდის გაფართოების წახალისება და ისეთი პოლიტიკისთვის ხელის შეშლა, რომელიც ზიანს აყენებს კეთილდღეობას. ამ მისიების შესასრულებლად, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან და სხვა საერთაშორისო ორგანოებთან თანამშრომლობენ.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების განსახორციელებლად, ხშირად IMF-ი შესაბამისი საჭიროების მქონე სახელმწიფოებისათვის სესხებს გამოყოფს. არგენტინის განმეორებადი ფინანსური კრიზისებით დაწყებული და უკრაინის ომის პერიოდში დაფინანსების საჭიროებებით დამთავრებული, ეკონომიკური ზეწოლის ზრდისას, ქვეყნები დახმარებისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართავენ.

სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების სიას, რომელთაც IMF-ის ყველაზე დიდი ვალი აქვთ. ჩამონათვალი დაფუძნებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2026 წლის ოქტომბრის საკრედიტო მონაცემებზე.

აღნიშნულ სიაში პირველ ადგილზე არგენტინაა, რომლის ვალის მოცულობაც მომდევნო ექვსი სახელმწიფოს ჯამურ ვალსაც კი აღემატება. 2026 წლის ოქტომბრის მონაცემებით, არგენტინას IMF-ის $56.8-მილიარდიანი ვალი აქვს, რაც ქვეყნის მშპ-ის 8.2%-ს შეადგენს.

არგენტინის უჩვეულოდ დიდი საკრედიტო ბალანსი საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან სესხების აღების ხანგრძლივ ისტორიას ასახავს. 2018 წელს ქვეყანამ ვალუტის კრიზისის ფონზე რეკორდული $57-მილიარდიანი დაფინანსების შეთანხმება მოიპოვა, რასაც 2022 წელს კიდევ ერთი მსხვილი პროგრამა მოჰყვა.

მისი უახლესი შეთანხმება, რომელიც 2025 წლის აპრილში დამტკიცდა, $20 მილიარდის მოცულობის სესხს ითვალისწინებდა, მათ შორის $12 მილიარდის დაუყოვნებლივ გაცემას. პროგრამის მიზანი ეკონომიკის სტაბილიზაცია და სავალუტო რეზერვებისა და ინვესტორების ნდობის აღდგენა იყო.

არგენტინის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან განმეორებითი სესხება ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სავალუტო კრიზისებს, მაღალ ინფლაციასა და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე შეზღუდულ წვდომას ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ 2000-იან წლებში ყოფილი პრეზიდენტის, ნესტორ კირშნერის დროს, ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი მთლიანად დაფარა, 2018 წელს არგენტინა საგანგებო დაფინანსებისთვის კვლავ IMF-ს დაუბრუნდა.

ეკონომიკის რეცესიამ, ვალუტის გაუფასურებამ და გადახდის ვალდებულებების შესრულების სირთულეებმა კი შემდგომი მოლაპარაკებები და 2022 წელს ახალი შეთანხმების გაფორმება გამოიწვია.

პრეზიდენტ ხავიერ მილეის დროს არგენტინამ ხარჯების შემცირება განაგრძო და ფისკალური დისციპლინა და უფრო მოქნილი გაცვლითი კურსის სისტემა შემოიღო. IMF-თან 2025 წლის შეთანხმებამ ამ რეფორმებს მხარი დაუჭირა, 2026 წელს კი კიდევ $1-მილიარდიანი დაფინანსება მოაპოვებინა.

სიაში მეორე პოზიციას ომში მყოფი უკრაინა იკავებს. ევროპის კონტინენტის უდიდეს სახელმწიფოს IMF-ის $14.4-მილიარდიანი ვალი აქვს. უკრაინის სესხის მოცულობა სრულად ასახავს ომით გამოწვეული ხარჯების სიმძიმეს. ომმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, შეაფერხა ბიზნესი და თითქმის გაანულა სამთავრობო შემოსავლები, რამაც ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო დახმარება აუცილებელი გახადა.

2026 წლის თებერვალში უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი, $8.1-მილიარდიანი პროგრამა მიიღო. აღნიშნული პროგრამა $136.5 მილიარდის მოცულობის უფრო ფართო საერთაშორისო დახმარების პაკეტის ნაწილია. დაფინანსება განკუთვნილია ომის დროს ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად, ამავდროულად რეკონსტრუქციისა და ქალაქების აღდგენითი სამუშაოებისთვის.

IMF-ის მიმართ მესამე ყველაზე დიდი ვალის მქონე სახელმწიფო პაკისტანია ($10.8 მილიარდი). პაკისტანის შემთხვევაში არსებული მრავალწლიანი გამოწვევები სხვა სახისაა. მათ შორისაა გადასახადების აკრეფის დაბალი მაჩვენებელი, უცხოური ვალუტის დეფიციტი და ენერგეტიკის სექტორის ვალები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი რეფორმები ფოკუსირებულია საგადასახადო ბაზის გაფართოებაზე, უცხოური ვალუტის რეზერვების აღდგენასა და საჯარო ფინანსების გაუმჯობესებაზე. 2026 წლის მაისში პროგრამის კიდევ ერთმა მიმოხილვამ პაკისტანს დაახლოებით $1.3 მილიარდის მოცულობის დაფინანსება მოუტანა.

ცნობისათვის, საქართველოს მიერ IMF-თან აღებული საკრედიტო ვალდებულება 2026 წლის ოქტომბრის მონაცემებით, $283 მილიონს შეადგენს.

#ქვეყანაIMF-ის მიმართ ვალი 2026 წელსვალის წილი მშპ-სთან მიმართებით 
1არგენტინა$56.8 მლრდ8.2%
2უკრაინა$14.4 მლრდ6.4%
3პაკისტანი$10.8 მლრდ2.4%
4ეგვიპტე$10.6 მლრდ2.5%
5ეკვადორი$9.4 მლრდ6.8%
6კოტ-დ’ივუარი$5.6 მლრდ5.0%
7განა$4.0 მლრდ3.4%
8ბანგლადეში$3.9 მლრდ0.8%
9კენია$3.8 მლრდ2.6%
10კონგოს დემ. რესპ.$3.3 მლრდ2.7%
11შრი-ლანკა$3.0 მლრდ2.7%
12ანგოლა$2.9 მლრდ1.9%
13ეთიოპია$2.8 მლრდ2.3%
14კოსტა-რიკა$2.4 მლრდ2.1%
15იორდანია$2.3 მლრდ3.6%

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.