2025 წელს Tesla-ში მასკის ანაზღაურებამ თანამშრომლების მედიანურ ხელფასზე 2.5 მილიონჯერ მეტი შეადგინა

2025 წელს Tesla-ში მასკის ანაზღაურებამ თანამშრომლების მედიანურ ხელფასზე 2.5 მილიონჯერ მეტი შეადგინა

ფოტო: Finn Gomez / Getty Images

 

2025 წელს Tesla-ში ილონ მასკის ანაზღაურებამ, კომპანიის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, დაახლოებით $158.4 მილიარდი შეადგინა. ეს თანხა კომპანიის თანამშრომლების მედიანურ წლიურ ანაზღაურებას 2.5 მილიონჯერ აღემატება. თუმცა მასკის ანაზღაურება მთლიანად აქციებზეა მიბმული და მისი სრულად მიღება კონკრეტული ფინანსური და საოპერაციო მიზნების შესრულებაზეა დამოკიდებული.

ორშაბათს წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, თანხა მოიცავს აღმასრულებელი დირექტორის შედეგებზე დაფუძნებულ მაქსიმალურ კომპენსაციას, $132.3 მილიარდს და შუალედურ ჯილდოს, $26.1 მილიარდს.

2025 წელს Tesla-ს თანამშრომლების მედიანურმა წლიურმა ანაზღაურებამ, აღმასრულებელი დირექტორის კატეგორიის გაუთვალისწინებლად, $62,786 შეადგინა. მონაცემები 135,623 თანამშრომელს მოიცავს. ეს მაჩვენებელი 2024 წლის $57,243-თან და 2023 წლის $45,811-თან შედარებით გაზრდილია, თუმცა მასკის ანაზღაურებასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი რჩება.

Tesla-ს დოკუმენტის მიხედვით, მასკმა 21 აპრილს კომპანიისგან შუალედურ ჯილდოზე უარი თქვა. დირექტორთა საბჭომ ეს ჯილდო 2025 წლის აგვისტოში 96 მილიონი შეზღუდული აქციის სახით დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც დელავერის შტატის უზენაესმა სასამართლომ მასკის 2018 წლის ანაზღაურების პაკეტი აღადგინა.

16 ივნისს მასკმა 2018 წლის პაკეტით გათვალისწინებული 303,960,630 ოფციონი სრულად გამოიყენა, თითო აქციაზე $23.34 ფასად. ოპერაციისთვის საჭირო თანხის ნაცვლად, Tesla-მ 17,531,857 აქცია დააკავა, ხოლო დარჩენილი 286,428,773 აქცია მასკისთვის შეზღუდული სტატუსით დატოვა. ეს აქციები მას 2028 წლის იანვარში უნდა გადაეცეს.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში მასკის 2025 წლის ანაზღაურება $158.4 მილიარდად არის შეფასებული, რეალურად მისაღები თანხა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა მეთოდოლოგიით ითვლება ანაზღაურება. SEC-ის მოთხოვნებით განსაზღვრული მეთოდით, 2025 წელს მასკისთვის ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურება $10.37 მილიარდს შეადგენდა. ამასთან, Tesla-ს მიერ გამოყენებული რეალურად მიღებული ანაზღაურების მეთოდოლოგიით მაჩვენებელი ნულის ტოლია, რადგან მასკი ტრადიციულ ხელფასს არ იღებს და 2025 წელს აქციები არ გამოუყენებია.

Tesla-მ მასკისთვის გამოყოფილ 423,743,904 შეზღუდულ აქციას 12 საბაზრო კაპიტალიზაციისა და საოპერაციო მიზანი დაუკავშირა. მათ შორისაა კომპანიის საბაზრო ღირებულების $2 ტრილიონიდან $8.5 ტრილიონამდე გაზრდა. დოკუმენტის თანახმად, ამ მიზნებიდან ჯერ შესრულებული არცერთი არ არის.

ისტორიულად, მასკის საბაზისო ხელფასი კალიფორნიის შტატში მინიმალური ხელფასის მოთხოვნებს შეესაბამებოდა, თუმცა მას ეს თანხა არასდროს მიუღია. 2019 წელს, მისი მოთხოვნით, კომპანიამ ხელფასი საერთოდ გაუუქმა. შედეგად, მასკის ანაზღაურება Tesla-სგან მთლიანად აქციებზეა დამოკიდებული.

მასკის 2018 წლის ანაზღაურების პაკეტი 2024 წლის იანვარში დელავერის შტატის სასამართლომ გააუქმა. სასამართლოს შეფასებით, პაკეტის დამტკიცების პროცესი მასკის გავლენის ქვეშ მიმდინარეობდა და კომპანიის მინორიტარი აქციონერების მიმართ სამართლიანი არ იყო. თუმცა 2025 წლის დეკემბერში დელავერის უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება სრულად გააუქმა და დაასკვნა, რომ გამოყენებული სამართლებრივი ზომა შეუსაბამო იყო. ამ გადაწყვეტილებამ მასკს საშუალება მისცა, მიეღო იმ მიზნებთან დაკავშირებული აქციები, რომელთა შესრულებაც კომპანიამ წინა ექვსი წლის განმავლობაში შეძლო.

Tesla მესამე კვარტლის ფინანსურ შედეგებს ოთხშაბათს, საფონდო ბაზრის დახურვის შემდეგ გამოაქვეყნებს. ინვესტორებისთვის ანგარიშს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მიმდინარე თვის დასაწყისში კომპანიამ მესამე კვარტალში ავტომობილების მიწოდების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებმაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიამ მსოფლიოში მომხმარებლებს 486,532 ავტომობილი მიაწოდა. Tesla-ს მეოთხე კვარტალში მინიმუმ 311,448 ავტომობილის მიწოდება დასჭირდება, რათა გაყიდვების ზედიზედ მესამე წლიური შემცირება თავიდან აიცილოს.

Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, მასკის ქონება $934.8 მილიარდად არის შეფასებული. ის Tesla-ს დაახლოებით 11%-ს ფლობს. ამასთან, SpaceX-ში მისი წილი 38%-ს შეადგენს, რის გამოც მისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ორი კომპანიის აქციების ღირებულებაზეა დამოკიდებული.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი