Photo Illustration by Thomas Fuller/SOPA Images/LightRocket via Getty Images
ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ში ინტეგრირებული ფინანსური სერვისი X Money მომხმარებლებს რეგისტრაციისთვის $5-იან ბონუსს სთავაზობს. თუმცა შეთავაზებამ მომხმარებლების ნაწილი ვერ დაარწმუნა. ისინი პირადი ინფორმაციის, მათ შორის სოციალური უსაფრთხოების ნომრის ბოლო ოთხი ციფრის, გაზიარებასთან დაკავშირებულ რისკზე საუბრობენ.
გასული კვირის ბოლოს X-ის მომხმარებლებმა შეტყობინებების მიღება დაიწყეს, რომელთა მიხედვითაც, X Money მათ $5-ს ურიცხავდა. შეტყობინებაზე თითის დაჭერის შემდეგ მომხმარებლები სერვისის რეგისტრაციის გვერდზე გადადიან, სადაც მათ იურიდიული სახელის, მისამართისა და სოციალური უსაფრთხოების ნომრის ბოლო ოთხი ციფრის მითითება მოეთხოვებათ. ბონუსის მიღება მხოლოდ ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ არის შესაძლებელი.
შეთავაზებას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოპულარულ პოსტში მომხმარებელმა დაწერა, რომ $5-ის სანაცვლოდ სოციალური უსაფრთხოების ნომერს არ გააზიარებდა. პოსტმა დაახლოებით 13,000 მოწონება და თითქმის 900,000 ნახვა დააგროვა. სხვა პოსტში, რომელსაც 500,000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა, მომხმარებლებს მოუწოდეს, ამ თანხის გამო რეგისტრაცია არ გაევლოთ.
ამავდროულად, X Money-ის თანამშრომელმა, რომელიც მანამდე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ინჟინერია, მომხმარებლებს სერვისით სარგებლობის პირველი გამოცდილების შესახებ ჰკითხა. ნაწილმა ბონუსი დადებითად შეაფასა, სხვებმა კი დამატებითი ფუნქციების დანერგვა მოითხოვეს. მათ შორის იყო გადახდის ბმულების გაგზავნის შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც X Money-ს არ იყენებენ.
X Money ზაფხულში ამოქმედდა. სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ თანხის პირდაპირი გადარიცხვები ერთმანეთთან, მიიღონ ხელფასი პირდაპირ ანგარიშზე და ისარგებლონ X Visa-ბარათით, რომელიც თანხის ნაწილის უკან დაბრუნების შეთავაზებებს ითვალისწინებს. პლატფორმის პრემიუმ-მომხმარებლებს ანგარიშის ნაშთზე უფრო მაღალი წლიური სარგებლის მიღებაც შეუძლიათ.
ფინანსური სერვისის განვითარება მასკის მიზნის ნაწილია, X მრავალფუნქციურ აპლიკაციად აქციოს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები სხვადასხვა ყოველდღიური მომსახურებით ისარგებლებენ. თუმცა X Money-ს რამდენიმე შეზღუდვა აქვს, რამაც შესაძლოა კონკურენტებთან შედარებით მისი მიმზიდველობა შეამციროს.
Venmo-ს, Cash App-ისა და Zelle-სგან განსხვავებით, X Money მომხმარებლის სოციალურ ქსელში არსებულ ანგარიშთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, X-ის ბავშვთა უსაფრთხოების, ძალადობრივი შინაარსისა თუ სიძულვილის შემცველი ორგანიზაციების შესახებ პოლიტიკის დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებელმა შესაძლოა ფინანსურ სერვისზე წვდომაც დაკარგოს. გარდა ამისა, X-ის ტექნიკური შეფერხების დროს შესაძლებელია დროებით წვდომა X Money-ზეც შეიზღუდოს. სოციალურ ქსელს მიმდინარე წლის განმავლობაში რამდენიმე მასშტაბური შეფერხება ჰქონდა, მათ შორის მარტში, როდესაც მასკმა პრობლემის მიზეზად კიბერშეტევა დაასახელა.
X Money-ის ფინანსურ ინფრასტრუქტურას Cross River Bank-ი უზრუნველყოფს. ბანკი აშშ-ის დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) წევრია, რაც, ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, შესაბამისი პირობების ფარგლებში მომხმარებლების თანხების სახელმწიფო დაზღვევას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, დღეს მასკმა განაცხადა, რომ 2027 წელს აშშ-ში მცხოვრებ ყველა ბავშვს მისი კოსმოსური და ხელოვნური ინტელექტის კომპანია SpaceX-ის თითო აქციას გადასცემს. ორშაბათ დილისთვის SpaceX-ის ერთი აქციის ფასი $150-ს შეადგენდა. თუ მასკი დაპირებას შეასრულებს, აქციების გადაცემის გზით მას დაახლოებით $10.8 მილიარდის გაღება მოუწევს. ამ დროისთვის უცნობია, როგორ აპირებს ის აქციების განაწილებას და რა კრიტერიუმებით განსაზღვრავს პროგრამის ბენეფიციარებს.
Forbes-ის შეფასებით, მოცემული დროისთვის მასკის ქონება $936.8 მილიარდს შეადგენს.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









