ზელენსკის თქმით, რუბიო უკრაინაში Starlink-ის შეფერხების საკითხის მოგვარებას დაჰპირდა

ზელენსკის თქმით, რუბიო უკრაინაში Starlink-ის შეფერხების საკითხის მოგვარებას დაჰპირდა

ფოტო: Getty Images

 

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უთხრა, რომ უკრაინაში Starlink-ის კავშირის სიჩქარის შეზღუდვების მოხსნაზე იმუშავებს. ზელენსკის თქმით, შეზღუდვები კვლავ მოქმედებს და უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებზე უარყოფითად აისახება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ოთხშაბათს Fox News-ის გადაცემაში „Fox & Friends“ ისაუბრა. მისი თქმით, რუბიომ პირობა დადო, რომ Starlink-ის მუშაობის შეფერხების საკითხის მოგვარებას შეეცდებოდა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინაში Starlink-ის ტერმინალების მუშაობის სიჩქარის შეზღუდვის გადაწყვეტილება ილონ მასკმა მიიღო. გამოცემის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ანონიმურად განუცხადეს, რომ გადაწყვეტილების ამოქმედებამდე საკითხი მასკმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განიხილეს.

თავად ილონ მასკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ Starlink-ის სიჩქარისა და გამოყენების ნებისმიერი შეზღუდვა აშშ-ის სამხედროების გადაწყვეტილებით წესდება. ტრამპმა კი ორშაბათს აღნიშნა, რომ არ იცოდა, ვინ იყო უკრაინაში კავშირის შენელებაზე პასუხისმგებელი.

ოთხშაბათს რუბიომ, რომელიც ამჟამად ინდოეთში იმყოფება, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში Starlink-ზე წვდომას მასკი და მისი კომპანია SpaceX-ი განსაზღვრავენ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ იცის, იყო თუ არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ეს გადაწყვეტილება წინასწარ ცნობილი.

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინაში Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვის შესახებ მითითება თეთრი სახლიდან მოდიოდა. გამოცემა ორ ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და ერთ დასავლელ მაღალჩინოსანს ეყრდნობოდა. თუმცა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ პრეზიდენტს მსგავსი მოთხოვნა არ გაუცია.

წაიკითხეთ ასევე: რა არის Starshield-ი, SpaceX-ის Starlink-ის სამხედრო ვერსია?

უკრაინაში Starlink-ის კავშირის შენელება დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ზელენსკის რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. ამასთან, აშშ-ში დიზელის საწვავის ფასი იზრდებოდა.

ზელენსკის განცხადებით, კავშირის სიჩქარის შეზღუდვის გამო უკრაინის ზოგიერთი შეტევითი და თავდაცვითი დრონი გამოუსადეგარი გახდა. აღსანიშნავია, რომ Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი უკრაინის სამხედრო ძალებისთვის კომუნიკაციისა და უპილოტო სისტემების მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.

დაძაბულობას წინ უძღოდა ტრამპის მიერ გამოცხადებული ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლაც. უკრაინის მტკიცებით, შეთანხმების გამოცხადების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები განაგრძო. ზელენსკიმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „აშკარა იყო, პუტინი Truth Social-ს არ კითხულობდა“. ეს ტრამპის სოციალური ქსელია, რომლის საშუალებითაც მან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

ტრამპმა, რომელმაც საწვავის ფასების შემცირების მიზნით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ზოგიერთი სანქცია შეამსუბუქა, გასულ კვირას ჟურნალისტებს უთხრა, რომ „დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს“.

ამავდროულად, Associated Press-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-სა და უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა. სააგენტო კრემლის ანონიმურ წარმომადგენელს ეყრდნობა, რომლის განცხადებითაც, მოლაპარაკებები 10 ნოემბრის შემდეგ შეიძლება განახლდეს.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი